5 აგვისტო
დიდი ხანია დასასვენებლად არ ვყოფილვარ,ამიტომ,როგორც კი დაიძრა ჩემი სამგზავრო მანქანა,მაშინათვე გავიღიმე.2 საათში უკვე საჩხერეში ვიყავი.მახათაური ჩემი ქმრის სოფელია.აქ მე არ მიცნობენ ჯერ.არც ხეებისთვის და მთებისთვის არ მომიყოლია ჩემი ამბები.აქ ყველაფრისთვის უცხო ვარ. აქ მთებმა ჯერ არ იციან,რომ დადუნა ვარ,რომ მიყვარს ფოთლები,ხეები და ადამიანები.
როდესაც ორი პატარა გყავს,რთულია განმარტოვდე და დღიურში ჩაწერო შენი განცდები და შთაბეჭდილებები,მაგრამ მე წერის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია,ამიტომ ცხოვრებას,ყოველდღიურ საქმეებს ვპარავ წუთებს და წამებს და უბის წიგნაკში ვიწერ ჩემს ამბებს.
აქ ადამიანები ძალიან ნამდვილები არიან.ისეთები არიან შენთანაც,როგორც თავიანთ სახლებში.ისინი არაფერს იგონებენ.ყოველდღიური ამბებით ცხოვრობენ.უყვართ დილით ყავა და საღამოობით დამღლელი დღეების მიუხედავად მთვარეს უყურებენ.აქ განსხავებულია ვარსკვლავებიც.ამაზე მერე გიამბობთ.ახლა ჩემი პატარა ტირის და უნდა გავიქცე.
6 აგვისტო
პეპელა პეპელას მიჰყვება,ყვანჩალა ყვავს – სწორედ ამაშია სამყაროს არსი – იპოვო გულის სწორი და ბედნიერი იყო.პატარა,როდესაც ვიყავი ვაწარმოებდი დღიურს,რომელშიც ვწერდი: დღეს დედამ და მე ვისეირნეთ პარკში,ნაყინი ვჭამეთ და ბევრი ვიცინეთ ე.ი მე უბრალო სიტყვებით ვწერდი,რომ ბედნიერი ვიყავი -სამყაროსაც ეს უნდოდა ვყოფილიყავი ბედნიერი.ბავშვები ყოველთვის ბედნიერები არიან.ზაფხულობით ბევრ ლიმონათს ვსვამენ და იცინიან.მათთვის ზაფხულის დღეები ჯადოსნურ წუთებად იქცევა მათ გონებაში და ეს დღეები ემახსოვრებათ მთელი ცხოვრება.
დღეს დილით პატარას რომ ვასეირნებდი ვფიქრობდი ქალებზე,რომლებიც სოფელში ცხოვრობენ.და მე მაინც მგონია,რომ არსად ისეთი ჩაფიქრებული არ არიან ქალები,როგორც სოფლად.ბევრი საზრუნავი – ოჯახი,ვენახი,ეზო-კარი ყველაფერი მათ კისერზეა.უკავიათ ხელში ბარი,თოხი,შრომობენ,შრომობენ და იშვიათად კითხულობენ..მე ვინატრებდი,რომ მათ სევდიან ხელებში ხშირად ეჭიროთ წიგნი და კითხულობდნენ ბევრს,რადგან წიგნებში წერია,როგორ უნდა გავაქროთ ჩვენი გულიდან სევდა.წიგნებში ყველაფერი წერია.და დაღლილი,ნაჯაფი ქალები გაჰყურებენ გზას,უამრავი მოვალეობით აქვთ სავსე სული და ფიქრობენ,რომ გზაზე ერთხელაც ჩამოივლის მათი იმედი,რომელიც შეიძლება იყოს ღმერთი,ჩიტი ან ადამიანი.თუმცა ბედნიერება თავად ადამიანშია და ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედს,თავად ვირჩევთ ვიკითხოთ წიგნები თუ არა..
7 აგვისტო
ზოგჯერ მუზები უბრალოდ ქრებიან და მარტო რჩები.სახლიდან გადიხარ,რადგან გინდა საკუთარ თავთან საუბარი,გინდა ისეთი რამე იპოვო სამყაროში,რაც გაფიქრებინებს,რომ ბედნიერი ადამიანი ხარ.სოფელში ერთი მთა აღმოვაჩინე დღეს და ეს მთა,თავისი სიმშვიდით და ყვავილებით გახდა ჩემი მეგობარი,ჩემი საყვარელი ადამიანები – დედა და მამა.აქ ოქროსფერი ხორბლის თავთავები მელიას კუდებივით ირხევიან ქარში და როდესაც ვუყურებ როგორ არხევს მათ ქარი,სიცოცხლეს ვგრძნობ.ეს არის ჩემთვის ბედნიერება.სამყაროში უამრავი საოცარი ადგილია,მაგრამ ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს მოვინახულებთ მხოლოდ.
გუშინ ვფიქრობდი,რომ სამყაროში არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები.მათ არაფერი უნდათ გარდა იმისა,რომ მოეფერო მათ სულს და ხელს – ხელი ჩაჰკიდო.მეც ასეთი ადამიანი ვარ,მხოლოდ სიყვარულით ვცხოვრობ.არ მინდოდა დამეწერა,მაგრამ გუშინ გავიგე რომ ჩვენმა მეზობელმა თავი მოიკლა.ალბათ მას არავინ შემოხვდა ცხოვრების გზაზე ისეთი, ვინც მის სულს მოეფერებოდა.ალბათ მას განსაკუთრებული სითბო სჭირდებოდა ადამიანებისგან.
