ღმერთო,რამხელა სილამაზეა სამყაროში…ყველაფერი როგორი სრულყოფილია… ყველაფერი სიყვარულით რომ არ იყოს შექმნილი,როგორ იჭიკჭიკებდა ეს მშვენიერი ჩიტი,ახლა რომ დაფრინავს, დაფრინავს თავისი ნატიფი, ხელით ნახატი გულ-მკერდით… ამ პატარა არსებაშიც კი გული ფეთქავს ,სიცოცხლეს ასხივებს… ვინ ასწავლა მას ჭიკჭიკი,რომელიც ტონიდან ტონზე ისე გადადის,რომ არაფერი ეშლება… ნეტავ თუ იცის რომ ასეთი მშვენიერია.. მე შენ გეხები,ღმერთის შექმნილო, და ამით მე ღმერთის მოწყალე ხელებს ვეხები. ეს ლამაზი, ფერად ფერადი,საუცხოოდ მომხიბლავი ყვავილები როგორ იზრდებიან, ჩვენს ჩაურევლად სამყაროში ყველაფერი დამოუკიდებლად ლამაზდება… ადამიანები რომ არ ვარსებობდეთ, ვინ შეამჩნევდა იმ დიდი სიხარულით, გაკვირვებასთან ერთად, უაღრესად ღრმა ფიქრებით,გრძნობებით,რასაც ჩვენ განვიცდით თუკი ცოტას ჩავუფიქრდებით და თვალს მოვავლებთ ჩვენს ქვეყნიერებას.
ღმერთო, აქ ამ სამყაროში, შენივე შექმნილ სამყაროში, როცა ასეთი სრულყოფილი, სიბრძნისეული, ცოცხალი თვისებებით სავსე ბუნებაში ასეთი დაუსრულებელი სილამაზეა, ნეტავ შენთან როგორი იქნება..შენს სახლში, თვით შენთან, ამ სიყვარულის შემქმნელო… თითქოს ღმერთმა ყველაფერი რაც ჰქონდა, დაუნანებლად ბოლომდე დაუტოვა სამყაროს. ყველას და ყველაფერს თავისი წესები აქვს თითქოს.. ბუნებას საკუთარი ოჯახი აქვს, მრავალშვილიანი ოჯახი.. ჩვენ ადამიანებს, ჩვენი წესები გვაქვს,ჩვენი მოვალეობები.. ჩვენი ბუნებასთან კავშირი ქმნის ერთ დიდ, უთქმელ, მაგრამ ღრმა გრძნობებით სავსე სიყვარულს. მე არ მცალია დარდისთვის, მე რატომ მივუბრუნდე იმას, რაც ტკივილს მაყენებს და სულიერად არ მამშვიდებს… როცა ღმერთმა ამ მანუგეშებელ ბუნებაში შემქმნა… მე ხომ დარდისთვის არ შევქმნილვარ.. მე უნდა მიყვარდეს!.. მიყვარდეს და მწამდეს!.. აი ეს არის ჩემი მოვალეობა,რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბედნიერებისთვის დამიწერა ღმერთმა. ადამიანებო… მე მხოლოდ თქვენთან ერთად მინდა ყოველგვარი ბედნიერება,სიხარული, რადგან ჩვენ ერთ ოჯახს ვეკუთვნით. მოდით, უბრალოდ წუთით შევჩერდეთ, წუთით დავუთმოთ დრო ჩვენთვისვე შექმნილ ულამაზეს ბუნებას…