გამარჯობა, ძვირფასო მეგობარო!
მე ვარ თამარ მეფარიშვილი და მე გიწვევ შენ!
სად? როგორ? რატომ?
ააააა, დაგაინტერესა? მაშინ ბოლომდე წაიკითხე ეს წერილი!
მე გადავწყვიტე დავარიგო საჩუქრები და ძალიან მჭირდება შენი დახმარება 🙂 !
დიდი ხანია მინდა რაიმე ორიგინალურის გაკეთება ძვირფასი ადამიანებისთვის. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ მაქსიმალურად ჩამედო ჩემი დადებითი ენერგია და სიყვარული. ძალიან მომინდა, რომ ადამიანს, რომელიც ჩემგან საჩუქარს მიიღებდა, უფრო მეტად ბედნიერად ეგრძნო თავი.
რაში მდგომარეობს იდეა და რა მნიშვნელობა გაქვს კონკრეტულად შენ???
მე გადავწყვიტე დამეწერა ხელნაწერი წერილები და მეტი სითბოს ჩასაქსოვად კონვერტებიც საკუთარი ხელით გავაკეთე. ჩამოვწერე ის ადამიანები, რომლებისთვისაც მომინდა ამ სიურპრიზის გაკეთება. რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ადრესატებს შორის აღმოჩნდნენ როგორც ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები, მეგობრები, ისე დიდი ხნის უნახავი ამხანაგები, ზოგიერთთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა (არადა, ძალიან მინდოდა), ხოლო ზოგიერთს ჯერ მხოლოდ სოციალური ქსელებიდან ვიცნობ, მაგრამ მაინც მომინდა საჩუქრის გაკეთება. მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები სიხარულითა და უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგიით აივსონ! უბრალო საახალწლო მილოცვის მაგიერ თბილი სიტყვები და ჩემი მისდამი დამოკიდებულება, აღფრთოვანება, პატივისცემა და სიყვარული გამოვხატე ისე, როგორც შევძელი! ადამიანებს ისე აკლიათ დღეს სიყვარული… ყველაფერი გვაქვს, სახეზე ბედნიერი ღიმილის გარდა!
რა შეგიძლია გააკეთო შენ?
მიიღე ჩემგან ეს გამოწვევა: აარჩიე შენ გარშემო 3 ადამიანი და მისწერე წერილი საკუთარი ხელით! ფურცელზე ხელით დაწერილს სულ სხვა სითბო და ენერგეტიკა ახლავს თან, თანაც, ამას ხომ თითქმის აღარავინ აკეთებს დღეს! შენ შეგიძლია აჩუქო ბედნიერი ღიმილი მინიმუმ 3 ადამიანს მაინც შენ გარშემო! მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც მბურძგლავს სიხარულისგან, რომ 50 ადამიანის სახეზე თბილ ღიმილს გამოვიწვევ! შეიძლება ფიქრობ, რომ “ყელამდე ხარ გარშემომყოფების პატივისცემით” ან “რატომ უნდა გაუზიარო სითბო მათ, ვისაც აქეთ არაფერი ემეტება?!”, მე კი ვფიქრობ, რომ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა გარშემომყოფებთან თბილი და გულითადი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად, გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად, ახალი არაჩვეულებრივი მეგობრების შესაძენად! ესაა გამოწვევა გადავლახო ეგოიზმი და ვუთხრა ადამიანებს ის, რისი თქმაც ასე გვიძნელდება (რატომღაც!)… მივხვდი, რომ სიყვარული გაზიარებით არ კლებულობს, მხოლოდ მრავლდება! თუ მას გასცემ, არ გაღარიბდები, პირიქით, უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს!
ჩვენ ხშირად ვწუხვართ “საით მიექანება ეს მსოფლიო?!”, შეიძლება სადმე მაინც მიექანება, მაგრამ მე მინდა ჩემი წილი სიყვარული გავავრცელო!
მე გიწვევ შენ, დიახ შენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო!!!
ასევე ვიწვევ თითოეულს ჩემი 50 ადრესატიდან, რომ მათაც 3 ადამიანს გაუზიარონ თბილი სიტყვები და ემოციები ხელნაწერი წერილის სახით!!!
