ქარმა კიდევ უფრო მიყარ-მოყარა შემოდგომის უკანასკნელი ფოთლები და დააყენა ნამდვილი კორიანტელი გარშემო. ვფიქრობ,რადგან ყველაფერი ნელ-ნელა გაეხვია ზამთრის საბურველში, მალე მიწაც დაიფარება თოვლის ფიფქებით და ქალაქში ნამდვილი საახალწლო სამზადისი დაიწყება. ჩემი ფეისბუქის მეგობრები უკვე ხშირად აზიარებენ ზამთრის პეიზაჟს – პატარა დათოვლილი სახლებს, რომლებიც დგანან ყველაზე მშვენიერ მაღლობზე და თითქოს ბეღურებიც სხედან ტოტებზე, დაფიფქული აქვთ პატარა ფრთები. მოიპარება ოქროსფერი, ფუმფულა მელა თოვლში და მიუხედავად იმისა დათოვლილ მიწაზე ტოვებს კვალს,მაინც ვერ ახერხებენ მონადირეები იპოვონ მისი პატარა ქოხი. მკითხველო, რადგან მეც ერთ – ერთი შენგანი ვარ – საოცრად მეოცნებე ადამიანი, ამიტომ ამ პატარა სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლი, თბილ მოგონებებს აღვიძებს ჩემში. ამიტომ თუ დრო გაქვს, შეგიძლია გაიმზადო ფინჯანი ჩაი,მოკალათდე კომპიუტერთან და დეკემბრის ამ სუსხიან ამინდში,მოისმინო ჩემი გულისამაჩუყებელი ისტორია,რომელიც ყოველთვის მახსენდება მაშინ,როდესაც ახლოვდება ახალი წელი.
ჩემი და უცნობი ბებოს მეგობრობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მოხუცი, ქაშვეთის ტაძრის ეზოში იდგა და მიუხედავად იმისა ხელი არ ჰქონდა გაწვდილი, მიხვდებოდი სახლიდან, ასეთ ცივ ამინდში, ისიც ლუკმა-პურის საშოვნელად იყო გამოსული.რა თქმა უნდა ადამიანები არ იმსახურებენ, რომ ქუჩაში იდგნენ მოწყალების სათხოვნელად,რადგან ყველას აქვს ბედნიერად ცხოვრების უფლება,მაგრამ გული განსაკუთრებით მტკივა,როდესაც ვხედავ მოხუცებს,რომლებიც სიცივეში დგანან და დახმარებას გვთხოვენ.ჩემი აზრით ისინი შვილიშვილებთან ერთად თბილად უნდა ისხდნენ ბუხრის პირას და ზღაპრებს უკითხავდნენ პატარებს.
პირველად რომ შევნიშნე მოხუცი ბებო, განსაკუთრებით სევდიანი თვალები და თოვლივით თეთრი ხელები ჰქონდა,რომელიც კაბაზე ეწყო სანთელივით. ვფიქრობ ანგელოზმა, რომელიც ყოველთვის ცდილობს სიკეთის კეთებაში დაგვეხმაროს, მანიშნა რომ ბებოსთან შევჩერებულიყავი და ფრთხილად გამეწოდებინა დახმარების ხელი მისთვის.ბებომ მთელი გულით დამლოცა და რატომღაც იმ წუთებში მომეჩვენა, მე ვიყავი შვილი,რომელმაც პირველი ხელფასი მიუტანა მოხუც მშობლებს.იმ დღის შემდეგ, ბებოს ხშირად ვხვდებოდი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი კიდეც.ზოგჯერ სახლიდან მიმქონდა მისთვის საკვები. ერთ დღეს გემრიელი კერძი მოვამზადე და ბებოს სხვა პროდუქტებთან ერთად სახლში მივუტანე. თურმე ადამიანებს,რომლებიც მოწყალებას ითხოვენ,ყველაზე მეტად ასეთი მზრუნველობა ანიჭებთ ბედნიერებას. ბებომ მითხრა,რომ ჩემს მომზადებულ საჭმელს ოჯახური სითბო მოჰყვა თან,რაც ყველაზე მეტად მაკლდა ცხოვრებაშიო. მას, როგორც თავად მიამბო არასდროს ჰყოლია ოჯახი,არასდროს ყოფილა დაოჯახებული და რადგან საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდა წამლების ყიდვას, ამიტომ ითხოვდა მოწყალებას. ბებომ ყველაფერი გულწრფელად გამიზიარა თავისი ტკივილის