გუშინ ძალიან მინდოდა პატარა ნოველა დამეწერა თოვლზე,მაგრამ ვერ მოვასწარი. თუმცა მთელი დღე ნისლიან ამინდში ვიყავი ჩაძირული.დღეს კი, ადრე ავდექი.ვარსკვლავები აღარ ჩანდნენ ნისლში,მხოლოდ თეთრ რძეში იყო ჩაძირული ჩემი დილა.თავი ფანჯარას მივადე და უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი.შარშან ამ დროს სტამბულში ვიყავი სამოგზაუროდ,მაგრამ ძალიან მენატრებოდა საქართველო.თითქოს მონატრება უცებ დაიბადა ჩემში და თავს მახსენებდა ქალაქში ყოველ ნაბიჯზე სეირნობისას. შემდეგ აია-სოფიას ტაძარში ღმერთის ფრესკა ვიპოვე და დავმშვიდდი,მივხვდი, ღმერთი ყველგან დაჰყვება ადამიანებს თან.ახლა კი სახლში ვარ,ამიტომ თბილა.გასქურაზე ჩაიდანს ვდგამ.ჩემს ბიჭუნას ბაღისთვის ვამზადებ.ადრე, როდესაც მოთხრობას ვწერდი, ჩემი შვილი ჩემს მხრებზე იჯდა.რა თქმა უნდა ასე წერა რთული იყო,მაგრამ მე ვგრძნობდი ის ანგელოზი იყო,რომელიც ჩემს შთაგონებად იქცა. ახლა ის ბაღში დადის და მე მარტო ვარ ჩემს სამუშაო ოთახში.ვეღარ ვჩერდები.ვიცვამ ჩემს პალტოს,რომელიც კარგად მათბობს და სახლიდან გავდივარ.
რამდენჯერ მინატრია ზუსტად დამეწერა რას ვგრძნობ,როდესაც შემოდგომის ქუჩას მივუყვები ფეხით. ვგრძნობ – ფოთლების ფერებს,ხეების ფიქრებს,ღრუბლების სიმღერას.კიდევ კარგი, შემიძლია ასე დავინახო ჩემი სამყარო.გამოფრინდებიან გზაზე ჩემი ფრინველები.ამჯერად ცარიელი აქვთ ნისკარტი.მოგროვდებიან ერთად ციყვები და აწრიპინდებიან.მე კი, ჯიბეში თხილი მაქვს მათთვის..ხის ბუღუროდან გამოყოფს თავს ბუ და მე შევძლებ უკეთესად დავინახო მისი იდუმალი თვალები…ხეებს ჩხავილით გადაევლებიან თავზე ყვავები-ეს პატარა კაცუნები,რომლებიც ძალიან მიყვარს. და ძალიან განვიცდი, რომ ლამაზი და მხატვრული სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე როგორია შემოდგომაზე ბუნება.ძალიან მინდა ოქროსფერ ფოთლებში გავეხვიო,დავიფარო თავზე ცა და ვიოცნებო. ასეც ვიქცევი. რძისფერ ნისლშია უკვე ჩაძირული ჩემი საყვარელი ტყეები და მთები.არყის, წიფლის და ნეკერჩხლის ფოთლებს, გამალებით სცვივათ ფოთლები.ადამიანებს ჰგონიათ,რომ ფოთოლცვენა დასასრულია,მაგრამ მე ასე არ მგონია.წვიმიან,ნისლიან და ცივ ამინდებში ყველაფერი შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, ჩემთვის კი, სწორედ იქ არის ბედნიერება,სადაც ფრინველები ყველანი ერთად ჩემს პალტოს ჯიბეებში არიან შეყუჟული და ტკბილად სძინავთ.
და კიდევ, ყველაზე მთავარი და შეუცვლელი ბედნიერება არის ის, რომ დარწმუნებული ვარ,ჩემს შვილთან გატარებული დღეები, არის დღეები, რომელიც ჩემი სიკვდილის შემდეგაც მემახსოვრება. ან საერთოდ, შეიძლება კი დედა ოდესმე გაქრეს სამყაროდან? ის ხომ შვილის გულში, თვალებში და სულში, ყოველთვის აგრძელებს სიცოცხლეს. ადრე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, გყავდეს შვილი და მასთან ერთად ატარებდე ჯადოსნურ დღეებს. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, გყავდეს სამყაროში ადამიანი, ვის გვერდითაც ყოველთვის შეგიძლია ბედნიერად იგრძნო თავი.
გადავუსვი თავზე ხელი ჩემს საყვარელ ფრინველებს და გამოვბრუნდი უკან..გამოვბრუნი და წამოვიღე თან ბედნიერება,სითბო და იდუმალება,ნისლი და ბურუსი.ყველაფერი,რაც სამყაროში მაბედნიერებს. შემდეგ კი ,აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიქეცი,ვიყიდე ორცხობილა,პატარა სათამაშო მანქანა და ჩემს შვილს მივაკითხე ბაღში. მან კი, დამინახა, თუ არა გაუბრწყინდა სახე და ჩემსკენ გამოიქცა.შემდეგ კი, ჩვენ ერთად გავუდექით შინისკენ გზას ფეხით.მან რამდენჯერმე ჩაკრა წვიმის გუბეში ფეხი და გაიცინა. შემდეგ, ცოტა ხნით ჩამოვსხედით პარკში და ოქროსფერი ფოთლებით ვითამაშეთ.აიხვეტა ქარმა ფოთლები,ზამთრის მოლოდინში აებურძგლათ ფრინველებს ბუმბული.მე და ლუკა კი, გამოვიქეცით შინისაკენ,ბედნიერებით და სიხარულით სავსე.