მე კი როდესაც გზაზე ვარ და ათასი აზრი მომდის თავში,მინდა მალე გავუზიარო ისინი ფურცლებს.ჩემთვის ეს არის უდიდესი ბედნიერება.ისევ ირხევიან ხორბლის თავთავები ქარში.და ვიცი ამაოდ ამტკიცებენ ადამიანები,რომ ღმერთი არ არსებობს.მის გარეშე შეუძლებელია ასე საოცრად ირხეოდნენ ფოთლები ხეებზე.
8 აგვისტო
მეც ვიყავი ბავშვი და მხოლოდ წიგნების კითხვა მევალებოდა.ახლა თუ დღეში,მხოლოდ იმას ვახერხებ რომ 20 წუთი ვიკითხო მხოლოდ, ბავშობაში, მთელი ზაფხული წიგნების კითხვას ვანდომებდი.ბიბლიოთეკიდან მომქონდა ყოველ ოთხშაბათს წიგნები და ბედნიერი ვიყავი.წიგნებს კი რუსუდან მასწავლებელი გვირჩევდა წასაკითხად.სულ ზეპირად მახსოვს,რომელ წიგნებზე მიგვითითებდა,ზეპირად მახსოვს წიგნის სიუჟეტები და ზაფხულის თბილი დღეები.კითხვა რუსუდან მასწავლებელმა შემაყვარა – დედოფალმა,ადამიანმა,რომელიც ისევე საუკუნოდ იცოცხლებს როგორც ვაჟა და ილია,როგორც მისი საყვარელი გალაკტიონი.რადგან მან თავისი წილი სიყვარული ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააქსოვა.ამიტომ თითოეული წიგნის ფურცელს რომელიც წამიკითხავს დღემდე ახსოვს რუსუდან მასწავლებლის სითბო და სიყვარული,ამას ვერ დავივიწყებ,ეს ჩემი სიკვდილის შემდეგაც კი მემახსოვრება.ამიტომ ახლა სოფელში ჰამაკში ჩაწოლილ გოგო – ბიჭებს რომ დავინახავ, წიგნებით ხელში, მიხარია და მეც ბავშობაში ვბრუნდები.
10 აგვისტო
გუშინ არაფერი დამიწერია. რა შეიძლება მოჩანდეს აივნიდან ?მთები და ისევ მთები.ზოგჯერ როდესაც წერისთვის ვერ ვიცლი გულიდან წამოსულ აზრებს გონებით ვიმახსოვრებ.ვიმახსოვრებ მინდვრებს,მდინარეებს, სამყაროს,რომელიც ტბების ზედაპირზე შეიძლება მოჩანდეს.. ალბათ ეს საუკეთესო გამოსავალია დაიმახსოვრო შენი აზრები.
ისევ ბავშვობა მახსენდება.ახლაც ხომ დღეებია გარშემო,ახლაც ზაფხულია,მაგრამ ბავშობაში ზაფხულს სხვა ფერი ჰქონდა.იყო მწვანე და ხასხასა.
საღამოობით,როდესაც აივანზე ვზივარ და სიოს ხმას ვუსმენ მე მასში ჩემს ასაკს ვხედავ.ქარი ყოველთვის აგროვებს ისეთ ნოტებს და ისეთ მელოდიას წერს,რომლის მსგავს მელოდიას ვერ მოისმენ ვერსად. ქარი ასეთია,განსაკუთრებული.
11 აგვისტო
დღეს ზაფრანის ყვავილი მოვწყვიტე ეზოში და როდესაც მისი სურნელი ვიგრძენი,მოულოდნელად გონებიდან ამოფრინდნენ პეპლები და გვირილები,მოგონებები და სხვა ფერად-ფერადი ყვავილები.შემდეგ ყვავილები თმებში ჩავიკარი და ჩემს შვილებთან ერთად იმ მაღალ გორაზე წავედი,რომელიც რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე.აქ მათთან ერთად ყოფნას არაფერი ჯობია.მათთან ერთად ბუნებაში ყოფნა არის ნამდვილი ბედნიერება.
ჩვენს მეზობლად პედაგოგი ცხოვრობს,რომელსაც სამი შვილი ყავს და ახლა ტრენინგზე იმყოფება რამდენიმე კვირით წყალტუბოში.პატარები,როდესაც გაიზრდებიან დააფასებენ,რომ დედა ახერხებდა საკუთარი თავის განვითარებისთვისაც გამოენახა დრო.ისინი იამაყებენ საკუთარი დედით.
პეპელა – პეპელას მიჰყვება,ჩიტუნა ჩიტებს,მე ჩემს ქმართან ერთად მივუყვები გზას,უკან ჩვენი შვილები მოგვყვებიან.ხეები ირხევიან ქარის მკლავებში.აგვისტოს შუა რიცხვები დგას.სამყაროსაც ეს სურს – ბედნიერება იპოვონ ადამიანებმა ერთმანეთში.