Skip to content

10 თანამედროვე მითი განათლებაზე

2014 წელს გამოვიდა 2 საინტერესო წიგნი განათლებაზე : დ. ხრისტოდულუს „7 მითი განათლებაზე“ და დ. ბერლინერისა და ჯ. გლასის „ 50 მითი და ტყუილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკულ საჯარო სკოლებს: განათლების რეალური კრიზისი“.
გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ინფორმაციას ზემოაღნიშნული წიგნებიდან.

1. ფაქტები ხელს უშლიან გაგებას
ძალიან ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმით, რომ სასკოლო პროგრამა გადატვირთულია ფაქტებით. ალტერნატივად სთავაზობენ უნარ-ჩვევების განვითარებას და არა ფაქტების ზეპირ სწავლას. მაგალითად: ინფორმაციის გაანალიზების უნარს. თუმცა, ბევრი იმას ივიწყებს, რომ კონკრეტული მონაცემები ზუსტად ამ ანალიზის საფუძველს წარმოადგენენ და მათ გარეშე შეუძლებელია მისი განხორციელება.

2. იმის ცოდნა, თუ სად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია
ხშირად დაისმის კითხვა: “რისთვისაა საჭირო ამის ცოდნა, თუ საჭიროების შემთხვევაში ყველაფრის გაგება ინტერნეტში შემიძლია?“ რა თქმა უნდა, ბევრ შემთხვევაში ეს შეკითხვა სამართლიანია, თუმცა იქნება თუ არა ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია ისეთი, რომ ადამიანს ეცოდინება ზუსტი ინფორმაცია და საჭირო იქნება მხოლოდ მისი დეტალიზება ამომწურავი პასუხის მისაღებად? რა თქმა უნდა – არა. ჩვენ ხშირად ვხვდებით რთულ ამოცანებს, რომელთა ამოხსნისთვის სამუშაოს ნაწილის გაკეთება დამოუკიდებლადაა საჭირო და ინტერნეტი ვერ დაგეხმარებათ.

3. მასწავლებლის პასიური როლი განათლების პროცესში
ჯერ კიდევ ჟან-ჟაკ რუსო წერდა, რომ მასწავლებლის როლი განათლების პროცესში არ უნდა იყოს ზედმეტად აქტიური და მის მოვალეობაში მხოლოდ ბავშვებისთვის სწავლის სიყვარულის ჩანერგვა და მოტივირება უნდა შედიოდეს. უნივერსიტეტებში უკვე დიდი ხანია, რაც პროგრამის ნაწილი დამოუკიდებულ შესწავლაზეა გადატანილი. თუმცა, ეს არცთუ ისე სწორი მიდგომაა. ზ. ენგელმანის მეთოდებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის აქტიური როლი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას ზრდის. განსაკუთრებით, რთული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების შემთხვევაში.

4. XXI საუკუნეში ყველაფერი იცვლება
ისტორიის განმავლობაში „განათლების რევოლუცია“ ბევრ მოვლენას უწოდეს. დღესდღეობით, ამაზე სალაპარაკოდ უფრო ბევრი მიზეზი არსებობს, ვიდრე ადრე. ბევრმა ენთუზიასტმა, ვინც უახლეს ტექნოლოგიებს გვთავაზობს, დაჩქარებულად გამოაცხადა ტრადიციული განათლების ეპოქის დასრულება. მართლაც, ტექნოლოგიების როლი განათლებაში დღითიდღე იზრდება, თუმცა არსებული განათლების სისტემის საფუძვლიან შეცვლაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. პირველ რიგში, ისეთი გლობალური მოვლენა, როგორიც განათლებაა, რადიკალურად არა ერთ, არამედ ათ წელშიც ვერ შეიცვლება. მეორეც, – ჯერ არ არსებობს ალტერნატივები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან მიდგომას ამ სფეროში.

