საქართველოს შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენები და პროცესები საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა, როგორც დასაქმებულთათვის, ისე – დამსაქმებელთათვის.
დასაქმება ქვეყანაში ჯერაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად. ცხადია, რთულია ეძებო შენი პროფესიის შესაბამისი სამსახური ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუმცა მორიგი პრობლემები იწყება მაშინ, როცა დასაქმდები.
ეს პოსტი არის მათთვის, ვინც შრომის ბაზარზე ახლად ფეხშედგმულია და ჯერაც ცდილობს თავის დამკვიდრებას.
ყველაფერი იწყება ასე: ეძებ სამსახურს. აგზავნი რეზიუმეს ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდება. გირეკავენ. აბარებ ტესტირებას, რომელსაც მოსდევს ჯგუფური გასაუბრება, ინდივიდუალური გასაუბრება, გასაუბრება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და კიდევ ბევრი რამ, რაც დამსაქმებლის კრეატიულ აზროვნებაზეა დამოკიდებული. თუ გაგიმართლა იპოვნი კიდეც სამსახურს, და თუ უფრო გაგიმართლა, შენი პროფესიისთვის შესაფერის სამსახურსაც გამოჰკრავ ხელს. აი, მერე კი იწყება ყველაზე მთავარი.
ჩემი აზრით, ყველაზე რთული პერიოდის გავლა მაშინ გიწევს, როცა სტაჟიორი ხარ.
• აკეთებ ყველაფერს, რაც გევალება და რაც არ გევალება.
• დავალებული ხარ ყველას წინაშე და ამ ვალიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოხვალ.
• გყავს იმდენი უფროსი, რამდენი თანამშრომელიცაა ორგანიზაციაში.
• არავინ გაწვდის შენთვის საჭირო სიახლეებს და თუ ინტერესი გამოიჩინე და შენს „უფროსს“ ჰკითხე ნიუსების შესახებ, გამოდიხარ ჭორიკანა.
• გაკვირდებიან მუდმივად. გიკონტროლებენ შესვენების საათს წამებში. მუდამ გისმენენ, როცა სხვას ესაუბრები და ეცინებათ შენს მეტყველებაზე, სიტყვებზე, მანერებზე და კიდევ ბევრ რამეზე.
• გაძლევენ არა რჩევას, არამედ შენიშვნას და საერთოდაც, არავინ ითვალისწინებს შენს, თუნდაც ძალიან საინტერესო და „პერსპექტიულ“ მოსაზრებას. და თუ შენი მოსაზრება/იდეა განხორციელდა, ის აუცილებლად სხვისი სახელის მატარებელი იქნება.
არ ვცდილობ, ამ სიტყვებით მოტივაცია ჩაგიკლათ, უბრალოდ ეს ასეა და ამისთვის მზად უნდა იყო და სანამ რამეს წამოიწყებ, კარგად უნდა დაფიქრდე.
თუ იყოჩაღე, მალე შტატში აღმოჩნდები (მალე რა, სამ-ოთხ თვეში) და იმუშავებ მინიმალურ ხელფასზე წარმატებულ ორგანიზაციაში. აი, მერე კი იწყება პრობლემების მესამე ეტაპი.
• კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული ის, რომ, რაც დაბალ პოზიციაზე ხარ, მით ნაკლები ყოველთვიური შემოსავალი გექნება და ბევრად მეტი ფიზიკურად დატვირთული გრაფიკი, ვიდრე სხვებს.
• ყოველთვის შეამჩნევ, რომ მუშაობა ყველას ეზარება, ფული კი ყველას უყვარს.
• რაც დაბალ პოზიციაზე ხარ, მით უფრო ადვილად გბრალდება კომპანიის წარუმატებლობა;
• რაც უფრო სხვაზე დაბლა დგახარ, მით უფრო დაგყურებენ ზემოდან. თითქოს პატივს გცემენ, თითქოს ყველა გაფასებს, მაგრამ, როგორც კი სიტუაცია დაიძაბება, ყველა გაგრძნობინებს, რომ შენ შენ ხარ, ის კი – ის არის.
• გაგიჭირდება საერთო ენის გამონახვა თანამშრომლებთან. ცხადია, ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ყოველთვის სანამ თანამშრომლებთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდები, მანამ კარგად ისწავლე ადამიანებისა და რობოტების გარჩევა. დამერწმუნე, ყოველთვის გულნატკენი დარჩები, თუ მას ესაუბრები, ვისაც შენი საუბარი არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს.
• უნდა იყო ინტროვენტრული აგრესორი. თუ ასეთი არ ხარ, მოგიწევს გახდე. შენი „დაბალი“ პოზიციიდან გამომდინარე ყველა სალანძღავი და საგინებელი სიტყვა შენ მოგხვდება, შენ კი ამ დროს მშვიდად უნდა უყურო და იმეორო სიტყვები: “მე მესმის თქვენი!..“
• იყავი ინფანტილური. დაივიწყე ყველანაირი ურთიერთობა, მეგობრები, ოჯახი… გააცნობიერე, რომ სამუშაო საათები მხოლოდ სამსახურს უნდა მიუძღვნა.
• ისწავლე პატიება. თუ არ აპატიე კლიენტს თუ პერსონალს, თავად მოგიწევს დაბოღმილი სიარული.
• და ბოლოს, სამსახურს აცდენენ მხოლოდ მიცვალებულები. თუმცა ყველა ტიპის სამსახურსა და პოზიციას აქვს თავისი დადებითი მხარე:
• ბევრს აკეთებ და, შესაბამისად, ბევრს სწავლობ, რაც მომავალში გამოგადგება;
• ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. ასე, რომ ყოველთვის დააკვირდი კომპანიის პრესტიჟს, თუ, რა თქმა უნდა, გინდა განიცადო პროფესიული ზრდა.
• ყოველთვის ღირს გარისკვა, თუ პერსპექტივას ხედავ.
• თავიდან ბევრის ატანა და გადატანა მოგიწევს, მაგრამ შემდეგ „კენწეროში გატკბილდების.“
და ბოლოს, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველა ორგანიზაციაში არსებობს ნამდვილი ადამიანები, ვისაც შეგიძლია ენდო, რჩევა ჰკითხო, გაუზიარო შენი მისწრაფებები. არ არის აუცილებელი მოიპოვო ყველას სიყვარული, მთავარია მოიპოვო პატივისცემა, რაც ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელია, ვიდრე სიყვარული.
P.S. იყავი მიზანდასახული! დამერწმუნეთ, „ყველა იმას მოიმკის, რასაც დათესავს!“
და კიდევ, თამამად თქვი დღევანდელ კვერცხზე უარი, თუ ხვალინელ ქათამს შეუძლია მოგიტანოს ბევრად მეტი სარგებელი.
წარმატებებს გისურვებთ!!!