ადამიანები ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს,რომ არა აქვს მნიშვნელობა რა გაცვია,რომ სამოსი ეს უმნიშვნელო რამ არის.ამის შესახებ წერენ წიგნებში,საუბრობენ მუსიკასა და ფილმებში,მაგრამ მიუხედავად ამისა,როდესაც კარგად მაცვია და რომელიმე ბრენდს ვატარებ მოხდენილად, ადამიანებს ჰგონიათ,რომ რაღაცას წარმოვადგენ სამყაროში.
გუშინ რუსთაველზე ვსეირნობდი. მიყვარს თბილისის ქუჩებში სეირნობა, ფიქრი და ბრენდული მაღაზიების თვალიერება. ამჯერად შემოდგომის კოლექციამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ქურთუკები,ჟაკეტები,კაშნები,ჯინსი, ორმხრივი პალტოს ხაზი,რომლის საშუალებითაც თავს იგრძნობთ კომფორტულად.თითოეული მათგანის შექმნაში გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ბეწვი, ტყავი, კაშმირი, აბრეშუმი, დერმატინი და ეს ყოველივე ისეა შერწყმული ერთმანეთთან, რომ ერთდროულად არის ელეგანტური და ყოველდღიურად ადვილი მოსახმარი.მართლაც,რომ ყველა ქალის ოცნება აქ არის თავმოყრილი. განსაკუთრებით მომეწონა ცისფერი პალტო,რამდენჯერმე მოვისინჯე კიდეც,ძალიან მომიხდა,რომ იტყვიან ჩემს ტანზე იყო შეკერილი,მაგრამ ფასს რომ დავხედე,გული დამწყდა, ცივად გამოვბრუნდი ბრენდული მაღაზიიდან და შინ წამოვედი.მთელი გზა კი მხოლოდ იმ პალტოს ფერი და ხარისხი მიტრიალებდა გონებაში. ძალიან მოვიწყინე, რომ ვერ შევძელი საოცნებო ნივთი შემეძინა.წარმოიდგინეთ ვეღარაფერს ვამჩნევდი გარშემო,ვერც შემოდგომის მშვენიერ მზეს,ვერც ქუჩაში მომღიმარ ადამიანებს,წარმომიდგენია როგორი სახე მექნებოდა.ძალიან უინტერესო და არაფრისმთქმელი.
შინ,რომ მოვედი,ჩაი გავიმზადე და ჩემს აივანზე გავედი,ვფიქრობდი როდიდან გავხდი ისეთი ადამიანი,რომელიც ასეთი წვრილმანების გამო “იგრუზება ? “მე ხომ ყოველთვის სულიერებას ვანიჭებდი მნიშვნელობას. არასდროს გვიჟდებოდი მშვენიერ ტანსაცმელზე.ბავშვობისას ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა ყველგან,პალტო კოჭებამდე მწვდებოდა, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და არასდროს მიფიქრია,რომ ღარიბი ვიყავი.პირიქით,ძალიან მიხაროდა რომ ბებოს პალტო შიგნიდან ათბობდა ჩემს გულს.მაგრამ ახლა გავიზარდე და ალბათ გემოვნება “დამეხვეწა” – ირონიულად გავიფიქრე საკუთარ თავზე და ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი.არაფერია ცუდი იმაში,რომ ადამიანებს მოგვწონს ბრენდული სამოსი, თანამედროვე მოდელები,მართლაც რომ მიმზიდველი და საოცნებოა,მაგრამ არასდროს,არასდროს არ უნდა ვიგრძნოთ თავი ცუდად იმის გამო,რომ რომელიმე ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენა არ შეგვიძლია.უბრალოდ ჩვენს თავს არ უნდა მივცეთ უფლება,რომ ამის გამო ცხვირჩამოშვებულმა ვიაროთ ქალაქში.არაფერია ცუდი იმაში,რომ ადამიანს სურს კარგად გამოიყურებოდეს,მაგრამ თუ გინდა რომ სასურველი ნივთები შეიძინო იმუშავე უფრო მეტი,გააკეთე მაქსიმალურად ყველაფერი,რომ შესძლო შენი ოცნებების ასრულება.იქნებ,მხოლოდ მამაც და მიზანდასახულ ადამაინებს შეუძლიათ ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო.იქნებ სწორედ ამიტომ იქცევენ ისინი ყურადღებას,როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებულნი ამაყად გადადიან ქუჩაზე? მაგრამ მიუხედავად ამისა არასდროს არ უნდა შევაფასოთ ადამიანი სამოსის მიხედვით,მე როგორი ტანსაცმელიც არ უნდა შევიძინო ისევ ის ვიქნები ვინც ვარ.ჩემი ფიქრებით,ოცნებებით და სულიერი განცდებით.სხვა ადამიანებიც ასე არიან.გულს სამოსი არ სჭირდება.შინაგან სილამაზეს არ სჭირდება გაფერადება. საკმარისია უბრალოდ გვეცვას,რომ კაცი-შვილი ყურადღებას არ გვაქცევს.ვერავინ ხვდება სინამდვილეში რა ხდება ჩვენში,სინამდვილეში როგორები ვართ,რომ ზოგჯერ თბილა ჩვენს სულში,ზოგჯერ კი ვარსკვლავებიც იყინებიან.
როდესაც უბრალოდ გვაცვია და შეუმჩნევლად მივუყვებით ქუჩას,არავინ იცის რომ ჩვენს უბრალო ჩანთაში მშვენიერი პეიზაჟები აწყვია..არავინ იცის რომ ჩვენ გვაქვს მუსიკა,რომელსაც მაშინ ვუკრავთ,როდესაც მოწყენილები ვართ.
მაგრამ საკმარისია,რომელიმე ბრენდის ჩანთა დავიკავოთ ხელში და მაშინათვე აჩურჩულდებიან შენზე,მაშინათვე იფიქრებენ რომ ჩანთაში მხოლოდ გულით ნააზრევი გვიდევს.
ალბათ ამიტომ უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის კარგად,ამიტომ უნდა ეკეთოს ჩვენს ცხოვრებას მაკიაჟი.ამიტომ უნდა ვიყოთ მოხდენილები,რომ მერე როგორღაც ჩვენი სული დაინახოს ვინმემ.დაინახოს და შეიფაროს ჩვენი ნამდვილი სული.შეიძლება მერე მაინც მოგვაფარონ მხრებზე თბილი პლედი და უყურონ ჩვენთან ერთად ფოთოლცვენას სარკმლიდან.