იქნებ, ამ პატარა ჟესტით პატარა ნიავი დიდ ქარიშხლად გადავაქციოთ და ადამიანების სახეებზე მეტი ბედნიერება ვიხილოთ!
მე მინდა ვიყო ამის მონაწილე! შენ?????? 🙂
მადლობა, რომ ბოლომდე წაიკითხე ჩემი წერილი, მინდა ძალიან ძალიან ძალიან ბედნიერი იყო და იცოდე, რომ არის სამყაროში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შენ იყო ბედნიერი! მიყვარხარ!
P.S. აქვე გთავაზობ პირველ წერილს 50დან, რომელიც დავუწერე მამას, მან ჯერ არ იცის ამ სიურპრიზის შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება და წინასწარ ვცქმუტავ, გთხოვ, მისურვე წარმატება :)) !
P.P.S. გაინტერესებს, ვინ არიან ჩემი ადრესატები? მაშინ ჩადი წერილის ბოლოში და იხილე მათი სახელები, იქნებ, შენიც აღმოაჩინო მათ შორის :))) ! (ვასახელებ მხოლოდ 47 სახელს, 3 მათგანს დავტოვებ საიდუმლოდ
სიყვარულით,
მამა,
დიდი ხანია მინდოდა რაიმე სიყვარულით გამეკეთებინა შენთვის, რადგან შენ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ, ჩემი აღმზრდელ-გამზრდელ-ჩამომყალიბებელი. რაც ვარ დღეს, როგორც ვაზროვნებ, იმის ნაყოფია, რაც მასწავლე შენ და ყოველთვის მქონდა მწველი სურვილი გამომეხატა მადლიერება.
გადავწყვიტე საკუთარი ხელით დამეწერა შენთვის წერილი, ამას ხომ დღეს აღარავინ აკეთებს. მინდოდა, რომ ჩემი ენერგეტიკა უფრო ნათლად გეგრძნო, მეტიც, გადავწყვიტე, თავად შემექმნა კონვერტი, რომ მთელი გული ჩამექსოვა ამ მცირედ საჩუქარში.
ბავშვობიდან მქონდა ერთი დიდი ოცნება – მომეტანა ადამიანებისათვის ბედნიერება. შენ ხშირად მეუბნებოდი, რომ ყველა ადამიანს აქვს მისია, რისთვისაც მოვიდა ამქვეყნად, რომ თუ იპოვნი შენს მისიას, ის შტაგაგონებს მუდმივად და შენს ცხოვრებას ყოველთვის ექნება აზრი, თანაც დაამატე, რომ მისიის პოვნა ძალიან ძნელია და ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მე, ალბათ, მაშინ 9 წლის ვიყავი და გამიკვირდა, რატომ არის ასეთი რთული, მე ხომ უკვე ვიცი, რომ მინდა ადამიანებს მოვუტანო ბედნიერება?! მას მერე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ჩემი მამოძრავებელი ძალა ზუსტად ეს არის ახლაც…
მე შენი ყოველთვის მადლიერი ვარ და უზომოდ მიყვარხარ!
შენ გამოათავისუფლე ჩემში მეოცნებე და გადარეული ბუნება და ყოველთვის გჯეროდა ჩემი. რაიმე მცირედი რომ გამეკეთებინა, ყოველთვის აღნიშნავდი, ეს დამეხმარა თვითშეფასების გამომუშავებაში, რადგან ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მას აქებენ და შენმა დამოკიდებულებამ ჩემში უფრო მეტი შემოქმედებითობა გახსნა. მაშინ მე დავიჯერე, რომ შემიძლია განსაკუთრებული რაღაცების კეთება, შენი მამობრივი სითბო ყოველთვის იყო ჩემთვის სინათლის შუქი ბნელ 90იანებში, როდესაც არც კანფეტი, არც სათამაშო, არც მეგობრები და არანაირი განებივრების მსგავსი არ მქონდა. ჩემთვის ძალიან მძიმე და ტკივილიანი იყო მუდმივად იმის ყურება, რომ რაღაც არ ჰყოფნის ოჯახს, რომ ცხოვრება წვალებაა და სულ ვფიქრობდი: – არ არსებობს! წვალებისთვის ღმერთი არ გამაჩენდა! ბავშვობიდან მომყვებოდა აზრი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი საქმე, საიდანაც უფრო მეტ შემოსავალს მივიღებ, ვიდრე დავიხარჯები, შემდეგ გავიგე, რომ ასეთ საქმეს ერქვა ბიზნესი. დღემდე შთამაგონებს ეს აზრი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა განსხვავებულია და ამის გამო მუდმივი კრიტიკის საგანიც, ვპოულობ ახალ გზებს, ახალი განვითარების საშუალებებს, რადგან ბავშვობიდან გულის ხმის მოსმენა მასწავლე. შენ მასწავლე, რომ ადამიანების მხოლოდ რჩეული ნაწილი აღწევს პერსონალური განვითარების მაღალ დონეს, რომ არ უნდა გამოვიდე “თოხი”, თუკი ჩემგან ვიოლინოს გამოთლა შეიძლება!
