წვიმს. ქრის ქარი. ასეთ ამინდში მართლაც არ მინდა ქუჩაში ყოფნა. სახლში ვრჩები.ზუსტად ისეთ ყავას ვიმზადებ, როგორსაც ჩემს საყვარელ კაფეებში ამზადებენ.მუსიკას ვრთავ და ვუსმენ. უკვე ერთ კვირაზე მეტია არ მიცეკვია.მომენატრა ცეკვა,მაგრამ პირობა დავდე, ევა სანამ სიარულს არ შეძლებს, არც მე ვიცეკვებ.მე ევას არ ვიცნობ,მაგრამ ვიცი, მას ძალიან უყვარს ცეკვა.მეც მიყვარს ცეკვა და სწორედ ამიტომ არ შემიძლია ვცეკვავდე მაშინ, როცა ზუსტად ვიცი, სამყაროში თუნდაც ერთი ადამიანს სევდიანი მიზეზის გამო, არ შეუძლია ცეკვა..ამის გამო გული არ მწყდება,პირიქით,ალბათ ეს სიმამაცეა,სიმამაცეა გვერდით დაუდგე ადამიანს,რომელსაც არ იცნობ.ალბათ ყოველთვის ასე უნდა ვიქცეოდე.
ყავა ცხელია,მაგრამ თუ მალე არ დავლევ გაცივდება,მე კი ცხელი ყავა მირჩევნია.ერთ პატარა ფინჯან ყავაში სამ კოვზ შაქარს ვყრი. ასე გულს ვიტკბობ.ფანჯრიდან ვიყურები.არაფერი ჩანს.უბრალოდ ხეები ირხევიან ქარის მკლავებში.სარეცხი მაქვს გასაფენი,მაგრამ მეშინია,რომ ქარი წამიღებს.ვფიქრობ,უკვე 33 წლის ვარ,მაგრამ ჯერ არსად მიმოგზაურია.სამყაროში კი უამრავი მშვენიერი ადგილია სანახავი.როგორ მინდა ნამდვილი მოგზაური ვიყო.რამდენ ახალ ამბავს ჩავიწყობდი გულის ჯიბეში.რამდენ ახალ სამყაროს გავიცნობდი.დავაგემოვნებდი გემრიელ კერძებს და სამყაროს ყველა კუთხეში დავლევდი ყავას.რამდენ ახალ მზეს ვნახავდი.სამყაროში ხომ ყველა ქალაქს თავისი მზე ყავს,თავისი ცა,ჩიტები და ადამიანები ყავს. სამყაროში ყველაფერი ინდივიდუალურია,ყველას თავისი კუთვნილი სიმდიდრე გააჩნია.ამიტომ მგონია რომ თითოეული ადამიანის გონებაში არის, მთელი სამყაროს ხეები, მშვენიერი პეიზაჟი და წვიმის წვეთები ჩახატული.ადამიანში თავმოყრილია მთელი მსოფლიო,უბრალოდ შენ უნდა შეძლო ეს ქალაქები საკუთარ თავში აღმოაჩინო.უნდა იცოდე,რომელია შენი საოცნებო ქალაქი – რომი, ვენეცია,ბუდაპეშტი თუ მზიანი საქართველო.ალბათ არაფერია იმაზე მაგარი,როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობ და შენს თავში უამრავ სამყაროს პოულობ.ეცნობი სამყაროს სხვადასხვა ცივილიზაციას და აღმოაჩენ,რომ შენც ზუსტად იმდენი წლის ხარ,რამდენი წლისაც არის თავად დედამიწა.საოცარი შეგრძნება იქნება,როცა გულში ჩახატულ მშვენიერ პეიზაჟებს რეალურად ნახავ.უცნობი წყაროს წყალს დალევ.უცნობ ფრინველებს გააყოლებ ბედნიერ მზერას.ლონდონის ნისლიან პარკში გაივლი ფეხით და იქაურ ხეებს აქაური ტყეების ამბებს მოუყვები.გაგიჟება შეიძლება.
ამიტომ მე როდესაც ვცეკვავ და რეპეტიციას გავდივარ, ჩემი ფიქრებით და დახუჭული თვალებით,მთელ სამყაროში ვმოგზაურობ.ცეკვის საშუალებით ,მე მთელი მსოფლიოს ქალაქებს ვუკავშირდები.ცეკვა მეხმარება ვიყო უფრო მეტად თავისუფალი და ბედნიერი.
ქრის ქარი.თავზე ვიფარებ წვიმისფერ საბანს და ვოცნებობ.ზოგჯერ ოცნება და ფიქრი, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი საქმე,ნებისმიერი წიგნი და ფილმი.ჩავწვებით თბილად ლოგინში,დავიფარებთ თავზე საბანს და ვიწყებთ ფიქრებით მოგზაურობას. ასეთი მოგზაურობის დროს პეიზაჟებს თავად ჩვენი გონება გვიჩვენებს.ასეთი მოგზაურობის დროს ანგელოზები გვაწვდიან ყველაფერს, რაც აუცილებელია ჩვენთვის. ადამიანის გულში არის ჩაწერილი ყველა წიგნი,რომელიც ოდესმე მთელ მსოფლიოში დაწერილა.ადამიანის გონებაში ჩახატულია ყველა პეიზაჟი,რომელიც დაუხატავთ ცნობილ მხატვრებს. ერთ ჩვეულებრივი ადამიანი საუკუნეების კლასიკაა,თითოეული ადამიანი – ჯადოსნური ზღაპარია.მთავარია ვიცოდეთ,თუ რა ფასი აქვს სამყაროში თითოეულ ჩვენგანს.მე ყოველთვის ამ სიზმარს ვნახულობ ძილში.
წვიმს.ქრის ქარი.ვიფარებ თავზე სიზმრების საბანს და ტკბილად ვიძინებ უკეთესი დღეების მოლოდინით.
2016 მარტი