ბევრს სჯერა, რომ ოპტიმიზმი მხოლოდ უსაღვროდ ბედნიერი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, პესიმიზმი კი უბედურებისთვის. ბოლოს და ბოლოს, მარტივია გჯეროდეს კარგი მომავლის, როდესაც უკვე ბედნიერი ხარ.
ჩემთვის ხშირად უთქვამთ სულ იღიმი, სულ კარგ ხასიათზე ხარო და როდესაც ვპასუხობ „ცხოვრება მშვენიერია“, კონტრარგუმენტად მიბრუნებენ, ეს უბრალოდ შენი დამოკიდებულებააო. და ეს მართლაც ასეა, გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუკი გაიაზრებთ რომ ბედნიერება თქვენზეა დამოკიდებული და ის შედეგებიც, რასაც ცხოვრებაში იღებთ, თქვენი ქმედებიდან გამომდინარეა?
არგუმენტიც მაქვს, მეცნიერულად დამტკიცებული – როდესაც ფიქრობ რაღაც კარგზე გამუდმებით, ის გიხდება კიდეც. მაგრამ თუკი ცუდზე ფიქრობ, გარდაუვლად იწვევ კიდეც მას. გახსოვთ ნიუტონის მესამე კანონი? F=-F, ქმედება იწვევს უკუქმედებას. ანუ, რასაც სამყაროში გასცემ, ის დაგიბრუნდება კიდეც.
მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენი ქცევა დილას კატალიზატორის როლს ასრულებს მთელი დანარჩენი დღის მოვლენების თანმიმდევრობაში. მცირედი ემოციური ცვლილებაც კი გარდამტეხი ფაქტორია კარგ დღესა და ცუდ დღეს შორის.
რაშია პრობლემა? ხშირად ჩვენი ემოციები იმართება არასწორი ფიქრებით. გონება დაპყრობილია სხვადასხვა წვრილ-წვრილი საკითხებით, რომელიც სამყაროს ცენტრივითაა ჩვენთვის, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ხშირად აღმოგვიჩენია ამ საკითხების უმნიშვნელობა.
ცხოვრება თავსატეხს (ფაზლს) ჰგავს, სადაც თითოეულ დღეს თავისი კონკრეტული ადგილი უჭირავს სქემაზე და თუ მას არასწორ ადგილას განვათავსებთ მთლიან სურათს ვერ მივიღებთ.
ამიტომაც საკუთარ თავში ოპტიმიზმის ძებნისას შეიძლება გამოგადგეთ და დაიმახსოვრეთ:
1. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება.
ზოგჯერ ჩვენი ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, რადგან იმ მომენტში ვერ ვაზროვნებდით. ვეხვევით ყველაზე საშინელ სიტუაციაში, ვშორდებით საყვარელ ადამიანს, ვერ ვამჩნევთ შესაძლებლობებს… გადის გარკვეული პერიოდი და ვხვდებით ეს რისთვის ყოფილა საჭირო. პარტნიორთან დაშორების შემდეგ ნამდვილი სიყვარული გვიპოვია, გაშვებულმა შესაძლებლობამ კი იმ კარზე დაგვაკაკუნებინა, სადაც ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გველოდა.
2. ცხოვრება გაძლევს იმდენს, რამდენის ატანაც შეგიძლია.
საშინელ დღეს, კვირას ან თვესაც აქვს დასასრული. წარმოიდგინეთ, რომ ეს მძიმე პერიოდი მარათონია მოკლე დისტანციაზე სირბილში. მართალია თქვენ იღლებით და გირჩევნიათ დანებდეთ, წახვიდეთ სახლში, დაწვეთ, დაიძინოთ და მოშორდეთ ყველაფერს, მაგრამ თუკი გაუძლებთ, ბოლოს შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. იამაყებთ კიდეც მიღწეულით.
გახსოვდეთ, ყველაზე გრძელი დღეც კი 24 საათიანია.
3. ბედნიერება არჩევანია.
დილაობით გამოარჩიე რამე რაც ბედნიერებას მოგანიჭებს – იქნება ეს ტანსაცმელი, გემრიელი ყავა, სიმეტრიულად წასმული თვალის ლაინერი თუ უფროსის გარეშე შუადღემდე მუშაობა. მოკლედ, გამოყავი რაიმე პატარა დეტალი, რომელიც სიამოვნებას განიჭებს (ასეთი რამ ხომ ყოველთვის მოიძიება) და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.
გახსოვდეთ, განსხვავება ბედნიერ ადამიანსა და უბედურს შორის მხოლოდ მათ ფიქრებშია.
4. არაფერია მუდმივი.
ცხოვრება ცვალებადია. მართალია, ზოგჯერ მახესავით ვებმებით სიტუაციაში და გვგონია ეს სამუდამოდ გასტანს, თუმცა, ყველაზე ნაკლებ ოპტიმისტმა ადამიანმაც კი იცის, რომ არაფერი რჩება უცვლელად.
არავის უცხოვრია მუდმივად ცხოვრების ერთ საფეხურზე. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდი. მთავარი ისაა, დავაფასოთ კარგი პერიოდი და გაჭირვების ჟამს არ მივცეთ უბედურებას ჩვენი ცხოვრების მართვის სადავეები.
ზოგჯერ, სხვადასხვა სიტუაციებში ისე ვეხვევით, ისე იპყრობენ ჩვენს აზრებს, გვგონია, რომ აღარასდროს ვიქნებით ბედნიერი. ვერ ვხვდებით, რატომ მიდის ცხოვრება ამ გზით და რატომ ვერ ვიღებთ იმას რაც ასე ძალიან გვსურს. გადის პერიოდი და გვიკვირს რატომ ვიყავით უკმაყოფილოები, სასაცილოდაც კი გვეჩვენება ჩვენი მაშინდელი სურვილები.
რაღაცეები იცვლება. ადამიანებიც იცვლებიან. იცვლება ჩვენი საჭიროებები და მოთხოვნები. მთავარია დავიმახსოვროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითდაჯერებულები ვართ, ცხოვრება კვალდაკვალ მოგვყვება.
5. ყოველთვის გაქვს ბოლო სიტყვის თქმის უფლება.
ათასობით შესაძლო ვარიანტი გვაქვს ცხოვრებაში და მიღებული შედეგები არ არ არის შემთხვევითი. შენ გეკუთვნის ბოლო სიტყვა ცხოვრებაში. შენ ირჩევ კარიერას, მეგობრებს, პარტნიორს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გაზიარებას აპირებ.
ჩვენ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უამრავი რამ რჩება ჩვენი ზეგავლენის ქვეშ. ამიტომაც, შეეშვი „სამყაროს“ დადანაშაულებას და „ბედი არ მაქვს“ ძახილს.
თუკი რაღაცით ბედნიერი არ ხარ, შეცვალე. თუკი, მართლა ვერაფერს ხდები, მაშინ დამიჯერე ბოლოს ყველაფერი მაინც კარგად იქნება. და როგორც ამბობენ, თუკი ყველაფერი კარგად არაა, ე.ი ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო.
მე ვერ დაგპირდებით, რომ ბედნიერება სწორედ ისეთი დაგხვდებათ, როგორიც წარმოგიდგენიათ, მაგრამ დამიჯერეთ იქნება ისეთი, როგორიც გჭირდებათ.
ბედნიერება ეს არის მდგომარეობა, რომელსაც თქვენ თავად ირჩევთ.