‘The world in your hands“ – ზედმეტად ამბიციური განაცხადია, არა?! და მაინც როგორ არის შესაძლებელი მთელი ქვეყნიერების შენს ხელებში მოქცევა?!მთავარია იცოდე, რა არის შესაძლებელი. იცოდე, რა მიზანი გაქვს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი უარს ამბობს თავის მიზნებსა და ოცნებებზე, რადგან უბრალოდ თვლიან, რომ მათ ოცნებებს განხორციელება არ უწერიათ.
საინტერესოა შესაძლებელია თუ არა მიაღწიო დასახულ მიზანს, გახდე ის, ვინც გინდა რომ გახდე, გააკეთო “შეუძლებელი” და მიაღწიო” მიუღწეველს”?! ნუთუ ადამიანის გონებას, რომლის ანალოგი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაშიც კი ვერ შექმნა კაცობრიობამ, არ შესწევს ძალა, მოინდომოს და ვერ გააკეთოს?! იშრომოს, იღვაწოს და ვერ მიწვდეს ”ევერესტს”?!
ვფიქრობ, დაულაშქრავი მწვერვალები მხოლოდ იმ ადამიანის გონებაში არსებობს,რომელიც თვლის, რომ ცხოვრებაში უბრალოდ არ უმართლებს.შესაბამისად მას არარეალურად მიაჩნია ყოველგვარი მიზნის განსორციელებაზე ფიქრი, მით უფრო, როცა იმის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, იცოდეს რა არის მისი მიზანი. ბევრისგან მსმენია, რომ წარმატებას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და ეს ნიჭი თუ არ გაგაჩნია, მაშინვე უნდა თქვა უარი ყველაფერზე. მე კიდევ მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებაში ნებისმიერ ნიჭზე უფრო მეტად მიზანი სჭირდებათ და შემართება, რომ განვლონ დასახულისკენ მიმავალი გზა, თორემ , ნიჭი,რაღაც დოზით ყველა ჩვენგანს აქვს და აი მისი განსაკუთრებულობა კი ჩვენზეა დამოკიდებული – როგორ მოვექცევით – დაუღალავი მეცადინეობით “ავლესავთ” თუ შრომისა და მცდელობის გარეშე დანასავით დავაბლაგვებთ.
თუკი გაარკვევ რა გინდა და რა მიზანი გამოძრავებს ამ წუთისოფელში, მაშინ აუცილებლად , უნდა დაიხარჯო , აკეთო ის, რაც გიყვარს, დაივიწყო ხელისშემშლელი ფაქტორები და შენ აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც მთელი გულით გსურს.დიახ ამის შესახებ საუბრობენ წარმატებული ადამაინები და მოტივატორები და მსგავს განცხადებას ხშირად მოისმენთ მათ სამოტივაციო ვიდეორგოლებში,მაგრამ როდესაც ამას თავად გააცნობიერებს ადამიანი,როდესაც შენი მიზნების განხორციელებას დაიწყებ და მიხვდები ეს ოცნებაა,რომელიც ყოველთვის გსურდა ასრულებულიყო მიხვდები უფლებაც არ გაქვს დანებდე, უფლება არ გაქვს არ იშრომო, სიცოცხლე წარმატებისთვის არ გამოიყენო. თუკი დაუზოგავად იშრომებ ერთ დღესაც საკუთარ მიზანს აუცილებლად მიაღწევ და მიხვდები,რომ ცხოვრება ღირდა და ეს შედეგი შენი შრომის და წარმატების დამსახურება იქნება.
შესაბამისად ცხოვრებაში ნიჭზე უფრო მნიშვნელოვნად მიზანი და შემართება, მონდომება და დაუღალავი შრომა მიმაჩნია.გისურვებთ იპოვოთ თქვენი მიზანი,გამოიყენოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად,იშრომოთ და გახდეთ ის ვინც ყოველთვის გსურდათ ყოფილიყავით.
ქრისტინე აბაზაძე