უინტერესო სწავლება, მოწყენილობა გაკვეთილზე, ტექნიკური ხმაური, უჰაერობა, არამეგობრული გარემო, დიდი ხნით გაუნძრევლად ჯდომა მერხთან – ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს აზროვნებასა და მეხსიერებაზე. ადამიანი მინიმუმ რამდენიმე მილიონი წელია, რაც არსებობს. არსებული განათლების სისტემა კი, დაახლოებით ას წელს ითვლის. მანამდე, პოეტები და ფილოსოფოსები მუდმივი მოძრაობის რეჟიმში ღებულობდნენ განათლებას. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუკი არ იმოძრავებს, დაავადდება. ამიტომაც, აქტიური მოძრაობის რეჟიმი დღეში მინიმუმ 3 საათის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს. იმ პირობების გათვალისწინებით, რაშიც ადამიანი შეიქმნა, მას შეუძლია დღის განმავლობაში 7-8 საათის მანძილზე აქტიურად იმოძრაოს სუფთა ჰაერზე. ეს ოპტიმალურია ჯანმრთელობისა და შესაბამისად, აზროვნებისთვის.
როცა მოსწავლე დაახლოებით 40 წუთის მანძილზე გაუნძრევლად ზის გაკვეთილზე, იწყება სისხლის მოძრაობის შენელება, რის გამოც ტვინი საკმარისად ვეღარ იკვებება. შეიძლება ითქვას, რომ მერხთან ჯდომისას სწავლის პროცესი თავადვე აფერხებს აზროვნებას და სირთულეს უქმნის დამახსოვრებას.
სიღრმისეულად ფიქრისას, ადამიანი ხშირად მოძრაობს: მიდი-მოდის, ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშს. სწორედ ამიტომ, ძველი ფილოსოფოსები დაკავებული იყვნენ ფიზიკური სავარჯიშოებით, მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებში. ისინი გაკვეთილებს ბაღში ან ზღვის ნაპირზე საუბარ-სეირნობის ფორმით ატარებდნენ, რა დროსაც მასწავლებლები შეგირდებთან ერთად ეძებდნენ პასუხებს კითხვებზე. ბუნებაში ადამიანის აზროვნება ჩქარდება. პირველყოფილი ადამიანი სწორედ ბუნებაში საცხოვრებლად შეიქმნა. ასევე, ყველა ფილოსოფოსი ბუნების წიაღში ცხოვრობდა და ეწეოდა მოღვაწეობას. ბევრმა გენიოსმა შექმნა საუკეთესო ნაწარმოებები სოფლად ცხოვრებისას, ან ბუნებაში მოგზაურობის დროს.
აზროვნებას ისიც აფერხებს, როცა ადამიანი ღებულობს მზა პასუხებს, იმის ნაცვლად, რომ თავად ჩაუღრმავდეს საკითხს და მოიძიოს პასუხები. თუკი ბავშვის, ან მოზრდილის აზროვნების აჩქარება გინდათ, დაუსვით მას საინტერესო შეკითხვა. გასათვალიწინებელია, რომ მიღებული პასუხის სიჩქარის შესაბამისად, შეიძლება განისაზღვროს ადამიანის აზროვნების სისხარტე მოცემული მომენტისთვის, რადგან მისი სიჩქარე გარემოების შესაბამისად ცვალებადია.
ნათელი შეგრძნებები დადებითად მოქმედებს სწავლის პროცესზე და პირიქით, ნეგატიური ემოციები და განვითარების არასწორი გზის არჩევა ადამიანის აზროვნების შესაძლებლობას და ინფორმაციის აღქმის უნარს აქვეითებს.