“როდესაც მთელი გულით გსურს რამე მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში.”
პაოლო კოელიოს ალქიმიკოსის მიხედვით.
სანტიაგო ერთი უბრალო, ღარიბი მწყემსია, რომელსაც პატარა ცხვრის ფარის მეტი არაფერი გააჩნია ცხოვრებაში. ამ ბიჭმა მოხუცი მეფე მელქისედეკისაგან შეიტყო განძის შესახებ, რომელიც სადღაც ეგვიპტეში პირამიდებთან იყო დამარხული და მის საძებნელად გაეშურა. შეიძლება სასაცილოც არის დაიჯერო მონათხრობი ადამიანისა, რომელსაც იმ წუთამდე არც კი შეხვედრიხარ, მაგრამ სანტიაგოს დასაკარგი არაფერი ჰქონდა – ის ერთი პატარა მწყემსი ბიჭი იყო, რომელსაც ცხვრის ფარისა და ოცნებების მეტი არაფერი გააჩნდა.
მელქისედეკი და ალქიმიკოსი არიან გამოხატულება ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოდიან იმ მიზნით, რათა ჩვენი მიზანი და დანიშნულება გვაპოვნინონ.
რა მოხდებოდა თუ სანტიაგო არ დაუჯერებდა მელქისედეკს? ალბათ განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერი. იგი კვლავ ისე გააგრძელებდა ცხოვრებას,როგორც ადრე ცხოვრობდა, იოცნებებდა განძზე, რომლის არსებობას არასოდეს დაიჯერებდა და არც გამბედაობა ეყოფოდა მის მოსაძებნად. შეიძლება დროთა განმავლობაში, ბევრი შრომის წყალობით, ფარა გაემრავლებინა, მდიდარიც კი გამხდარიყო,მაგრამ…
მაგრამ მუდამ გაახსენდებოდა მოხუცი მელქისედეკი და განძი,რომელსაც შეეძლო მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეეცვალა. ყოველთვის ჩაესმებოდა საკუთარი უსიამოვნო და დამცინავი ხმა:
“სად წაიღე ის ოცნებები, ის ნიშნები, სასწაულის წამები, რომლითაც ასე გულუხვად დაგაჯილდოვა ღმერთმა?” და თავს აუცილებლად უბედურად იგრძნობდა, რადგან მიხვდებოდა რომ ამ სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებდა.
სწორედ ამის დასამტკიცებლად ახვედრებს ავტორი სანტიაგოსა და ბროლის ვაჭარს ერთმანეთს. მოგზაურობის დასაწყისში სანტიაგოს გაქურდავენ და იგი ყველაფერს დაკარგავს რაც კი ცხოვრებამ მისცა მატერიალურად – იგი თავს საშინლად გრძნობს. ასეთი რამ ცხოვრებისეულია და ყველა ჩვენთაგანმა შეიძლება გამოსცადოს, რადგან ცხოვრებაში ხშირად დგება პერიოდი, როდესაც გარკვეული წინააღმდეგობანი ძლიერად გვიბიძგებენ, რათა ჩვენს ოცნებაზე უარი ვთქვათ და ჩვენც ვემორჩილებით მათ.
ამის კარგი მაგალითია ბროლის ვაჭარი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ყოველთვის მატერიალური თვალსაზრისით იკავებდა თავს. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ხედავდა, თუ როგორ ახერხებდნენ ამას მასზე ნაკლებად შეძლებული ადამიანები.იგი სანტიაგოს უმხელს, რომ ეს არის ოცნება, რომელიც მისი ცხოვრების ერთფეროვან დღეებს ავსებს და ალამაზებს და მის გარეშე სიცოცხლეს აზრი დაეკარგება. ე.ი ბროლის ვაჭარი ამბობს, რომ თუ ამ ოცნებას აისრულებს აღარაფერი დარჩება იმისათვის, რომ ცხოვრება გააგრძელოს. ავტორი აშკარა სიმპათიით განგვაწყობს მის მიმართ, რადგან შედის მის მდგომარეობაში, ჩვეულებრივი მოკვდავის მდგომარეობაში, რომელიც ვერ აანალიზებს, რომ ცხოვრება მარტო არსებობისათვის ბრძოლა როდია, რომ ოცნებებს მეტი გასაქანი უნდა მივსცეთ და ისინიც არასოდეს დაგვტოვებენ მარტო …სწორედ ბროლის ვაჭრის შეხედულების გასაქარწყლებლად და ჩემი სიტყვების განსამტკიცებლად ჩნდება ნაწარმოებში ფატიმა. იგი არის სანტიაგოს მეორე დიდი ოცნება – მიზანი, რომელიც წინა ოცნებისათვის ბრძოლის პერიოდში უჩნდება.
