Skip to content

შემოდგომის ოქროსფერი ფოთლები…

  ტყეებმა მითხრეს – მათი სილამაზე და მარადიულობა იმის შედეგია,რომ ხეები ყოველთვის ერთად დგანან და ძლიერ სახლს ქმნიან.

ადამიანებსაც გვიყვარს ერთად ყოფნა,ვიცინით,ვმხიარულობთ,მაგრამ როგორც კი სევდა შემოაწვება გულს,განმარტოება გვირჩევნია.

   წელს ძალიან ბევრი ვიმოგზაურე.მთაში რამდენჯერმე დავლიე წყაროს წყალი და მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვები – “წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”.ვწერ.საკუთარი მელოდია მაქვს,რომელსაც მაშინ ვამღერებ,როდესაც საკუთარი სულის მოსმენა მჭირდება.ტყეში ძალიან ბევრი ადგილია,სადაც უამრავ მშვენიერ ადგილს ნახავ,მაგრამ როგორც ადამიანი,ადგილიც ძვირფასი,რომ გახდეს შენთვის – აუცილებლად რამდენჯერმე უნდა მიხვიდე მასთან.გაანდო შენი ფიქრები,თუ რამე ტკივილს დაატარებ გულით გაუზიარე ბუნებას და ეს ადგილები,ძალიან ახლობელი გახდება შენთვის.ადამიანიც ასეა,საკმარისია გული გახსნა,იყო გულწრფელი და მაშინათვე მოიპოვებ მეორე ადამიანის ნდობას და სიყვარულს.

***

დღეს სადგერის დედათა მონასტერს ვესტუმრე.მამა სერაფიმეს პატარა კელია მოვინახულე – ადგილი,სადაც წმინდა მამა ლოცულობდა და მლოცველებს იღებდა.შეგიძლია შენი ნატვრა ფურცელზე დაწერო და კელიაში დატოვო– სურვილი კი აგისრულდება აუცილებლად,რადგან სურვილები იმისათვის არსებობენ,რომ აგვიხდეს,მითუმეტეს თუ მათ ასრულებას წმინდა მამებს ვთხოვთ.ხეები აქ განსაკუთრებით სილამაზით გამოირჩევიან.ეკლესიაში მესანთლე არ ჰყავთ,შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი სანთელი აიღო,შეგიძლია შესაწირი დატოვო ან შეგიძლია არ დატოვო და უბრალოდ ილოცო.ეს არის ნდობა ადამიანების მიმართ,ადამიანები კი ასეთ ნდობას ყოველთვის იმსახურებენ.

 გზაზე უბრალო კაცი შემხვდა.დახეული სამოსი ეცვა.ხელში მოგზაურის ჯოხი ეჭირა.მე გავიფიქრე,რომ ის,რომელიმე ნაწარმოების გმირია და გავუღიმე.შეიძლება უბრალოდ ნოტებია,რომელიც ტყეში ისმის.

  ბინაში,სადაც ვცხოვრობ ჩემთან ერთად ბუნებრივია ცხოვრობს ოჯახის დიასახლისი,რომელიც საოცარი ადამიანია.ლუკმა არ გაუტეხავს ჩემთვის,რომ არ შემოეთავაზებინა.მე კი ერთი პატარა ჩანთა მაქვს,რომელშიც ვაწყობ სიკეთეს და სიყვარულს,სიხარულს და თბილ დღეებს.

****

მალე შემოდგომა მოვა და ოქროსფერი ფოთლებით დაიფარება მთელი ქალაქი.შეიფოთლება ყვითლად ჩემი საყვარელი ტყე,მოიბუზებიან ფრინველები და შესცივდებათ ვიცი.გაეხვევა ზამთრის საბურველში დედა ბუნება.დაიძინებენ წეროები და გედები.თვალებს დახუჭავენ ყვავილები და მზესუმზირები.ბუნება თითქოს ყოველ წელს ემშვიდობება ადამიანს,მაგრამ ამავდროულად მასთან რჩება.

მე კი დავკეცავ ჩემს კარავს. ჩავყრი ჩემს ჩანთაში გირჩებს და ფოთლებს. შემოვდგამ ქურაზე ჩაიდანს, ჩავიცვამ თბილ წინდებს და დავწერ ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგონებებს. აგიზგიზდება ბუხარში ცეცხლი, შემოსკუპდებიან ბეღურები ჩემი სახლის წინ და დაელოდებიან პურის მარცვლებს. დაუბერავს აღმოსავლეთიდან ქარი, დატრიალდება ჰაერში და შარი–შურს დაიწყებენ საყვარელი, ოქროსფერი შემოდგომის ფოთლები.