Skip to content

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი

ბავშვობა – ზრდასრულს!

     რა უჩუქებიათ თქვენთვის ყველაზე ორიგინალური? აი ის, რომლის გახსენებაც სახეზე ღიმილს გგვრით და განწყობას გიმაღლებთ. აბა დაფიქრდით….დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ვიმედოვნებ ბევრი მომენტი იპოვეთ თქვენი გონების  არქივში.

უსინათლო სინათლეს ნატრობს, ეტლზე მჯდომი სიარულს, უფრო მარტივად კი, ყველა შავგვრემანი ქერობაზე დაფიქრებულა და პირიქით,   სწორთმიანებს ტალღოვანი თმა ხიბლავთ, აი ბავშვების უმეტესობას რა სურს? დიდობა!  დიდები კი რას იხსენებენ ყველაზე ტკბილად? ისევ ბავშვობას!

დღეს, ჩემმა მეგობარმა ზუსტად ბავშვობა მაჩუქა! ეს როგორ?!

Picture2

ყველაფერი კინდერით დაიწყო!  გავხსენი და შიგნით რას არ წარმოვიდგენდი ცირკის ბილეთების გარდა, სახელწოდებით „გეპარდიების სამეფო“! როდის იყავით ბოლოს ბავშვურ სანახაობაზე?! მე მსგავსი რამ მახსენდება მინიმუმ 18 წლის წინ.

დღეს კი ავდიოდით კიბეებზე და მე თვითონ არ მჯეროდა! გარშემო უამრავი ბავშვი მერტყა, ფერად სამოსში, ღიმილიანი გუგებგაფართოებული თვალებით მშობლებთან ერთად! ერთი დიდი სიამოვნება იყო ამდენი ბედნიერი  ბავშვის ერთად ნახვა! ქალს და კაცს ისე არაფერი უხდება, როგორც პატარა ბავშვი და ღიმილი!

სანახაობა სხვა და სხვა ქვეყნების საბავშვო სიუჟეტების მიხედვით ვითარდებოდა და იდგმებოდა. ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა მეგობარმა (ქრისტიმ) ამ პრინციპით ბრაზილიაში,  ვენეციაში, ეგვიპტეში და  მსოფლიოს გარშემო! გაოცებული ვიყავი  დადგმის მონაწილეების ოსტატობით, თუთიყუშის და კენგურუს, გეპარდების გაწვრთნითი შესაძლებლობებით! ილუზიონისტებით, რომლებიც  „აქრობდნენ“  ადამიანებს და ახლაც ვერ ვხსნი,  როგორ?!

Picture3ეს ის ემოციებია, რომელმაც ბავშვობაში დამაბრუნა! ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტად დავაფასე იმ ადამიანების შრომა, რომლებიც წლები ვარჯიშობენ, რომ გახდნენ ამ წარმოდგენის ნაწილნი! ჰაერში ყველანაირი  მისაბმელის ან დამხმარე ხელსაწყოს გარეშე…ჰაერში სალტოები, სადაც საკმარისია სულ მცირე ბალანსის წამიერი აცდენა და ეს ყველაფერი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ფასად.  მეორე მხრივ, რამდენ ბავშვს უფერადებენ ცხოვრებას, აოცებენ და სამუდამოდ აღიბედჭებიან ადამიანების მეხსიერებაში.

ჩემი მეგობარი  რომ არა,  ვერასდროს დავბრუნდებოდი ბავშვობაში იქ, სადაც ბამბის ნაყინის რიგში ვიდექი რეზინის ფერადი ბურთით ხელში დედასთან ერთად და შემდეგ სანახაობაზე ხელებს ვიკრავდი მუშტებად გულთან, როცა დიდი და ლამაზი საოცარი ჯადოქრები ჰაერში დაფრინავდნენ,  ცხოველები ადამიანებს  უჯერებდნენ!  მუდმივი არაფერია, არც ბავშვობა, მაგრამ დღეს მე ვიყავი ისევ ის ლაღი ბავშვი, გაოცებული სახით და შეძახილებით, ჟრიამულით და ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო ეს საოცარი განცდა!

სკოლაში 5 წლის შემიყვანეს, სკოლის დასრულებისას,  მაინც ყველაზე პატარად ვითვლებოდი ცხოვრების აღქმაში…როგორ ვნატრობდი ოდესღაც დიდობას და დღეს ისე მიხარია, რომ ვარ ისევ ბავშვი!

გუშინ სახლისკენ მივდიოდი, გადმოვედი მანქანიდან და აბაშიძეზე 13-14 წლის   ორი  გოგო ისეთი ხმის ტონით, ისეთი ჩაცმულობით და „ვუაიმე გოგო, კოცნის გარდა არაფერი იყოო“ -ისე ჩასჩხაოდა, თითქოს ყველაფერი ნახეს და ვერაფერი ვეღარ გააოცებდათ მათ.  მე არ ვარ არავის განმკიცხველი, ერთადერთი რასაც ყველას ვუსურვებ ესაა,  დიდხანს ბავშვობას! ყველა ეტაპზე  დაუსრულებელ მადლიერებას და გაოცებას ცხოვრების საჩუქრებისადმი!

მადლობა ჩემს  მეგობარს,  ყველაზე ორიგინალური საჩუქრისთვის! მადლობა გაფერადებული და ლამაზი დღისთვის! ყველა პატარას ლამაზი ბავშვობა და ყველა დიდს ბედნიერი ცხოვრება თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! გვახსოვდეს, ასაკი მხოლოდ რიცხვებია და იმდენი წლის ვართ, როგორც ვგრძნობთ თავს!  დიდხანს ვაცოცხლოთ გულში ბავშვი და ნუ შეგვიშლის ხელს ცხოვრებისეული სირთულეები სილაღეში და სიცილში!

საუკეთესო სურვილებით,

თ.კ