შეგვიძლია თუ არა მადლიერება? საქმე ეხება არა უბრალოდ „მადლობის“ თქმას რაიმე კარგის სანაცვლოდ, (თუმცა ესეც ნაბიჯია წინსვლისკენ), არამედ იმ მადლიერებას, რომელიც მოიცავს მთელ არსებას და იწვევს ადამიანის მისწრაფებას, გასცეს რაიმე საკუთარი თავიდან, რათა აღადგინოს უხილავი ბალანსი სივრცეში და შექმნას ირგვლივ ჰარმონიის სფერო.
ჩვენს ყოფიერებაში ყველაფერი თამაშის და ენერგიის ურთიერთქმედების შედეგად ხდება. ფაქტობრივად, ეს ერთი ყოვლისმომცველი ენერგიაა, რომელიც მრავალ ნაკადად მოედინება და სხვადასხვა შესაძლებლობას ავლენს.
როცა ჩვენთან მიმართებაში ჩუქების აქტი ხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ მისი წყაროდან ენერგიის ნაწილი მოდის. ჩვეულებრივ, ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. ყოველი საჩუქარი მოიცავს წყალობის აქტს და თუკი ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური არსება ჩამოყალიბებულია, საჩუქარი შესაბამისად უნდა დავაფასოთ. დაფასება გულისხმობს სულის სიღრმეში წარმოშობილ მისწრაფებას მადლიერებისკენ. ეს უკვე ნიშნავს რაიმეს გაცემას, რაც შეიძლება მიღებულზე მეტიც იყოს.
კოსმოსში არსებობს კანონი, რომელიც ბევრმა უკვე გამოსცადა ცხოვრებაში. რაც მეტს გასცემ უანგაროდ, მით მეტ საჩუქარს მიიღებ. სამყარო უჩვეულოდ გულუხვია, მაგრამ იგი მოქმედებს ექოს და ასახვის პრინციპით. იგი ხედავს, რომ გასცემთ და გჩუქნით სანაცვლოდ. რადგან სამყარო ყველა ჩვენგანზე ბევრად მდიდარია, მისი საჩუქარი არის არა მეფური, არამედ – ღვთაებრივი.
როცა ადამიანი მადლიერია, იგი გასცემს უანგაროდ. განსაკუთრებით საჭიროა ამ მხრივ მაგალითის მიცემა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სულიერი სივრცის დასამკვიდრებლად პირველ ნაბიჯებს დგამენ. თუნდაც შედეგი დროში იყოს გაწელილი, მთავარი მაინც ისაა, რომ მივცეთ მადლიერების მაგალითი.
მადლიერება ჩვენი ძალიან ლამაზი მასწავლებელია, რომელიც თუკი ერთხელ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, მუდმივ თანამგზავრად გვექცევა, რადგან პირველი რეალიზებული სურვილი მადლიერებისა აუცილებლობაში გადაიზრდება და ჩვენი გულის მოთხოვნილებად იქცევა.
როცა ვისწავლით მადლიერებას, საოცრად იცვლება ცხოვრება. პირველ რიგში, გვეძლევა იმის შეგრძნება, რომ არსებობის ყოველი დღის მადლობელი უნდა ვიყოთ.
ვიღვიძებთ დილით, ვაღებთ ფანჯარას, ჩავისუნთქავთ ჰაერს – მადლობა უფალს! ამოვა მზე, მოგვცემს სითბოს და სინათლეს. მისი მადლიერი უნდა ვიყოთ. შემდეგ აბაზანაში შევალთ და წყლის სტიქიას გადავუხდით მადლობას. გახვალთ ქუჩაში, ვიღაც გაგიღიმებთ და მადლიერი იქნებით უფლის, რომ შეგახსენათ მისი მუდმივი სიყვარული. ჩართავთ კომპიუტერს და ნახავთ, რომ რომელიმე მეგობარმა უკვე გამოგიგზავნათ სასიამოვნო მუსიკა, საჭირო ინფორმაცია ან უბრალოდ მოგწერათ: „გამარჯობა, როგორ ხარ?“
თქვენ გესმით, რომ სულაც არაა ეს ტრივიალურობა, რადგან ვიღაცამ საკუთარი დროის და ყურადღების ნაწილი მოგცათ, ენერგია თქვენკენ მომართა. ამ დროს თქვენ გულში ისეთი ლამაზი და მთრთოლვარე ყვავილი იშლება , როგორიცაა მადლიერება.
ისეც ხდება, რომ ითხოვთ დახმარებას, რჩევას, მხარდაჭერას და მაშინვე ღებულობთ ამ ყველაფერს უანგაროდ. თუმცა, ჩვენ თვითონ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არამხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ ამ ყველაფრის, არამედ თავადაც გავცეთ და შევინარჩუნოთ ენერგეტიკული ბალანსი. თუ რა ფორმით გავცეთ მადლიერება, ამის გასაგებად ჩვენში ყოველთვის არის უხილავი მოკარნახე, ინტუიციის სახით, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ.
როცა შეიძენთ უნარს, მადლიერი იყოთ წვრილმანებისთვის, გაოცებული გააცნობიერებთ, რომ წვრილმანები არ არსებობს. სამყაროში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი, რასაც წვრილმანს ვეძახით, ცხოვრების მთლიანი, თანმიმდევრული, რეალური სურათის შესაქმნელად აუცილებელია. თქვენს ცხოვრებაში მადლიერების ნაკადის შესაშვებად გულის გახსნის შემდეგ, იწყება ნამდვილი სასწაული. სამყარო ხომ ჩვენი ანარეკლია და როცა ჩვენში მადლიერება იღვიძებს, იგი თავისი სიუხვით გვპასუხობს. საოცარია იმის გაცნობიერება, თუ რამდენად დიდსულოვანია ცხოვრება თქვენდამი და როგორ უყვარხართ.
ისწავლეთ მადლობის თქმა და არ დაიღალოთ მადლიერებით. შეამჩნიეთ წვრილმანები: ვიღაცამ მოგაძებნინათ სასურველი წიგნი, ვიღაცამ გაგაღიმათ (იუმორი ხომ ღმერთის საჩუქარია), ვიღაცამ სიკეთე გისურვათ… გადაუხადეთ მადლობა.
იყავით მადლიერი სამყაროსი, ღმერთის, ცხოვრების – ეს ყველაფერი ხომ ერთი მთლიანობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მადლობელი ხართ, მთავარია, რომ მადლიერების ენერგია თქვენგან მუდმივად მოდიოდეს.