შემოდგომაზე, როცა ყვითლად იმოსება ბუნება და ფოთლები ნება-ნება ეცემა მიწას, განსაკუთრებით მიყვარს ქალაქში ფეხით სიარული. ალექსანდროვის ბაღს ვსტუმრობ ხშირად. ჩამოვჯდები სკამზე და ბავშვობის მოგონებებში ვიძირები სევდიანი ადამიანივით. ერთი ამბავი დღემდე არ მშორდება გულიდან. ალბათ იმიტომ, რომ ამ სიკეთის გამო არასდროს გადამიხდია მადლობა მისთვის. ბევრჯერ დავაპირე საჩუქარი მეჩუქებინა, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია ასეთი ფორმით გადაუხადო მადლობა ძვირფას ადამიანს.
როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაში, თითქმის ყველგან, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. სასწავლებელში არ თბებოდა საკლასო ოთახები, არ გვქონდა სახელმძღვანელოები. პედაგოგებს თვეების მანძილზე არ ეძლეოდათ ხელფასი და ყინვასა და სიცივეში ფეხით მოდიოდნენ სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად . ქართულ ენასა და ლიტერატურას რუსუდან მასწავლებელი გვასწავლიდა, რომელსაც არ ყავდა საკუთარი შვილები, რადგან არ იყო დაოჯახებული.
იგი მოსწავლეებს სითბოს და მზრუნველობას არ გვაკლებდა და ამასთან ცდილობდა, გამოეცოცხლებინა ჩვენი სკოლა. საკლასო ოთახის ნაცრისფერი კედლები მხიარული ფერებით შეღება. სახლიდან მოიტანა ქოთნის ყვავილები, ლამაზ ჩარჩოში ჩასვა დიდი მწერლის ფოტოები და მასწავლებლის მაგიდა იისფერი გადასაფარებლით დაამშვენა. ის იყო კარგი დეკორატორი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რადგან სწავლისთვის საჭირო გარემო საკუთარი ხელით შექმნა. ზოგჯერ დამატებით გაკვეთილებს გამთენიისას გვიტარებდა. მოსწავლეები ერთად მივუყვებოდით სკოლისკენ მიმავალ აღმართს და როცა მზის პირველი სხივები მოადგებოდა ჩვენს სარკმელს, მხოლოდ მაშინ ირეკებოდა ზარი.
რუსუდან მასწავლებელმა, გარდა იმისა, რომ შეგვაყვარა მწერლობა და პოეზია, გვასწავლა ერთმანეთის სიყვარული, რადგან ყველას ერთნაირი სითბოთი და სიყვარულით გვექცეოდა. ჩვენს კლასში არ იყვნენ გამორჩეული მოსწავლეები, რადგან ყველანი კარგად ვსწავლობდით და წიწილებივით ყველგან თან დავყვებოდით საყვარელ მასწავლებელს.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გავლის შემდეგ, რუსუდან მასწავლებელმა გადაწყვიტა საგურამოში გაეკეთებინა ღონისძიება. ჩვენი ოცნება იყო გვენახა სახლი, სადაც დაიწერა “მგზავრის წერილები ” და სხვა არაერთი ცნობილი ნაწარმოები. საღამოს, როცა დედა სახლში დაბრუნდა და ექსკურსიის შესახებ შეიტყო, აღმოჩნდა, რომ საკმარისი ფული არ გვქონდა. მშობლებს არაფერი ვაგრძნობინე. მეორე დღეს რუსუდან მასწავლებელს ყელში მობჯენილი ცრემლებით ვუთხარი, რომ ვერ შევძლებდი ექსკურსიაზე წასვლას და შინ გამოვიქეცი.
