აი, ის სერიოზული ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს გაიგებენ, თუ რატომ დავდივართ მე და შენ, ჩემო მეგობარო, ღიმილიანები და ხალისიანები, რატომ ვართ ბავშვურად მეგობრულები და უკანმოუხედავად ვამხნევებთ მათ, ვისაც თვალებიდან სევდა გადმოეღვრება, რატომ ვუნაწილებთ ჩვენს უზარმაზარ ენერგიას სხვებსაც… ისინი ამას არასერიოზულობად და ბავშვობად გვითვლიან და ხშირად გვეუბნებიან კიდეც: “დროა გაიზარდო”…
ისინიც, ოდესღაც ჩვენნაირები იყვნენ, ოღონდ დაივიწყეს, რადგან “გაიზარდნენ” და ახლა მათ “დიდები” ჰქვიათ! ის “დიდები”, რომლებსაც ყოველდღიურმა საზრუნავმა, რუტინამ, დაავიწყა, რომ ოდესღაც ყოველივე ეს ძალიან მოსწონდათ. ახლა ისინი, სერიოზული სახეებით, არგუმენტირებულად მოგვიწოდებენ დავთმოთ ჩვენი ფერადი სამყარო, რომელსაც ისინი ილუზორულს უწოდებენ და მათ ნაცრისფერ “მატრიცაში” გავერიოთ…
პარადოქსია, ჩვენ ჯერ ვზრდით პატარებს საოცარ ზღაპრებზე, ჯადოსნურ ამბებზე. ვუყვებით, როგორი მშვენიერია სამყარო, როგორი საოცარი იქნება მისი მომავალი, ბავშვი იწყებს ამ ჯადოსნურ სამყაროს დაჯერებას, ოცნებობს, ბედნიერია და რაღაც ასაკის შემდეგ ვუცხადებთ, რომ ყოველივე ეს იყო ბავშვური ზღაპრები, ახლა დროა მოიხსნას “ვარდისფერი სათვალე” და “გაიზარდოს”… ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ მას ფრთებს ვაჭრით, იმ ფრთებს, რომლებიც თავად შევასხით! ალბათ, ადამიანი პირველ იმედგაცრუებას სწორედ აქ განიცდის: “დედამ/მამამ მომატყუა?! ე.ი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც მეუბნებოდნენ?!”… ის ამას ხმამაღლა არ გვეტყვის, რადგან ეს ქვეცნობიერად მოხდა მის არსებაში. შემდეგ, ის გვიყურებს ჩვენ, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვართ თუ არა ბედნიერები და ფიქრობს “ნუთუ, მეც მისნაირად მოჩვენებითად ბედნიერი უნდა ვიყო?! მაშინ, რატომ გამაჩინა?!”… ამ მომენტის შემდეგ ბავშვი ან უერთდება “ნაცრისფერ” სამყაროს ან იბრძვის იმისთვის, რაც ბუნებრივია მისთვის, ის ცდილობს მისი ჯადოსნური სამყარო რეალობად გადააქციოს და რომ დაუფიქრდე, ძვირფასო “დიდო”, ადამიანის მიერ შექმნილი ყველა დეტალი ჩვენს რეალობაში თავდაპირველად იყო ოცნება, დიახაც, ო-ც-ნ-ე-ბ-ა! აი, რატომ ცვლიან სამყაროს ოპტიმისტები, პესიმისტები მხოლოდ უყურებენ, ხოლო რეალისტები არიან ისინი, ვისაც “უტყდება” ორივეს აღიარება, თუმცა უმეტესობა მათგანი გულის სიღრმეში ოპტიმისტია, მაგრამ გამოვლილი იმედგაცრუების გამო ძნელად იჯერებს მითს “ახდენილი ოცნებების” შესახებ (ამ მოსაზრების გამო, ალბათ, “რეალისტები” სადმე ჩამცხრილავენ :)) … ).
ჰოდა, ჩემო მეგობარო, თუკი შენც, ჩემსავით, ბოლომდე გჯერა იმ ჯადოსნობის, რის შექმნაც პოზიტიური ადამიანების ერთობლივ მოქმედებას შეუძლია, მაშინ იცოდე, ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი სიკეთისა და სიყვარულის, ღიმილისა და სხვა ადამიანების სამსახურში!
“ისე გაიღიმე, რომ შენი ღვიძლიც კი იღიმებოდეს!” – კეტუტი (მხ/ფ “ჭამე ილოცე გიყვარდეს”)
P.S. …და “დიდებო”, რატომღა გიყვართ ფილმები ლამაზ ისტორიებსა და ჯადოსნურ სამყაროებზე, თუკი ყოველივე ამის არ გჯერათ?! თუ, უბრალოდ, დროს კლავთ ან 2-3 საათით მაინც ცდილობთ გაექცეთ “ნაცრისფერ” სამყაროს ილუზიებში?! ღირს დაფიქრებად…
სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი