ზღვის ზანტი ლივლივი მაინც ახერხებს ქვიშიან ნაპირზე ჩემი ნაფეხურების გზადაგზა წაშლას. წყალი ტერფებზე მელამუნება და შიგნით მეპატიჟება. მინდა შესვლა, მაგრამ ცურვა არ ვიცი. ზღვა კი ისეთი თბილია, ისეთი კამკამა.
– გაბედე, – მეჩურჩულება ზღვა.
– მეშინია!
– ეგ იმიტომ რომ არ მენდობი!
– ასე მგონია, რომ ლოდივით დავეშვები ფსკერზე!
– მე არ მოგცემ ჩაძირვის საშუალებას…
– ჰო, მაგრამ ბევრი მოგიკლავს, ვიცი!
– მე არავინ მომიკლავს, ისინი არ მენდობოდნენ, ამიტომაც იღუპებოდნენ!
– მეც მინდა, რომ გენდო, მაგრამ არ შემიძლია!
– შენ ჩაკეტილი ხარ, შენი გულია ჩაკეტილი, ამიტომაც გგონია, რომ თუკი ჰაერი მოგაკლდება, კუნძივით ჩაიძირები. შენი ყველა კუნთი დაძაბული და შეკუმშულია, ეს იმიტომ რომ დაკარგული გაქვს სამყაროს მიმართ ნდობა. იმისათვის, რომ ჩემი რბილი ტალღების ზედაპირზე აგათამაშო, უნდა მენდო, სრულიად უნდა მოდუნდე, უნდა გაიხსნა. შენ თვლი, რომ სხვაზე მინდობა სარისკოა, რომ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ მე არ გაგწირავ, თუ მენდობი. სამყაროს უყვარს ადამიანი და კარგი სურს მისთვის, ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვართ და არ შეიძლება ერთმანეთისთვის ცუდი გვსურდეს. მენდე, სრულიად მოეშვი ეჭვებს, აივსე სიყვარულით, რაც მეტად იქნები სიყვარულით სავსე, მით მეტად გაგიადვილდება ნაბიჯის გადადგმა!
– შენთვის თქმა ადვილია, მე დიდი ხანია ასე ვარ და ასე უცებ არ შემიძლია გენდო…
– რა არის ადვილი?! გგონია მარტო შენ ხარ, ვისაც ყოველდღე ვამშვიდებ და შთავაგონებ, რომ სიყვარულით აივსონ?! ზოგი იფურთხება, ზოგი ქვას მესვრის, ზოგი მლანძღავს, ზოგს ვძულვარ, შეძლებდი ამდენის გაძლებას?! ამის მიუხედავად მაინც ვლივლივებ შენს წინაშე, რომ დაგეხმარო საკუთარი თავის პოვნაში…
– რა შუაშია საკუთარი თავის პოვნა ტალღებზე ლივლივთან?!
– როცა შენ იცნობ საკუთარ თავს, იცი რა გინდა, იცი, რომ მთელი სამყარო ერთიანია, ხოლო შენ მისი ნაწილი ხარ, გრძნობ, რომ სამყარო ზრუნავს შენზე და უფალი ყოველ ნაბიჯზე გმფარველობს, თავისუფალი ხარ ყოველგვარი ეჭვისგან და თამამად, სუფთა გულით მიაბიჯებ წყალში, მადლიერებით სავსე, რომ ზღვა ამ დილაადრიანად ასეთი სუფთა და თბილია, განა ეს არაა საკმარისი, რომ შეიგრძნო სიყვარული? განა არ ღირს გადალახო საკუთარი ეჭვები და უნდობლობა იმისთვის, რომ გაწვე წყლის ზედაპირზე, მოდუნდე და იგრძნო საკუთარი სიმსუბუქე, იგრძნო, როგორ გავსებ ჩემი უზარმაზარი ენერგიითა და სინაზით, ჩემი სიყვარულით…
– ზღვას არ შეუძლია სიყვარული…
– მეც ისეთივე ცოცხალი არსება ვარ, როგორიც შენ, მეც მომეცა სიცოცხლის უფლება, როგორც შენ, ხოლო ყველაფერი, რაც უფლის შექმნილია, სიყვარულითაა სავსე, ასე რომ არ იყოს, უამრავ ადამიანს არ მივცემდი საშუალებას ჩემი სილამაზით დამტკბარიყვნენ, ან გამოკვებილიყვნენ ჩემს წიაღში მოპოვებული საკვებით, ან არ მივცემდი ჩემს ზედაპირზე მშვიდად გადაადგილების საშუალებას. მეც შემიძლია სიყვარული, შენზე არანაკლებ და თუ მენდობი, შენც მეყვარები, სრულიად უცნობი და ჩაკეტილი ადამიანი, როგორც სხვები შევიყვარე, ვინც მენდო და დამიმეგობრდა.
– მინდა, რომ გენდო…
– ნახევრად ნდობა არ არსებობს, ან მენდობი, ან არა, ნუ მომაჩვენებ თავს, მე ვერ მომატყუებ, რადგან შენი დაძაბული კუნთები არ მოგცემს მშვიდი ცურვის საშუალებას, მალე დაგღლის, ისწავლე ნდობა!
– თავიდანვე არამგონია, რომ გამომივიდეს…
– შესაძლოა, მაგრამ თუ ბევრჯერ ცდი, მიხვდები, რამხელა ბედნიერების განცდა შეუძლია ადამიანს, თუკი გულს გახსნის და სიყვარულით აავსებს.