სახლში მისვლამდე ბაღში შევჩერდი. ჩანთა მიწაზე დავდე. დავჯექი ბალახზე, რომელსაც არ ჰქონდა ფერი შეცვლილი და ჯერ არ შეჰპარვოდათ ღეროებს სიყვითლე. ხელები თავქვეშ ამოვიდე, თვალები დავხუჭე და ცხოვრებაზე დავფიქრდი. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ყოველდღე უკეთესად მესწავლა. გავმხდარვიყავი ცნობილი ბიზნესმენი და გაჭირვებულ ბავშვებს დავხმარებოდი. გამიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რამდენ ფეხსაცმელს და ქურთუკს ვუყიდდი მიუსაფარი სახლის პატარებს. ასეთ ფიქრებში თითქოს უკეთესად ვიგრძენი თავი. თუ მოვინდომებ, სამყაროში ჩემს პატარა კვალს დავტოვებ. მაგრამ, ასეთი აზრების მიუხედავად, მაინც მტკიოდა გული იმის გამო, რომ მეგობრებს გამოვაკლდი და ექსკურსიაზე წასვლა ვერ მოვახერხე.
საღამოს გაკვეთილებს ვმეცადინეობდი, როდესაც ჩემმა კლასელმა ლამაზი, წელში გამოყვანილი ასოებით დაწერილი წერილი გადმომცა. მაშინვე ვიცანი კალიგრაფია. ,,დადუნა, საგურამოში ყველანი ერთად უნდა წავიდეთ,” – მწერდა რუსუდან მასწავლებელი, ,,შენს გარეშე ღონისძიება არ გამოვა ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით. დილის 9 საათზე მთელი კლასი სკოლასთან გელოდებით”. მთელი ღამე ვერ დავიძინე. არ ვიყავი ისე პატარა, ამ სიკეთის მნიშვნელობა ვერ გამეგო. მეუხერხულა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ გულის სიღრმეში მივხვდი, ეს ყველაფერი იმაზე მაღლა იდგა, ვიდრე უსახსრობით გამოწვეული უხერხულობა. დილით, ინათა თუ არა, სწრაფად გავემზადე, ზურგჩანთას ხელი დავავლე და სკოლაში გავიქეცი. რუსუდან მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ავტობუსთან იდგა. თეთრი კაბა ეცვა და ყელზე იასამნისფერი ბაფთა ეკეთა. თავს მხიარულად გრძნობდა და ღიმილიანი სახით მიყურებდა. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქალაქიდან, ამიტომ ფანჯრიდან თვალს არ ვაშორებდი გზას, რომელსაც ყველგან თან მიჰყავდა ხეები და მთები.
საგურამოში ილიას ბაღი გადაყვითლებული დაგვხვდა. არც ერთი ფოთოლი არ გავდა ერთმანეთს. მთელი ეზო მოვიარეთ, წავიკითხეთ ლექსები და ჟრიამულით ავავსეთ იქაურობა. ჩემმა ბავშვურმა გონებამ შემოინახა სიყვითლეში ჩაკარგული ხეების ჯარი და მათ წიაღში თეთრ კაბაში ჩაცმული რუსუდან მასწავლებელი, რომელიც, ნელი ნაბიჯით, მარტო მიუყვებოდა ოქროსფერი ფოთლებით მოფენილ ხეივანს.
წლების შემდეგ სამსახურში მიმავალს კლასელის დედა შემხვდა, რომელმაც საუბრის დროს მითხრა, რომ მაშინ რუსუდან მასწავლებელს ჩემი ექსკურსიის თანხა ხელფასიდან გადაუხდია მძღოლისთვის.
ანგელოზები და ფერიები ცაში არ ცხოვრობენ. ისინი ჩვენს გვერდით არიან. ზოგჯერ ძნელია მათი შემჩნევა, რადგან ვფიქრობთ, რომ მათ აუცილებლად დიდი ფრთები უნდა ჰქონდეთ. მაგრამ მათ არა აქვთ ფრთები, რადგან უბრალო ადამიანები არიან. ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ და კეთილი გული უდევთ მკერდში. სიკეთის კეთება მათი ბუნებაა და, რადგან ისინი მართლა არსებობენ, სწორედ ამიტომ ჰგავს ასე ხშირად სამყარო ზღაპარს.