ე.ი რა მოხდებოდა, თუ ბროლის ვაჭარი თავისი ოცნების განსახორციელებლად იბრძოლებდა, ეყოფოდა გამბედაობა იმისათვის, რომ მიეტოვებინა სახლი, ბიზნესი და აეხდინა ნანატრი სურვილი?
იგი აიხდენდა ამ ოცნებას, დაიკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობასა და სურვილს. მართალია აღარ ექნებოდა ისინი, მაგრამ შეიძენდა ცხოვრების ახალ აზრს (როგორც ეს სანტიაგომ გააკეთა) და სანანებელიც ნამდვილად არაფერი დარჩებოდა.
შეიძლება ბროლის ვაჭარსა და ნატვრის ხის პერსონაჟ ელიოზს შორისაც თამამად გაივლოს პარალელი. მათ ორივეს უყვართ თავიანთი ოცნება, იგი ორთავეს ერფეროვან ცხოვრებას უხალისებს და ავსებს, მაგრამ ბროლის ვაჭრისაგან განსხვავებით ელიოზი თავისი ოცნების განსახორციელებლად ბოლომდე იბრძვის, სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, იმედს არ კარგავს და თავისი მიზნისათვის კვდება. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ელიოზს ვაჭრისგან განსხვავებით არასოდეს აწუხებს იმაზე ფიქრი, რომ მან არაფერი გააკეთა თავისი ოცნებისათვის – ოცნების გარდა.
ბროლის ვაჭარი არის ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც შეიძლებოდა გამხდარიყო სანტიაგო, თუ მელქისედეკს არ დაუჯერებდა და თავისი ოცნების საძებნელად არ გაეშურებოდა. მაგრამ მან დაუჯერა მას, შეიყვარა და შეითვისა ოცნება განძზე, რომელიც თვალით არასოდეს უხილავს. ბიჭს გზაზე უამრავი გაჭირვება, იმედგაცრუება, ტკივილი და დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ არასოდეს დანებებია, რადგან საკუთარი სურვილის მწველი ხმა ამხნევებდა და ძალას მატებდა.
თუმცა აღმოჩნდა,რომ განძი ,რომელსაც ეძებდა თურმე იქ ყოფილა საიდანაც წამოვიდა. ის მოატყუეს. განა ალქიმიკოსმა და მელქისედეკმა არ იცოდნენ, რომ განძი პირამიდებთან არ იყო დაფლული?თუმცა ვთვლი, რომ მათ ამ ტყუილით სანტიაგოს უფრო მეტი შანსი მისცეს ვიდრე გამდიდრებაა! იგი აიძულეს,რომ ეს გზა გაევლო, საკუთარი თავის ერწმუნა, მიმხვდარიყო, რომ ,,ყველა ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამყაროს ისტორიაში’, რომ “როდესაც ნამდვილად გსურს რაღაც მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში”, რომ ჩვეულებრივ ადამიანსაც კი შეუძლია შესძლოს შეუძლებელი – მისწვდეს ერთი შეხედვით მიუწვდომელს! განა ამის გამოხატულება არაა , რომ სანტიაგო ქარად იქცევა?!
მას აუცილებლად უნდა ენახა პირამიდები, თუმცა მათი ნახვა არასოდეს ყოფილა მისი ოცნება. მას აუცილებლად უნდა დაეჯერებინა ის, რაც არცერთ ადამიანს არ სჯერა: ,,ჩვენ ვერასოდეს ვერ ვხვდებით, თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ საგანძურის!”. განა სანტიაგო დაიჯერებდა მელქისედეკს, რომ ეთქვა გუშინ სადაც ღამე გაათენე იქ არის განძიო! არ დაიჯერებდა, მაგრამ მაინც ნახავდა. და თუ ამას გააკეთებდა ხომ ძალიან ბევრს დაკარგავდა? მაგრამ სანტიაგო უნდა გამგზავრებულიყო, რათა ამ ყველაფერს მიმხვდარიყო…
უნდა მიმხვდარიყო, გაეანალიზებინა, თავისი მოქმედებებით განემტკიცებინა და რისთვის? ალბათ იმისათვის, რომ ავტორს ჩვენთვის ნათლად დაენახვებინა, რომ წარმატება და ბედნიერება, ოცნება და განძი ყოველთვის ჩვენშია და ჩვენს ხელშია. მათი რეალობად ქცევა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ მათ დანახვასა და დაჯერებას – თუ როგორ ვაქცევთ მათ ისეთ ძლიერ სურვილად და მიზნად, რომ სამყაროს მხოლოდ ერთადერთი არჩევანი დარჩეს– ხელი შეგვიწყოს მის განხორციელებაში…