წარმოგიდგენთ ნაწყვეტს დევიდ ალენის წიგნიდან ,,საქმესთან გამკლავების ხელოვნება”
,,თუ საკუთარი გონების მართვას არ ვისწავლით, ის თავად გმართავთ” – ჰორაციუსი
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გონება ცოტათი უგუნური რამაა. ჩვენს გონებას თანდაყოლილი გონებრივი შესაძლებლობები, ანდა ლოგიკა რომ ახასიათებდეს, მაშინ მხოლოდ ისეთ საქმეებს შეგვახსენებდა, უნდა გააკეთოთო, რომელთა გაკეთება რეალურად ხელგვეწიფება.
წარმოიდგინეთ, რომ ჯიბის ფარანი გაქვთ, რომელშიც ყველა ელემენტი დამჯდარია. აბა, როდის შეგახსენებთ თქვენი გონება, რომ ახალი ელემენტები გჭირდებათ? როდის და, როდესაც შეამჩნევთ, რომ ძველი ელემენტები აღარ ვარგა! არც ისე ჭკვიანურია, არა?! თქვენს გონებას თანდაყოლილი ინტელექტის ნატამალი მაინც რომ ჰქონოდა, დამჯდარ ელემენტებს მაშინვე შეგახსენებდათ, როგორც კი მაღაზიაში ახალ ელემენტებს ჩაუვლიდით.
მაგალითისთვის დღევანდელი დღე ავიღოთ. გაღვიძებიდან ამ მომენტამდე გიფიქრიათ იმაზე, რაც უნდა გააკეთოთ, გაუკეთებელ საქმეებზე? ასეთი ფიქრი ერთხელ გეწვიათ თუ მეტჯერ? რა საჭიროა დროისა და ენერგიის ამაოდ ფლანგვა ისეთ საქმეებზე ფიქრში, რომლის ადგილიდან დაძვრაც კი ვერ წარმოგიდგენიათ. შფოთვით კი სულ უფრო მეტად შფოთავთ -ფიქრობთ, რომ აკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეთ.
ძალიან ბევრი ადამიანი რეაქციული აზროვნების პროცესს მეტისმეტად დიდ გასაქანს აძლევს, მით უფრო მაშინ, როდესაც ,,რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი” სინდრომი იჩენს თავს. შესაძლოა, აქამდე თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდით, მეტისმეტად ბევრს ფიქრობდით ეგრეთ წოდებულ ხვრელებსა და იმაზე, რომ არ შეგიძლიათ თქვენს გონებაში არსებული საქმეების ეფექტურად მოგვარება. კვლევებმა ცხადყო, რომ თქვენი ფსიქიკის მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენს ხვრელებს მისდევს არა როგორც გონიერი, პოზიტიური მოტივატორი, არამედ როგორც არაკეთილგანწყობილი კრიტიკოსი, რომელიც აკნინებს ყველაფერს, რაზე ფიქრიც გსურთ და ამცირებს თქვენს მოქნედების უნარს.
,,ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას გასაკეთებელ საქმეებზე მარადიული და არაფრის მომტანი ფიქრი გვართმევს”. კერი გლისონი
,,ფიქრი სასარგებლოა მაშინ, როდესაც მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ხოლო თუ მოქმედების ადგილს იკავებს, მაშინ ის დაბრკოლებაა”. ბილ რედერი
თეა კუჭავა
წყარო: დევიდ ალენის წიგნი ,, საქმესთან გამკლავების ხელოვნება” GTD