Skip to content

საერთო ბედნიერება ანუ ვიღიმით ყველა

ყურებამდე გახეული პირით მოდიოდა 8 წლის ბიჭუნა ჩემსკენ. მომიახლოვდა, ხელი ხელზე მომკიდა, წრიპინა ხმით მითხრა- „ყველაფერი კარგად იქნება, გაიღიმე“ და წავიდა.

გამეღიმა და გზას გავხედე.

ტალახში ფეხებს ძლივს მიათრევდა. აშკარად დიდი ფეხსაცმელი ეცვა, დახეული და ჭუჭყიანი. ნაცრისფერი შარვალი ისე დაპატარავებოდა რომ კოჭებს ზემოთ აწეულს ტალახისგან გაჭუჭყიანებული ხორცი მოუჩანდა. ხელში 2 წიგნი ეჭირა- სუფთად მოვლილი და შენახული.

თვალი არ მომიშორებია მისთვის. შემომხედა და გამიღიმა.

გამიკვირდა. არ ვიცნობდი და ისე მოვიდა, თითქოს იცოდა რა ტრიალებდა ჩემს გულში. ალბათ სახეზე მაწერია ყველაფერი.

იქვე ხის ძირში დაგდებულ ქვაზე ჩამოვჯექი და ამოვიოხრე. საერთოდ არ მეღიმებოდა არაფერზე -არც ხალხზე, არც ცხოვრებაზე და მითუმეტეს ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებაზე.

ასე გაშტერებული ვუყურებდი ერთ წერტილს, როდესაც გზიდან მომავალი მოხუცი ბაბუა შევამჩნიე. ნელი ნაბიჯითა და ღიღიბით მოდიოდა. თავზე ქუდი ეხურა-ისეთი სოფელში მოხუცებს რომ ახურავთ განურჩევლად სეზონისა.. თავდახრილი მოდიოდა და ღიღინთან ერთად სახეზე ღიმილიც ეფინებოდა. ახლოს რომ მოვიდა, შემამჩნია. ჩემსკენ წამოვიდა და ახლოდან დამაკვირდა.

-რამე გიჭირს ბაბუ?

-არა ბაბუ. ვისვენებ.

ეშმაკურად შემომხედა და გამიცინა.

-მე რას მატყუებ შვილო. მეც ეგრე ვისვენებდი შენხელა რომ ვიყავი. სიყვარული გაწვალებს ხო? მაგან იცის თვალის გაშტერება, გულისაც და გონებისაც.

გამეცინა. ამოვიოხრე და თვალებში შევხედე.

დაახლოებით 75 წლის იქნებოდა. სახე დანაოჭებოდა. სითბო ეღვრებოდა თვალებიდან. თითქმის გამოიარა მთელი ცხოვრება, გაჭირვება , განსაცდელი. ყველაფერი ნახა და ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერია. გულწრფელად შემშურდა. თავისი ცხოვრების ისტორიის ბოლო თავს ღიმილითა და სითბოთი ქმნიდა. მე კიდევ? ახალგაზრდა ვარ და ღიმილი რა არის, ისიც არ ვიცი.

მოხუცის შემხედვარე შემრცხვა.

ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და ბაბუამ. თავისი სასიყვარულო გამოცდილება გამიზიარა და თითოეული მოგონების გახსენებისას თვალებში ახალგაზრდულ ნაპერწკალსა და ბედნიერებას ვხედავდი.

სათუთად შენახულ ისტორიებს მიყვებოდა მოხუცი. მის ჩაფიქრებულ და ღიმილიანი სახეს რომ ვუყურებდი მეღიმებოდა.

-არაფერზე იდარდო ბაბუ, ყველაფერი გაივლის. გაიღიმე.

მითხრა და ფეხზე წამოდგა.

ნელი ფრატუნითა და ღიღინით გაუყვა ტალახიან გზას. ჩემთან კი ღიმილი, სითბო და მოხუცის სუნი დატოვა-ცხოვრებისეული ტკივილებითა და ბედნიერებით გაჟღენთილი.

ისევ მოვიღუშე. ჩემი სადარდებელი გამახსენდა. ტვინში სისხლის ჩაქცევამდე მტკიოდა თავი. ფეხზე წამოვდექი და მეც მოხუცის მიერ გავლილ ტალახიან გზას გავუყევი.

ქალაქიდან პრობლემებს სოფელში გავექეცი. ჩემს სევდიან სახეს ქალაქელების დარდიანი და უღიმღამო სახეებიც ემატებოდა და მდგომარეობას უფრო მიმძიმებდა.

აქ კი, სოფელში მხოლოდ მე ვარ სევდიანი. ირგვლივ ყველა იღიმის მაშინ როდესაც ქალაქში მაცხოვრებლებზე მეტად უჭირთ. დარდს ღიმილით ხვდებიან და ყველაფერი ფერადია მათთვის.

აქ ყველა ბედნიერია ან ვითომ „ბედნიერი“.

ტალახიან გზას ირგვლივ ხეების რიგი აკრავს. გაზაფხულის სუნი მოსდებია არემარეს და მინდვრის ყვავილებს თავი მზისკენ აუწევიათ.

მშვიდ, მიტოვებულ და ტალახიან სოფელში ვარ, სადაც არც გზა აქვთ და არც ელექტროენერგია. არაფერი აქვთ ისეთი მატერიალური თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ადამიანისთვის ელემენტარული კომფორტი რომ შექმნას.

პატარა ბიჭუნასა და მოხუცის გარდა კიდევ რამოდენიმე ჩემთვის უცხო ადამიანს შევხვდი და ყველამ გამიღიმა. ეზოში მყოფებიც კი მესალმებოდნენ და მიცინოდნენ. ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი რომ ეს ადამიანები ყველაზე ბედნიერნი იყვნენ და არა ყალბ, არამედ გულიდან ამოსულ ღიმილს მჩუქნიდნენ.

აქ საყოველთაო ბედნიერება სუფევს.

მათ არაფერი აქვთ მატერიალური მაგრამ სამაგიეროდ აქვთ ყველაზე მთავარი-ღიმილი ყველასთვის, რომელიც ყველას ბედნიერს ხდის -გამცემსაც და მიმღებსაც.

მოხუცის სიტყვები გამახსენდა ყველაფერი გაივლის, გაიღიმეო.

მინდა ყველაფერზე გავიღიმო.