Skip to content

უამრავი ფერადი ძაფით კარგად შეკრულ ჩემთვის უცხო ყვავილებს მარცხენა ხელით, ისე რომ ბოსტნეულით სავსე კალათი არ გამივარდეს, გულში ვიკრავ და მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარ ნაცნობ მზერას ჩემი უცხო მზერით ვპასუხობ. აზიური შესახედაობა სულაც არ აქვს, თითქოს ჩემს ქვეყანას მახსენებს. მახსენებს მამაკაცს, ყავის სახლის კართან რომ შევეჯახე 3 წლის წინ. მახსენებს იმ კაცის ღიმილს, სახლში მიმავალს, შორიდან რომ დამიძახა და მანიშნა გზად დავარდნილ ჩემს ჩალისფერ საფულეზე. იმ ქალაქს მახსენებს, საიდანაც წამოვედი, რომ ახალი ყვავილების თაიგული მეყიდა, გულში ჩამეკრა და არ დამენახა არაფერი ჩემთვის ნაცნობი. მარჯვენა ხელში რუკა მიჭირავს, თან ვცდილობ ამ უცხო ყვავილების მიღმა გავარჩიო საით უხვევს ჩემი გზა. უცხოს ნაცნობი მზერა კი გონებას მიფანტავს. ისე მიყურებს თითქოს ელოდება, როდის გადავკვეთ გზას, მივესალმები, ის მძიმე კალათს გამომართმევს, ყვავილებს დახედავს და ამავე ნაცნობი ღიმილით მეტყვის: „წავედით, ისედაც დიდი ხანია შენ გელოდები.“

ვცდილობ ყურადღება მაღალ შენობებზე გადავიტანო. მართლაც, როგორი მაღალია ის შენობა, რომლის წინაც ახლა ვგრძნობ, რომ მელოდებიან. უკეთ უნდა მესწავლა ამ ქვეყნის ენა, რუკაზე ვერ ვაგნებ გზას. რუკაზე ვერა, მაგრამ აი „ჩემი გზა“ ხელს მიქნევს. უცხო მამაკაცი, უცხო ქალაქში, ნაცნობი მზერით და ნაცნობი ხელით მესალმება. ეს ხელები იმ ზაფხულს მახსენებს, სახლიდან სადმე შორს გაქცევას რომ ვაპირებდი. მახსენებს იმ მამაკაცს ჩემს ოთახში, სიბრაზისგან წიგნი რომ ვესროლე, მერე კი დიდხანს ვუკოცნიდი ნატკენ შუბლს.

ყვავილების სურნელი მახვევს თავბრუს თუ ქალაქის ხმაური ვეღარ ვარჩევ. მარცხენა ხელი ძალიან დამიმძიმდა და მინდა ამ ადამიანებით სავსე ქალაქში, ვინმეს მივაჩეჩო ყველაფერი რაც ვიყიდე, რისთვისაც აქ გამოვიქეცი.

მელოდება, აშკარად მე მელოდება. მანქანებს აკვირდება, რომ გადმოსვლა შეძლოს ჩემთან. მარჯვნივ იყურება, სახეს ოდნავ ძაბავს, შორიდანაც ვხედავ, როგორი ჭკვიანი მზერა აქვს. ნაცნობი,ჭკვიანი მზერა. სადაც არის გადმოვა და მე მახსენდება, რომ ის ჰგავს მამაკაცს, ნოემბრის ბოლოს ჩემზე ნაწყენმა კარი ხმაურით რომ მიიხურა. ჰგავს მამაკაცს, დეკემბრის პირველში, პირველ ყინვაში, პირველად რომ მითხრა: „მიყვარხარ და გააღე კარი, იმიტომ რომ მხოლოდ შენს სახლში თბილა.“

ხმაურიანი ტოკიო და მზერა, ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანის

კალათს მართმევს და მეუბნება: „როგორც ყოველთვის ან დაიკარგე ან ვერ მიცანი.“

ავტორი: მარიამ კაჭარავა