ღამის 3 საათია, მორიგი უძილო ღამე ჩემს ცხოვრებაში. როცა თვალები დაუღლელად ებრძვიან წყვდიადს. უაზრო ფიქრები ცდილობენ თავისი კვალი დატოვონ შენს ცნობიერებაში. და ამ დროს ყურადღებას ამახვილებ, ცდილობ ამ აზრებში პასუხი იპოვნო. რაზე? განა ათასობით წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებაში დარჩა კითხვა უპასუხოდ? რა უნდა აღმოაჩინოს 18 წლის ადამიანმა-ბავშვმა ისტორიასთან შედარებით ისეთი, ამ თავის ჯერ კიდევ ცარიელ ტვინში? ამას ყველაფერს ვაცნობიერებ, მაგრამ აზრს ისე ადვილად ვერ დაიმორჩილებ. გაგიტაცებენ ფიქრები, ემოციები, მოგონებები. გაუხედნავი მუსტანგივით მიგაჭენებენ სადღაც შორს, წყვდიადში. ძალაუნებურად იწყებ ბოდიალს ფილოსოფიაში სიცოცხლის აზრის, მიზნის, დანიშნულების ძიებაში. გადის დრო და ეგუები ამ აზრების უაზრო ცეკვებს. უშვებ სადავეს ხელს და უბრალოდ ყურს უგდებ თუ რას ჩურჩულებენ ისინი შენზე, შენს გავლილ გზებზე. არც კი ბევრი გივლია, 18 წლის ხარ, ვის უნდა ეტრაბახო? ვინ უნდა გააკვირვო? მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ აქვს.
დაბადება. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა. ასე ახსნის მეცნიერი, ნობელის ლაურეატი. მოვლენა? ადამიანს მამისაგან, მამის მამისგან და იმის მამისგან დანატოვარი ცოდნა, გამოცდილება, ინსტინქტი გადმოეცა სისხლით, გენით. ის სიყვარულით ისახება დედის მუცელში და ეს ნაბოძები მან 9 თვეში უნდა აითვისოს, შეისწავლოს და მოემზადოს სასტიკი ცხოვრებისთვის მეტოქეობის გასაწევად. გადის დრო პირველი გულისცემა, პირველი განძრევა უკვე ჩაბარდა წარსულს მალე პირველად გაახილებ თვალებს და ნახავ თუ რა მშვენიერია სამყარო. ღმერთმა იცის რას გვიმზადებს ბედისწერა.
პირველი ტირილი. რა იციან რაზე ვტირი? მე ვიცი? ალბათ ვიცი, მაგრამ ვაი რომ ჯერ ლაპარაკი ვერ მისწავლია. ვგრძნობ როგორ მეზრდება ძვლები, როგორ ებრძვის სხეული ჯერ კიდევ უცნობ გარემოს, ცდილობს შეეგუოს, შეეჩვიოს. პირველი ნაბიჯი სიტყვა, რა მშვენიერია ამის ნახვა და გაგონება. ბავშვობა მშვენიერია, უდარდელია, მაგრამ დროა წამოიზარდო. ბაღი, სკოლა, მეგობრები, თანაკლასელები, ნათესავები. პირველი სიყვარულის დროა, რა იცის ბავშვმა სიყვარული? ალბათ უფრო სიმპატია. ცდილობ თავი გამოიჩინო, იყო ყველაზე კარგი, დაე შეგამჩნიოს, შემოგხედოს, გაგიღიმოს. ლამაზია ეს დრო. ვინ იცის რა მოუვა ამ სიყვარულს?
სრულწლოვანობა. პრივილეგია? ძალაუფლება? არა. პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ შეცდომების დაშვება არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ ადამიანის ბუნებაშია? უშეცდომო არავინ არის, ზოგი შეცდომა კი ვერ გამოსწორდება. ბილიკი ვიწროვდება და უკვე ვხედავ ნაპრალს, რომელიც მთელი დარჩენილი გზის განმავლობაში მოთმინებით დაელოდება თუ როდის წავბორძიკდები რომ მშიერი ვეშაპივით გადამყლაპოს. ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დამიშვია. ბევრჯერ შემცდარვარ, უაზრო ბიჭი. სასამართლო პროცესზე რომელიც ჩემივე გონებამ მომიწყო თავი ვიმართლე. ვინ არის უშეცდომო? მინდოდა? რადგან მომივიდა ე.ი მინდოდა. ჯოჯოხეთამდე გზა კეთილი ზრახვებით არის მოფენილი. არავინ არ ჩაიდენს შეცდომას გააზრებულად. ჩაიდინა? იცოდა? ალბათ უღირდა, იქნებ უჭირდა? არ ვიცი სხვის ცოდვებში ვერ ჩავწვდები. არც ჩემი შეცდომების განხილვას ვაპირებ. ვიცი, ბევრია, კიდევ დაემატება, ადამიანის ბუნებაშია ეს.
მომავალი. ნეტავ რას გვიმზადებს? რა იქნება? სად ვიქნები? ვიქნები რომ? ალბათ ვიქნები. ადამიანი გაუძლებს, ადამიანი ძლიერია. მეც ძლიერი ვარ. მეც გავუძლებ. სიცოცხლეც ძლიერი მეტოქეა, მაგრამ კი არ უნდა ებრძოლო. უნდა ეთამაშო. ცხოვრება თამაშია რომლის წესებიც არ ვიცით. შეცდომები. გამოცდილება, ცოდნა უნდა გამოიყენო. სანამ პირში სული გიდგას არ დანებდე. ყველაფერი კარგად იქნება. ნებისმიერი მდგომარეობიდან გამონახავ გამოსავალს, მოინდომე და გაიმარჯვე. და როცა ძვლები კვლავ აგტკივდება, არა ზრდისგან, არამედ იმიტომ რომ გამოიფიტნენ. დაიღალნენ. მაშინ ნახე შვილი, შვილის შვილი და იმის შვილი და იფიქრე თუ რა დაუტოვე მას სისხლში, გენში, რამდენი უკვე ასწავლე და რამდენს ასწავლი. პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას. ბავშვობა ხომ მშვენიერია.
რამინი სოლომონია