Skip to content

“სულის სივრცე”

ადამიანის სულის სივრცე, მისი შინაგანი „თავისუფლების ინდექსით“ განისაზღვრება.

სული აძლევს სხეულს ფორმას..? თუ სხეული სულს..?

რაც უფრო ბევრს ვფიქრობ… უფრო და უფრო ვუახლოვდები იმ აზრს, რომ ყველა პრობლემის საწყისი საერთო, სამგანზომილებიან „სივრცეში“ დამწყვდეული, ქარივით თავისუფალი სული და გონებაა…

ემოციებით დაღლილი სული და უკონტროლოდ დარჩენილი გონება, რომელსაც ყველაფერი ნამდვილი ენატრება…

ერთი შეხედვითაც ჩანს, როგორი ქაოსია სულში, როგორ ვერ იტევს სხეული სულს …

როცა პრობლემა იზრდება და  რთულდება, „საერთო სივრცე“ ჭრელი ორნამენტებით მორთულ გახრწნილ სხეულს ემსგავსება. ჭრელი ორნამენტი, რომელიც უბრალოდ, მიწიერი მატერიებით შენიღბვის „ექსტერნალების იდეას“ ამართლებს.

სხეული კი უფრო და უფრო იხრწნება, რადგან კარგავს თავისუფლებას და იმედს. უიმედობის განცდა სასოწარკვეთილების ქარს მოაქვს. სასოწარკვეთილების ქარი, კი, იმდენად ძლიერი და სწრაფია, „მეოთხე განზომილებას“, დროსაც ასწრებს და აბერებს სულს.

სული სხეულში გულით ფეთქავს. . .

სულში დამდგარ შემოდგომას კი სასიცოცხლო ძალა მთლიანად მიაქვს და სუნთქვას, სხეული აგრძელებს გულის გარეშე. სული, ნოემბრის თვეში შემორჩენილ გაყინულ ყვავილს ემსგავსება, რომელიც უ-სუნო, უ-ფერო და უ-სარგებლო ხდება.

სასოწარკვეთილების ქარი კი გვიან გაზაფხულამდე ქრის, სულში დამდგარ ფოთოლცვენას უკვალოდ არ ჩაუვლია. . .

„ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“. . .

ყველაზე საინტერესო, „მნათობის გავლაა ცის მერიდიანზე“. . .

სულიერი თვითმკვლელობის ჟამს „ქარდაქარ“ მოფენილი ნათელი სხივი, მოკრებილი ბოლო ძალებით, მაინც დაყვება ჩვენს გახრწნილ, ამჟამად “ორნამენტებშემოხეულ“ სხეულს,  და ძალამოკრებილი ცდილობს ბნელი, მტვრიანი გზის განათებას. ამპარტავნების მაცდური სენით დაბნელებულ გონებას კი ნათელი სხივის დანახვა სულ უფრო მეტად უძნელდება და გაავებული ესხმის თავს დაპატარავებულ, შეშინებულ სულს, რომელშიც ღმერთის ხმას ნელ-ნელა ახშობს, რათა „კეპთა“ თაყვანისცემისას ხელი არ შეეშალოს.

საერთო, უფერულ სივრცეში დამწყვდეული გონება კარგავს  სიკეთის აღქმის უნარს. უსულო სხეული კი უძლურია დაინახოს სხივი, რომელიც „ბესლეთის ხიდამდე“ გვაცილებს…

სულის საწყისი ღვთიურია…

საკმარისია, მივხვდეთ, რომ საკუთარი თავის მონობაში ვკარგავთ თავის-უფლებას „სულის სივრცეზე“, რომ გაჩნდება გზა ჩავწვდეთ სულის სიღრმეს და სინათლეს…

„თავისუფლებადაკარგული“, გამოკეტილი სული კარგავს სიყვარულის ნიჭს და უნარს . . .

ყველა პრობლემის არსის სამი განზომილება სწორედ ჩვენ, ადამიანები ვართ, ამაყები და გულადები. საკმარისია, ცამ შედარებითი სიმძაფრით დაგვაწვიმოს, რომ ცაზე გაბრაზებულნი მაღლა აღარ-ც ვიხედებით, გამოგზავნილი მზის უხვი სხივებითაც კი ვეღარ მოიგებს ჩვენს გაციებულ გულს და უსულოდ დარჩენილ სხეულს…

სხეული ცივდება სულის გარეშე…

თითქოს, ასეთი მარტო-ც, არასდროს ყოფილა ადამიანი . .  .

მხოლოდ რწმენა გვაპოვნინებს დაკარგულ სულს და სხეულში შე-ხორცებულ გულს.

რწმენა კი სწორედ ის ნათელია, რომელსაც ჩვენი ამპარტავნებით, სასოწარკვეთილებითა და უმადურობით, ვასუსტებთ, მაგრამ „ბესლეთის ხიდამდე“ გზას მაინც გვინათებს უხილავი „მრწამსით“…

ხანდახან გვგონია სამუდამოდ ჩაქრა, მაგრამ საკმარისია სულში შემოვუშვათ სიკეთე, ნათელიც პირვანდელ სახეს იბრუნებს, სულიც „სხვა“ სიმშვიდით ივსება და ღმერთის ხმა ძლიერდება „ცხოველ“ ადამიანში!

იგრძნობს რა სული სიმშვიდეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად ეცდება შეინარჩუნოს, სხვასაც გაანდოს ამ საიდუმლოს სიტკბო . . . სიტკბო, როცა ადამინი ღმერთთან ყველაზე ახლოსაა და როცა ადამინი მიწაზე გრძნობს ცის სურნელს…

ამ დროს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანი „სულიერი“ არსებაა…

„სული საზღვარს გადაცდება ფრენით“ . . .