1. მე არ ვარ მწერალი და აზრებს, რომელსაც დღიურში ვწერ, შეიძლება არ მოჰყვეს აღტაცება, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი მე ჯადოქარი ვარ, რომელსაც ესმის ბუნების ენა.
2. ლიტერატურული თვალსაზრისით, რაიმე ღირებული რომ შექმნა , აუცილებლად უნდა გრძნობდე საკუთარ უპირატესობას. ერთხელ მაინც უნდა დადგე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და ანგელოზად იქცე.
3. წერის დროს, არცერთ ცნობილ მწერალს და პოეტს არ მიჰბაძო, მიჰყევი მხოლოდ გულის კარნახს და აუცილებლად აღმოჩნდები სამოთხის ბაღში.
4. ბუნება თავად არის შეუდარებელი მხატვარი, მაგრამ ჩვენ მაინც ვხატავთ და ვწერთ, რადგან გული ყველაფერს განსხვავებულად ხედავს.
5. ჩვენი აზრები კარგ წიგნზე მნიშვნელოვანია.
6. ჩემი გულის მუსიკა მოულოდნელად მოვისმინე.. ზამთრის ერთ მოსაწყენ დღეს, ხიდზე გადავდიოდი და მტკვრის ხმას ავაყოლე ჩემი ფიქრები.. ღრუბლებს გავაყოლე თვალი, მომინდა მოვფერებოდი ხეებზე შემომსხდარ პაწაწინა ბეღურებს და მაშინ მივხვდი, მკერდში ისევ ძალუმად ძგერდა გული, ისევ სევდიან ნოტებს ამღერებდა დედამიწა.
7. ზოგჯერ სევდა შემოგვაწვება, ცხოვრებას ვყვედრით – ყველამ დაგვტოვა.სინამდვილეში ასეთ წუთებში, ჩვენ გავურბივართ მთელ სამყაროს.
8. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა მარტოსული ერთმანეთს გავს.
9. ყველაზე ლამაზი მელოდია, არის მელოდია, რომელსაც გული უკრავს, როცა შენ გხედავს. ზოგჯერ სევდიან ნოტებს ავიღებ, ზოგჯერ ცრემლებითაც ივსება სული, მაგრამ არსებობენ წუთები, როდესაც დარწმუნებული ვარ შენს სიყვარულში. ასეთ წუთებში, მე კი არა, ზეცა ასრულებს ლამაზ სიმღერას.
10. საყვარელ ადამიანთან განშორება დიდი ტკივილია, თავს საშინლად გრძნობ, სიცოცხლე აღარ გინდა, მაგრამ ცხოვრება ყველაზე ძლიერი ჯადოქარია. ის მძიმე წუთებშიც არ გტოვებს მარტო, შენს სევდიან სულს ეფერება და სიცოცხლის გასაგრძელებლად ძალას გმატებს.
11. შეიძლება ათასი ცოდვა ჩაიდინო და ტალახით დაისვაროს სული, მაგრამ ადამიანი მაინც ეძებს სამოთხეს, მაინც იმედის თვალით გაჰყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.