როდესაც ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან, ყოველთვის უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გვიჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ აგვიხსნეს ან რა გვითხრეს, არც იმას აქვს მნიშვნელობა რის საფუძველზე მოხდა ეს, გრძნობების ნაკლებობით თუ პირიქით. ფაქტია, რომ ისინი წავიდნენ და ისინი აღარ არიან ჩვენი სივრცის,ცხოვრების ნაწილი… როდესაც ვიღაც მიდის, ამისთვის არასდროს ვართ მზად, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება. ზიხარ საკუთარ თავში ჩაკეტილი და ფიქრობ სად დაუშვი შეცდომა,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცი წასვლას გამართლება არ აქვს.
1. არასდროს ეცადო მათი ქმედების გამართლებას.
აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, წასვლას არ აქვს გამართლება. შეიძლება ჩვენგან წასასვლელად ძალიან ბევრი მიზეზი იპოვონ, მაგრამ ვისაც ეს არ უნდა, აუცილებლად იპოვის იმ ერთს, რის გამოც დარჩება.
2. თავი დაანებეთ გამოძიებას.
არასდროს გამოიძიოთ მიზეზები, რადგან შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთი რამ, რაც უფრო გულს გატკენთ და უფრო უარესი , თქვენ შეიძლება ნახოთ ისეთი რამ , რის გამოც გული მოგილბებათ და დაიწყებთ მის გამართლებას. ეს უფრო დამღუპველია, რადგან თქვენ ისევ დადებითად განეწყობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც წავიდა. და ამას არანაირი აზრი არ აქვს, უბრალოდ გული უფრო მეტად გეტკინებათ. იფიქრეთ, რომ ის მიზეზი იყო, რაც გინდოდათ რომ ყოფილიყო.
3. არასდროს ეცადოთ იმ ადამიანის დაბრუნებას, ვინც დაგემშვიდობათ და თავისი ნებით წავიდა.
შეიძლება გამოგივიდეთ და დააბრუნოთ წასული, მაგრამ დამიჯერეთ ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდება. როდესაც ადამიანს რაიმე გადაწყვეტილი აქვს, ან თუნდაც ეჭვობს, ის აუცილებლად იპოვის მიზეზებს, რის გამოც ეჭვებს გაამართლებს, ხოლო გადაწყვეტილბებეს გაამყარებს. რაც თავში გვიტრიალებს, ყველაფერს იმის თვალით ვუყურებთ და ყველაფერი ისე გვეჩვენება. ის მეორედაც მოძებნის მიზეზს წასასვლელად.
4. არ შეიძულოთ წასული ადამიანი.
ჩვენ ხშირად გამოსავალი გვგონია,როდესაც ცრემლებს და ტკივილს ცვლის სიძულვილის გრძნობა, ამიტომ ვეძებთ ხელმოსაჭიდს, რის გამოც შევიძულებთ ადამიანს. დაიმახსოვრეთ, თუ ვინმეს შეიძულებთ, ის ჩვენს მეხსიერებაში უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ის, ვის გამოც ცრემლებს ვყრიდით ერთ დროს. უფრო მეტიც, დაივიწყეთ ის მიზეზი, რაც უკვე არსებობს და რის გამოც შეიძლება გძულდეთ.
5. გააგრძელეთ ცხოვრება.
ძალიან გეტკინებათ, თქვენი ყოველი დღე დაიწყება ცრემლით და ასევე დამთავრდება, მაგრამ ამან არ უნდა მოახდინოს თქვენს ყოველდღიურობაზე გავლენა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში განაგრძეთ და დაიჭირეთ თავი, თითქოს არ ყოფილა. ზოგჯერ ჩვენ ხელს ვკრავთ სხვებს, რადგან გვაქვს იმედი რომ ის დაბრუნდება. ეს აზრი მოიშორეთ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. ერთ დღეს მართლაც შეიძლება დაბრუნდეს, რადგან არაფერია გამორიცხული(თუ თავისი გადაწყვეწილებით დაბრუნდება, მაშინ უკვე შეგიძლიათ შამპანური გახსნათ, რადგან ის აღარ წავა), თუნდაც მას სხვა დახვდეს კუთვნილ ადგილას, ის თავისუფლად გააძევებს. ადამიანები ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ნამდვილად გვინდა.
6. არ დაიჯეროთ, რომ თუ ყველაფერს გააქრობთ, რაც მასთან გაკავშირებთ, უფრო მალე დაივიწყებთ.
ჩვენ ათას რჩევას ვაწყდებით, მოიშორეთ მისი ნაჩუქარი საჩუქრები, წაშალეთ შეტყობინებები და კიდევ მრავალი სხვა… ეს არაფერს ცვლის, რადგან ერთ დღეს, როდესაც კრიტიკულად ცუდად იგრძნობთ თავს და არაფერი იქნება მასთან დაკავშირებული, ეს უფრო გაგიუარესებთ მდგომარეობას, რადგან ცუდად ყოფნას არანაირი საერთო არ აქვს ლოგიკასთან. თუ თქვენ არ გინდათ თუნდაც შეტყობინებების წაშლა, არ წაშალოთ! წაიკითხეთ როცა სურვილი გექნებათ, ისე რომ ჩვევაში არ გადავიდეს… ის პერიოდი, როცა ამ ყველაფერს შეეშვებით, უნდა მოვიდეს თავისით, ეს უნდა მოიტანოს დრომ, თქვენ ვერაფერს შეცვლით და ვერც დააჩქარებთ.
7. არასდროს დაკარგოთ იმედი.
თუ თქვენ წარსულში დატოვებთ იმას, რაც იყო და ამ შემთხვევით არ იხელმძღვანელებთ, უფრო მეტი შანსია, რომ ყველაფერი კარგად აეწყოს. ყველა ურთიერთობა რაღაცას გვასწავლის, მითუმეტეს დასრულებული. გავაანალიზოთ ჩვენი რეალური შეცდომები, ხოლო შიში, რომ მომავალშიც სხვა ადამიანთან იგივე განმეორდება, ან მსგავსად მოგვექცევა, უბრალოდ დავივიწყოთ. ადამიანები მოდიან და მიდიან. გვჯეროდეს, რომ არსებობენ ‘’ჩვენი’’ ადამიანები,რომლებიც ცხოვრების ბოლომდე მოგვყვებიან. შეიძლება წავიდნენ, მაგრამ გჯეროდეთ, ისინი ვინც უნდა იყვნენ ჩვენთან აუცილებლად იქნებიან,ყველაფრის მიუხედავად. ეს ჩვენს ჩაურევლად ხდება… უნდა წავიდნენ, რომ დაბრუნება შეძლონ. თუმცა არ გამორიცხოთ არც ის, რომ ადამიანები ერთმანეთის ადგილს იკავებენ. ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს ცხოვრებაა. არ დაივიწყოთ, რომ ურთიერთობები ყველაზე რთული სამსახურია.
გახსოვდეთ, კარგი და ცუდი ერთმანეთს ისე ცვლიან როგორც, დღეს – ღამე, მთვარეს – მზე.