– ასე ჩაკეტილი იმიტომ ვარ, რომ ადრე იმედი გამიცრუვდა, რადგან სიყვარული მტკივნეულია…
– სიყვარული კი არა უსიყვარულობაა მტკივნეული! არაუშავს, ესეც უნდა გაგევლო, რომ სიყვარულის ფასი გცოდნოდა. როცა მეტი აღარ შეგიძლია, ეს იმიტომ კი არაა რომ მართლა აღარ შეგიძლია, უბრალოდ, ეგოიზმი და შიში გიტევს, ვაითუ, ვერ მიიღო იმდენი სიყვარული, რამდენიც გაეცი…
სიყვარული ვაჭრობის საგანი არაა, რომ ბუღალტერია აწარმოო – რამდენი გაეცი და რამდენი მიიღე!
– ზოგჯერ მგონია, რომ ამის შეგრძნების უნარი არ მაქვს…
– შენ გაქვს უნარი, გააძლიერო ნებისმიერი შესაძლებლობა, შეგრძნება, ეს კოდი დევს ყველა ადამიანში…
– შენ საიდან იცი?
– ბევრი მინახავს შიში რომ დაუძლევია და ბევრიც – შიშს რომ დაუჯაბნავს… შენზეა დამოკიდებული ჩაკვდები თუ აყვავდები…
– ნუთუ ცურვას ამდენი ფილოსოფია უნდა?!
– უბრალოდ, ცურავდე, ნიშნავს შეიგრძნობდე თავისუფლებას, როცა გაწვები ზურგზე და აჰყურებ, როგორ დაცურავენ ღრუბლების თეთრი ქულები შენს თავზე, ან თუ ცა მოწმენდილია, მის ფირუზში იკარგებოდე და გრძნობდე, რომ შენ შეგიძლია ენდო ღმერთს, რომელიც შენშია, რადგან ჩვენ დავიბადეთ თავისუფლები და მხოლოდ შემდეგ დავემონეთ ეჭვებსა და შიშებს. ნუ დაიჯერებ, რასაც სხვები ამბობენ, რომ ეს ცხოვრება ტანჯვაა. ცხოვრება ისეთია, როგორსაც შენ გამოძერწავ… მოდი, დროა სცადო, თუ უკან დაიხევ, მთელი ცხოვრება შენს პატარა ნაჭუჭში იქნები გამომწყვდეული და ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს ვიღაც გახრჩობს… შენ იმსახურებ იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით… მოდი, გაბედე… მე შენთან ვარ…
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ თბილად დამიყვავა, მომეფერა და დამამშვიდა, თითქოს რაღაც გზა მანიშნა, თითქოს ახალ რეალობაში შემაჭვრიტა გასაღების ჭრილიდან, თითქოს ამ კარის გასაღებიც კი მომცა! დავხედე წყალს, რომელიც ჩემს გამოსახულებას ირეკლავდა და შევნიშნე, რომ ჩემს სახეზე შიში და დაძაბულობა აღარ ირეკლებოდა, როგორც ადრე, შევიგრძენი ის ტკივილი და სიხარული, რაც ძველი აზროვნების გაშვებასა და ახლის მიღებას ახლავს თან. ჩემი ანარეკლის ქვეშ, სუფთა კენჭებს ვხედავდი და მინდოდა სულ უფრო ღრმად შევყოლოდი ამ სისუფთავეს და შემეგრძნო ის, რაც აქამდე არ
განმიცდია. ნელ-ნელა შევუყევი თბილ წყალს, როცა წყალი უკვე ყელამდე მომწვდა, ვეცადე მომესმინა ჩემი გულისთვის და დავაკვირდი, როგორ იხსნებოდა მისი თითოეული კუნთი, შთავაგონე, რომ მე უსაფრთხოდ ვარ, რომ ნდობა კარგია, რომ მე თავისუფალი ვარ ტკივილისგან და სიყვარულით ვივსები.
თანდათან მოვადუნე ყოველი კუნთი, ახლა უკეთ ვგრძნობდი თბილი წყლის ფერებას ჩემს სხეულზე, თითქოს თანდათან მე და ზღვა ერთი სხეული ვხდებოდით, მე აღარ ვიყავი ეჭვიანი მძიმე კუნძი, რომელსაც ჩაძირვის ეშინოდა და წყლის ყოველ შხეფზე დაფეთებული ნაპირისკენ გარბოდა. ყურადღება მივაქციე ჩემს სუნთქვას, რომელიც თანდათან უშფოთველი გახდა, შევნიშნე, მოდუნებასთან ერთად როგორ ავმჩატდი. ხელები განზე გავშალე და წყალზე გავწექი, სრულიად უჩვეულო შეგრძნება იყო, თითქოს ყველაზე ფაფუქ საწოლზე ვიწექი, მაგრამ აქ ჩემს ქვევით მხოლოდ წყალი იყო და მაოცებდა, როგორ შეეძლო თხევად მასას ჩემი შეკავება – უცხო შეგრძნება იყო მაინც. როგორც კი ოდნავ დავიძაბებოდი, ვხედავდი, როგორ მფარავდა წყალი და ასეთ დროს ხელახლა ვმშვიდდებოდი და ისევ წყლის ზედაპირზე მოვექცეოდი ხოლმე. უსაზღვრო სიმშვიდე დამეუფლა და შემაჟრჟოლა, ეს სიხარული იყო, ნაჭუჭიდან გამოსვლის სიხარული, კიდევ, უზომო მადლიერება, რომ უფალმა მომცა შანსი შემეგრძნო თავისუფლება და ამისათვის ზღვაც კი აამეტყველა. ვიწექი წყალზე და მარწევდნენ ტალღები და მივხვდი რამხელა ბედნიერება დევს ყოველ წამში, თუკი მზად ვართ მის მისაღებად.