5. გამოცილება ცოდნაზე მნიშვნელოვანია
ბოლო დროს, პოპულარული ხდება სწავლა რეალურ პროექტებზე, გამოკვლევებსა და ქეისებზე მუშაობის გზით. ეს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ცოდნა, გამოცდილება და კარგი პრაქტიკა. ზუსტად ამიტომ, არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ეს მეთოდი სასკოლო განათლებაშიც შეიტანონ. დ. ხრისტოდულუ წერს: „ეს არის მიზნებისა და მეთოდების შერევა. ჩვენი პასუხისმგებლობა მოსწავლეების წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ მათ რეალური პრობლემების გადაწყვეტა უნდა ვაჩვენოთ. თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ რეალური პრობლემების პრაქტიკა მუდმივი უნდა იყოს. რეალურ სამყაროში პრობლების გადაჭრისთვის საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის ცოდნა.“ ეს ყველაფერი უფრო გადატვირთვს სასკოლო პროგრამას და ვერ გამოიღებს შედეგს.

6. ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული
რატომღაც უმეტესობა თვლის, რომ მოსწავლის სიზარმაცე და ცუდი ნიშნები მასწავლებლის ბრალია. ნამდვილად, მასწავლებლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, თუმცა უფრო მეტი ფაქტორი არსებობს, რომლის წინაშე მასწავლებელი უძლურია. ისინი ვერ აღზრდიან ყველა ბავშვს პატარა ასაკიდანვე. მათთვის არაა ცნობილი, რა სოციალურ და ეკონომკიურ პირობებში იზრდებიან ბავშვები. ისინი არ განსაზღვრავენ დატვირთვას და არ ადგენენ სასწავლო პროგრამებს. აქედან გამომდინარე, განათლების სფეროში პასუხისმგებელი ყველაა – მშობელი, მასწავლებელი, მთავრობა. შემდეგში დაფიქრდით ამაზე მანამ, სანამ „ცუდი“ მასწავლებლით უკმაყოფილებას გამოთქვამთ.

7. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა
არის თუ არა მასწავლებლის მუშაობაში განსხვავება, როცა ის მუშაობს 40 მოსწავლესთან და 20 მოსწავლესთან? იმის მიუხედავად, რომ პროგრამა ყველასთვის ერთია და დიდ ჯგუფებში უფრო ადვილია მოსწავლეების დისკუსიებში ჩართვა და გუნდური მუშაობის შესწავლა, პატარა ჯგუფებთან მუშაობის დროს პედაგოგს ეძლევა საშუალება, გაითვალისწინოს ყველა ბავშვის პირადი თვისებები და უფრო ეფექტურად წარმართოს სასწავლო პროცესი.

8. შესაძლებლობები
დღესდღეობით, მშობლები ცდილობენ თავიანთი შვილების მოწყობას „საუკეთესო“ სკოლა-ლიცეუმებში, გიმნაზიებსა და კერძო სკოლებში. თუმცა, ბევრი გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ განათლების დონე საჯარო სკოლებში არაფრით ნაკლები არაა. ერთადერთი განსხვავება კერძო და საჯარო სკოლებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ კერძო სკოლებში უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობებია.

9. ჭკვიანი მასწავლებელი
როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? – ის უნდა ერკვეოდეს საკუთარ საგანში, რომ კარგად გადასცეს ცოდნა მოსწავლეებს. თუმცა ბერლინერი და გლასი წერენ, რომ თანამედროვე მასწავლებელი არა მარტო „ენციკლოპედია“, არამედ ადამიანიცაა, რომელიც ერკვევა ფსიქოლოგიაში, ტექნოლოგიებში, მოტივირების თეორიებში და ა.შ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წარმატებული მუშაობისთვის მასწავლებელს, ცოდნის გარდა, 100-ზე მეტი უნარი ესაჭიროება.

10. ინოვაციები
ყველაფერი რაც ტრადიციულ განათლებას ეხება, თანამედროვეობაში იცვლება. თუმცა, ყველა ახალმა მეთოდმაც უნდა გაუძლოს დროს. ხშირად, ერთ სკოლაში წარმატებულად ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე სკოლაში არ ამართლებს. თუკი შევცვლით სისტემის ფუნქციონირების მეთოდებს, სავარაუდოა, რომ ახალი ტენდენციების ზეგავლენით, უფრო მეტ ზიანს მივიღებთ, ვიდრე სარგებელს.