დღეს, როდესაც ინტენსიურად გავდივარ პერსონალური განვითარების, ლიდერობის და ღმერთმა იცის, რის სწავლებებს, ვხედავ, რომ ჩემი მასწავლებლები ზუსტად იმას ამბობენ, რასაც ბავშვობაში მეუბნებოდი შენ… ის, რაც მათ ზრდასრულ ასაკში მიიღეს, ბავშვობიდან მყარ საძირკვლად შენ მომეცი. შენგან ვისწავლე ყველაფრის ანალიზი და საკუთარი, მიუკერძოებელი აზრის ქონა. მე ყოველთვის ვამაყობ შენით და იმით, რაც მომეცი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხარ სამაგალითო და პირველ რიგში შენი ოჯახისთვის.
ამ წერილით მინდოდა გამომეხატა სიყვარული და აღფრთოვანება შენ მიმართ.
გილოცავ, დამდეგ 2015 წელს, მინდა ეს წელი ყველაზე ბედნიერი იყოს ჩვენს ცხოვრებაში, მინდა მეტი სიყვარული და ურთიერთგაგება, მეტი სილაღე და მხიარულება ვაჩუქოთ ერთმანეთს.
მე გადავწყვიტე გავამრავლო სიყვარული, რაც ასე აკლიათ დღეს ადამიანებს, დავწერე 50 ხელნაწერი წერილი და უბრალო მილოცვის მაგიერ გამოვხატო სიყვარული და აღფრთოვანება. მომინდა ისეთი წერილი დამეწერა, რაც გულს გაგითბობდა, სიცოცხლის სურვილს გაგიძლიერებდა. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ მთელი გულით მოვინდომე.
მინდა გაგიზიარო ჩემი სიყვარული, ეს სულ მცირედია, რაც შემიძლია გაგიკეთო, რადგან სიყვარული გაზიარებით მხოლოდ მრავლდება.
მა, თუკი შენთვის ეს წერილი ძვირფასია და გინდა გახდე მისი გამამრავლებელი, გთხოვ, მადლიერების ნიშნად, შენც მისწერე შენთვის ძვირფას 3 ადამიანს წერილი ხელით, რომ მათაც ისევე იგრძნონ შენი სიყვარული, როგორც შენ იგრძენი ჩემგან. ეს არის ჩემი მოკრძალებული იდეა, გავამრავლო სიყვარული, მე შენ გჩუქნი, შენ სხვებს აჩუქე და თუკი ჩვენი ასეთი ქმედებით გარშემო ადამიანების სახეებზე მეტ სიხარულსა და ბედნიერებას დავინახავთ, ჩვენც უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და იქნებ, ეს სამყარო ერთი ბეწოთი მაინც გავაკეთილშობილოთ!
მიყვარხარ, მამიკო,
შენი პატარა გოგო :*
23.12.2014წ.
P.S
გაინტერესებს, ვინ არიან ჩემი ადრესატები? უყურე ვიდეოს ამ პოსტის დასაწყისში, სწორედ იქ იხილავ მათ სახელებს, ვინ იცის, იქნებ, შენც აღმოჩნდე მათ შორის !