Skip to content

ჩიტობას ადამიანობა სჯობს

წვიმდა. გაზაფხულის წვიმა მისველებდა მხრებს. მახსოვს, გაბრაზებული ვიყავი, მახსოვს მენატრებოდა, მაგრამ მას უკვე დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა ჩემსკენ მომავალი  გზა. მაგრამ მე  მაინც მენატრებოდა და ვფიქრობდი,რომ ალბათ ეს იყო ნამდვილი სიყვარული. რამდენჯერმე წარმოვიდგენდი მის სახეს, მის ღიმილს და სახლს, რომელიც თვალითაც კი არ მქონდა ნანახი. მინდოდა, საკვამურში ჩავყოლოდი თოვლის ფიფქებს. მინდოდა  ჩიტად ვექციე უფალს. მეგონა თუ შემოვსკუპტდებოდი მისი სახლის წინ და დავინახავდი, როგორ  ეძინა, გამიხარდებოდა მაგრად, მაგრამ ამაშიც კი არ მწყალობდა ბედი. ამიტომ  ეულად დავდიოდი ქუჩა-ქუჩა და ჩუმად ველაპარაკებოდი გულში მას. ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა ძალიან, მაგრამ ის ხმას არ მცემდა, ამიტომ მე  ჩემს გულში, უფალთან დავიწყე საუბარი. უფალი მაღალ მთაზე იჯდა და ლოცვებს წერდა ჩვენთვის.  ღმერთი ყოველთვის თბილად მექცეოდა, ყოველთვის მესაუბრებოდა და არასდროს ტოვებდა ჩემს კითხვებს პასუხის გარეშე. ასე მივხვდი,რომ უფალი ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარია. ერთ დღეს, როცა მე და ღმერთი ჩუმად ვისხედით ოკეანეების ჩრდილში და ვუყურებდით ტალღებში ჩამავალ მზეს, უფალს მოკრძალებით ვკითხე: რატომ არ მაქცია ჩიტად, ერთხელ მაინც რატომ არ გავხდი სიყვარულის ღირსი. პასუხი არ იყო, პასუხი ღამის უსასრულობამ შთანთქა. მივხვდი ასეთ რთულ კითხვაზე თავად უნდა  მეპოვა პასუხი. თავად უნდა მიმხვდარვიყავი, რომ ჩიტობას ადამიანობა ჯობდა.