და დარდის შესახებ. მითხრა,რომ რცხვენოდა ქუჩაში მოწყალების თხოვნა. ადრე პედაგოგად მუშაობდა თურმე სკოლაში. მრავალი ახალგაზრდა გაუზრდია, მაგრამ ახლა სრულიად მარტო დავრჩიო წუხდა და ცრემლებს იმშრალებდა სევდიანი ხელებით. ბებოს მეც გავანდე რამდენჯერმე ჩემი გულისტკივილი და მანაც დაუზარელად მომცა რჩევა-დარიგება. ერთ დღეს კი გამომიცხადა,რომ ფულს აღარ აიღებდა ჩემგან. ” ძალიან მერიდება შენი ჩემო პატარა მეგობაროო, თქვენ ახალგაზრდებს უფრო ბევრი რამ გჭირდებათო.ძალიან გაჭირდა ცხოვრება,მაგრამ მომავალში ყველაფერი კარგად იქნებაო” – ეიმედებოდა მაინც ყველაფერი. მე კი ასე ადვილად არ შემეძლო მისი მიტოვება. ასე მეგონა ის იყო ადამიანი,რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა და მთხოვა – მეზურნა მასზე. მეგონა ჩემს ბებოს უჭირდა,თითქოს ჩემი ბებო იჯდა სიცივეში და უფრო და უფრო ეყინებოდა ხელები. ჰოდა, წარმოდგენა არ მქონდა,როგორ უნდა მიმეტოვებინა ასეთი ახლობელი ადამიანი?
ერთ დღეს სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. საახალწლო განათება ზღაპრულ ელფერს აძლევდა ქალაქს. წინა საახალწლო ორომტრიალი იყო დაწყებული ყველგან. დადიოდნენ ქუჩაში ნამდვილი სანტა-კლაუსები და საახალწლო სურვილებს უსრულებდნენ ადამიანებს. ასეთ ლამაზ,საახალწლო წუთებშიც კი, მოხუცი ბებო, ეკლესიის ეზოში ითხოვდა მოწყალებას. დამინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა.ხელი დამიქნია და თავისკენ მიხმო. ხალისიანი მეჩვენა.თითქოს სევდიანი თვალები აღარ ჰქონდა. მითხრა შენთვის საჩუქარი მაქვსო და სიყვარულით გამომიწოდა საახაალწლოდ შეფუთული ყუთი. მოულოდნელად დავიბენი.არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ჩემი სიხარული.ასეთმა მზრუნველობამ კიდევ უფრო შემიფაკლა სიცივისაგან აწითლებული ლოყები. ამიტომ ბებოს სასწრაფოდ მადლობა გადავუხადე და ემოციებით სავსე სახლისკენ გავიქეცი.მოვდიოდი და ლამაზად მითბებოდა გული. ცა იყო თეთრი ღრუბლებით დაფარული,ამიტომ ჯერ ერთი ფიფქი დამეცა ხელის გულზე,შემდეგ მეორე და მოულოდნელად საცრისხელა ფიფქებით დაიფარა ყველაფერი ირგვლივ. სახლში,რომ მივედი და ყუთი გავხსენი, მასში ლამაზი ხელით ნაქსოვი ლურჯი სვიტერი აღმოვაჩინე. ბებომ იცოდა,რომ მე ძალიან მიყვარდა ლურჯი ფერი. მე კი ვიცოდი,რომ მას უყვარდა ქსოვა და ოცნებობდა საყვარელი ადამიანებისთვის მოექსოვა ზამთრის ტანსაცმელი.
სამწუხაროდ ძალიან ხშირად მეგობრებს,ნათესავებს,ახლობლებს ავიწყდებათ გაუზიარონ სითბო და სიყვარული ერთმანეთს. აღარ ახსოვთ,რომ გულწრფელად უნდა უსურვონ ძვირფას ადამიანებს ყოველივე კარგი. ადამიანები მხოლოდ საკუთარი პრობლემებით ვართ დაკავებული და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მოწყალების სათხოვნელად ეკლესიის გუმბათზე ანგელოზებივით შეფენილ ადამიანებს. მაგრამ ხშირად საპირისპიროდ ხდება ყველაფერი. უცხო ადამიანები პოულობენ და სამუდამოდ უთმობენ გულს ერთმანეთს. უანგაროდ გასცემენ ს სითბოს,სიყვარულს და არაფერს იშურებენ ერთმანეთისთვის.