Skip to content

როდესაც მარტოდ იგრძნობ თავს, გახსოვდეს…

ადამიანო…

როდესაც მარტოდ იგრძნობ თავს, გახსოვდეს, რომ…

მე დაგინახე შენ იქამდე, ვიდრე შენ დაგინახავდნენ სხვები და ვიდრე შენ დაინახავდი საკუთარ თავს…

მე შეგიყვარე შენ იქამდე, ვიდრე შეგიყვარებდნენ სხვები და შენ შეიყვარებდი საკუთარ თავს…

მე გენდე შენ, გენდე მანამ შეძლებდი გაფიქრებას, რომ ხარ სანდო და…

მე მოგეცი შანსი, ყოფილიყავი ის, ვინც ხარ სინამდვილეში, ნიღბების გარეშე, რადგან მიგიღე ისეთად, როგორიც ხარ!

შენ ეცადე თავის შეკავებას, მაგრამ ცალი ტუჩით შეუმჩნევლად მაინც გაგეღიმა, იმედი გამოჰკრა ბავშვურად აციმციმებულ გუგებში!

შეკუმშული გული მოგიდუნდა, გაუბედავი სიხარულის მსუბუქმა ნიავმა გაინავარდა შიგნით, ეცადა დაძაბული კოპების გახსნას!

შენ ამოიკითხე გულწრფელობა ჩემს თვალებში და მიხვდი, რომ არ ხარ მარტო!

შენ გაიღვიძე…

აღარ მოგიწევს თავჩაქინდრულს ქუჩებში ზანტად ხეტიალი!

აღარ დაგამძიმებს გულზე ჩამოწოლილი დარდი!

აღარ ინატრებ ზღვის შამყურე სხვა მხარეს ყოფნას!

აღარ შეგიპყრობს მოულოდნელი სიმარტოვე ხალხში მობზრიალეს!

აღარ გადასცურავ წარსულის მდინარეებს, განვლილი წლების მონატრებით აღარ დაკარგავ აწმყოს ძვირფას წამებს!

მღელვარებით შეპყრობილი ნერვულად აღარ მოჭუტავ მომავლისკენ მიმართულ თვალებს!

აღარ მოგაწვება სიმწრის ცრემლები!

აღარ უარგყოფენ!

აღარ დაგცინებენ!

რადგან…

მე პირველმა დაგინახე შენ…

მე პირველმა შევამჩნიე გამოსავლის ძიებაში მოფაციფუცე შენი დამფრთხალი თვალები…

მე გავიგონე შენი დაძაბული გახშირებული სუნთქვა…

მე გავიგონე შენი აჩქარებული ნაბიჯები…

მე ვიგრძენი შენი ოფლიანი ხელისგულებიც და სიმორცხვისგან ალეწილი სახე … დავინახე იმედი, სურვილი, სწრაფვა…

და …

მე პირველმა ვირწმუნე შენი…

ვირწმუნე შენი განძის, რომელიც შენ ხარ და რომლის შესახებ, თავადაც არ იცოდი…

მე დაგინახე შენ და გადავწყვიტე გავმხდარიყავი შენი მფარველი…

მომინდა იგრძნო, როგორ ივსები!

მინდა, ქუჩაში ბედნიერი ღიმილით გააპო ხალხის ნაკადი!

მინდა დაინახო, რა საოცარი ხარ!

მინდა სრულიად გამოიყენო შენი ძლიერი მხარეები და შეცვალო შენი წილი სამყარო!

მე გაგამხნევებ შენ ყოველ ჯერზე, როცა წაგერთმევა იმედები და ძალები და ყოველთვის მექნება რწმენა, რომ შენ შეძლებ!

მე ვიქნები შენი გზამკვლევი შენი წარმატების რთულადსავალ გზაზე, სადაც მხოლოდ შენნაირი ერთეულები მიაღწევენ საწადელს და მე მხოლოდ შენნაირ რჩეულს გავუწევ მეგზურობას!

შეიძლება…

შენ გაიკვირვე, რა უნდა თაკოს, რისთვის მაწუხებს, იქნებ, სულაც არ მინდა მისგან რაიმე?!

შეიძლება შენ შეეგუე ან მოგწონს ის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ და არც გულშემატკივარი გინდა და არც სიახლე ან ცვლილება…

შეიძლება შენ ისეთი მაგარი ხარ, ვინ მიგდია თაკო, რომ მისგან რაიმე მჭირდებოდესო…

შეიძლება ისე დაკარგე იმედი, ინტერპოლის ჩარევაა საჭირო…

ყველაფერი შეიძლება…

მაგრამ ეს ჩემი საჩუქარია და მე გჩუქნი ჩემს ნდობას…

მე მჯერა შენი, რომ შენ ხარ ძლიერი ადამიანი, რომ შენ გაქვს ყვეეეეელა რესურსი იყო სრულყოფილად რეალიზებული და ბედნიერი!!!

შენ იმაზე გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე გგონია!!!

შენ გელოდება უამრავი ბედნიერი წუთი და უამრავი მადლიერი ადამიანი!!!

სამყარო შენგან სიყვარულს ელოდება!!!

თუკი შენ ამის გჯერა…

თუკი შენ ეს გინდა…

მე ვიბრძოლებ შენთვის, რომ შენ უკეთ იგრძნო თავი, გააძლიერო შენი ძლიერი მხარეები!

მე ვიზრუნებ, რომ შენ იყო ბედნიერი…

იმიტომ, რომ მიყვარხარ, ადამიანო…

სიყვარულით სავსე ღიმილით,

თაკო მეფარიშვილი