Skip to content

„ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.“

საღამოა… წყნარი ამინდი, მყუდრო ოთახი, მარტო სახლში… მარტო ჩემს თავთან და ამავდროულად ყველასთან და ყველაფერთან ერთად. ფიქრი… რა სასიამოვნოა, უსაზღვრო, მიზიდული ყველაფერთან, ადამიანად ყოფნის განცდაა, ცოცხალ, ამოუცნობ,თითქოს ნაცნობ საკუთარ თავთან ერთად… რაღაცას, ვიღაცას ვეძებ ჩემს ფიქრებში, დაუსრულებლად ვეძებ რაღაცას,ვიღაცას ჩასაბღაუჭებლად, რომ ჩემს ხელში მოვიქციო და მთელი ცხოვრება ვიწინამძღვრო… ფიქრებმა შემოიარა,რისი შემოვლაც გონებამ შეძლო. ვინ ვარ მე… მე რომ ვსუნთქავ, სხეულის დამსახურებაა ეს? -არა,მე სხვა ვარ, სხეულის გარდა მე ვგრძნობ ჩემს სულს, სხეული მატერიაა თითქოს, სული მაცოცხლებს მე. ჩამხედე თვალებში… და დაინახავ ჩემს სულს. თვალებით გრძნობ, რომ ადამიანში ცოცხალი სულია… რაღაც დავმშვიდდი, ცოტა შვება ვიგრძენი, მაგრამ კიდევ ვეძებ რაღაცას, ვიღაცას… გადავავლებ თვალს ჩემს, შენს, ყველას ცხოვრებას თვალს, ყველას შევკრებ, მთელს მსოფლიოს, მთელს დედამიწას,საკუთარი თავის ჩათვლით. მე ცოტა ხნით ვეთიშები, მაგრამ ჩემს თავსაც ხალხთან ერთად ვხედავ… ყველა ვარსებობთ და მოუსვენრად ვართ, ყველა რაღაცას ვაკეთებთ…

უცბად, გონებაში შემოფრინდა, მართლაც რომ შემოფრინდა თავისი მშვენიერი ფრთებით, ასეთი კითხვა,რომელსაც პასუხი მაშინვე მოყვა. ადამიანები იბადებიან,იხოცებიან, ისევ იბადებიან და ისევ იხოცებიან… რაღაც, მგონია, რომ აუცილებლად არის, რაც მარადიულად რჩება, რაც არასოდეს იკარგება, რისთვისაც ღირს ცხოვრება, ერთადერთი რამ, რაც ყველა ეჭვს ფანტავს, რასაც ანალოგია არ აქვს, რაც მუდამ არსებობდა და მუდამ იარსებებს, რაც ყველაზე მთავარია სიცოცხლეში. „ყველაზე მთავარი,“ ეს ხომ ის სიტყვებია,რასაც ყველა ეძებს მის თავშესაფარს. რა შემიძლია დავტოვო მე ამ ქვეყანაზე, რა იღებს ნაყოფს და არ ჩერდება? ერთადერთი, რაც კვებავს მთელს კაცობრობას… ეს არის _ სიკეთე !

გინდათ აღვწერო ახლა როგორ ვარ? როგორც ჩიტი ბუდეში,როგორც თევზი წყალში, როგორც პეპელა ყვავილში, როგორც მე ჩემს თავში… აღარაფერს ვეძებ, უცებ შევჩერდი და გულს დავუთმე გონება. თითქოს ვიბადები, ცოტაც და ფეხზე ვდგები, მიმოვიხედავ და რას ვხედავ… მე ვარ ბედნიერი. მე ახლა დავიბადე, სულ ახლახანს, რა მშვენიერია, რა სილამაზეა ყოველივე, რაც სამყაროშია… ადამიანებო, თქვენ ხართ სიკეთის თავშესაფარი, თქვენში გამოვლენილი ღვთის ხელი აცოცხლებს სულიერს თუ უსულოს.

ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ! ყველა ერთად უნდა ვიყოთ! რომ შევკრათ სიკეთის ჯაჭვი… ჩვენ ხომ ღმერთის გამოგზავნილები ვართ დედამიწაზე, რომ მისი უსაღვრო სიყვარულით ერთმანეთს შევაშველოთ ხელი. ეს ჩვენი ვალია..რომელიც ჩვენი ბედნიერების არსია.

„ყველაფერი მხოლოდ სიყვარულის წყალობით არსებობს, ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ერთიანდება…“

დედამიწას მართლაც სიყვარული ატრიალებს…