მე ვფიქრობ ნოემბრის ცა არის ყველაზე იდუმალი ცა მთელს სამყაროში და როგორი ჩვეულებრივიც არ უნდა გეგონოს საკუთარი თავი, ასეთი ცის ქვეშ ადვილად მიხვდები, რომ შენც განსაკუთრებული ხარ და მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია სამყაროში.
დღეს სამსახურიდან ადრე წამოვედი. ვიფიქრე, ცოტას გავივლი, დავფიქრდები ცხოვრებაზე და ჩავისუთქავ სუსხიან ჰაერს–მეთქი. ხელები ჯიბეში მაქვს ჩაწყობილი, მაცვია ბათინქები და ჩაფიქრებული მივუყვები ნისლით დაფარულ ქუჩას. ეს ქარი და სუსხი ხელის გულებში მაფიქრებინებს, რომ უკვე მენატრება ზამთარი. მალე დასცვივდებათ ხეებს უკანასკნელი ფოთლები და თოვლის ფიფქებით დაიფარება ირგვლივ ყველაფერი. ასეთი ამინდი კი ყოველთვის შემოგაპარებს გულში მოგონებებს. ამიტომ გადავწყვიტე გიამბო სიყვარულის ერთი ისტორია, რადგან ასეთ ამბებს ყოველთვის გულით დაატარებენ ადამიანები და მის შესახებ იშვიათად საუბრობენ.
იმ წელს ახალ უბანში გადავედი საცხოვრებლად და პირველ რიგში შევნიშნე მტრედისფერი ცა, რომელიც ბოლო სართულიდან კიდევ უფრო მშვენიერი ჩანდა. ძალიან ადრე დაიფარა მიწა თოვლის ფიფქებით. შემდეგ ვარსკვლავებმა ჩაიცვეს ზამთრის ტანსაცმელი (მე ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში ) და საღამოობით ისმენდნენ ჩემი ,,დაჭრილი გულის“ ამბავს.
დიახ, მაშინაც ნოემბერი იდგა და კიდევ უფრო იდუმალი მეჩვენებოდა ყველაფერი. ძალიან ხშირად ვიცქირებოდი ფანჯრიდან და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ყველაზე იდუმალი ცა მთელს სამყაროში, რომელიც თოვლის ფიფქებს მაყრიდა თავზე. ჩემი სული ნისლში ეხვეოდა, მეგონა მარადიულიც ვიყავი და არც ასე იყო საქმე. მეგონა მქონდა ფრთები და თუ ავფრინდებოდი, მისი სახლის ფანჯრებს დავინახავდი. უამრავი სხვა რომანტიკული აზრი მიტრიალებდა თავში. ბედნიერიც ვიყავი და მოწყენილიც. საღამოობით ვუსმენდი გლუკოზას „სნეგ იდიოტ“–ს და ვგრძნობდი, მასაც ვენატრებოდი. ყოველდღე ვწერდი დღიურს, ვკითხულობდი წიგნებს და მოთხრობების წერაც დავიწყე. ერთმანეთს როცა ვხვდებოდით და ხელი-ხელ ჩაკიდებული მივუყვებოდით ქუჩას, ეს იყო გასაოცარი წუთები, რომელთაც ვერ გადმოსცემს მხატვრულად ჩემნაირი უბრალო ადამიანი. თითქოს კუპიდონმა გვესროლა ისრები და მთელ სამყაროში დაფრინავდნენ ჩვენი დაჭრილი გულები სწორედ ისე, როგორც გვინახავს ფილმებში და ამოგვიკითხავს რომანებში.
ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცდია ასეთი გრძნობა და აღმოუჩენია განსაკუთრებული სამყარო საკუთარ გულში სწორედ მაშინ, როდესაც შეჰყვარებია ვინმე. გაცილებით ადვილია აღმოაჩინო მშვენიერი ფერები შენს გარშემო, როდესაც ხარ შეყვარებული და სიყვარულით გიცემს გული. წარმოიდგინე, წევხარ მდინარის პირას, ხელები თავქვეშ გიწყვია და ჩაფიქრებული უყურებ ფრინველებს, რომლებიც ღრუბლებში დაფრინავენ. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მშვენიერი? ასეთი წუთები განსაკუთრებულია და მათ ვერასდროს დაივიწყებს ადამიანი. უსმენ შენს გულს, რომელიც საოცარ სურათებს ხატავს და შენი შემოქმედება ემსგავსება სამყაროს მიერ შესრულებულ მშვენიერ პეიზაჟებს. ალბათ ამ გზით გვეძლევა შანსი ვიყოთ მხატვრები, გავხდეთ მწერლები, ვიმღეროთ ჩვენი გულის მელოდია და კიდევ უფრო გავალამაზოთ ყველაფერი ჩვენს გარშემო. სამყარო კი ყოველთვის მოითხოვს ჩვენგან განსაკუთრებულობას. თითქოს გვეუბნება კიდეც: „ ეი, შენ, მეგობარო, შეჩერდი! შეხედე შენს გულს, შენს სულს და ყველაფერს შენს გარშემო. მე შენთვის ყველაფერი მშვენიერ ფერებში დავხატე. შევქმენი ზღვები, მთები, ამ მთების შუაგულში ჩავხატე მზე და მისი სხივები, ცაზე გამოვძერწე ვარსკვლავები და მათი მშობელი – მთვარე. მინდოდა შეგემჩნია და შეგყვარებოდა ყველაფერი, მაგრამ შენ იფიქრე – ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია და ამ სამყაროში არაფერია გასაოცარი. შენ ყოველდღე მოწყენილი დადიოდი. მეგობრებთან ერთად ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდი. დროს ატარებდი ღამის კლუბებში და ძალიან ბევრს სვამდი. ამიტომ ნელ-ნელა ცარიელდებოდა შენი გული და ვეღარ გრძნობდი სიცოცხლის მშვენიერებას. მე გადავწყვიტე გამომეგზავნა შენთვის სიყვარული და ცოტაოდენი სევდა, რადგან სევდა არის გაფრთხილება, ერთგვარი იმუნიტეტი ადამიანისთვის და ის აკეთებს თავის საქმეს მაშინ , როცა მცდარ გზაზე ვდგავართ და სადღაც სხვაგან მივექანებით. ამიერიდან შენ ყოველ საღამოს მარტოდმარტო იხეტიალებ მთვარის შუქზე და უამრავი ფიქრით იქნება სავსე შენი გული. მერე კი ადვილად მიხვდები: შენი გული – ეს არის ღმერთის საყვარელი ადგილი მთელს სამყაროში. ამიტომ არასდროს არ უნდა იყოს ცარიელი. შენ ბუნების შვილი ხარ – აი ეს არის ნამდვილი ჯადოქრობა. ერთ დროს შენ მე მგრძნობიარე და სათუთი სული ჩაგბერე. ამიტომ შენც ჩემი ქმნილება ხარ და საოცარ გრძნობებს დაატარებ გულით. მინდა მუდამ გახსოვდეს ეს.“
ამბობენ „ასეთი“ სიყვარული ახალგაზრდობაში ეწვევა ადამიანს, რადგან ამ ასაკში მეტი თავისუფალი დრო გვაქვს სამყაროს შესაცნობად. ამასთანავე, შეყვარებულ ადამიანს მოსწონს მარტოობა. როდესაც მარტო რჩები, გაცილებით მეტს ფიქრობ, ოცნებობ, უსმენ მუსიკას და რადგან ხშირად ვერ ახერხებ საყვარელ ადამიანთან შეხვედრას (ამის უამრავი მიზეზი არსებობს ხოლმე), ოცნებობ და დროის დიდ ნაწილს წარმოსახვაში ატარებ. ამიტომ ამბობენ, რომ შეყვარებულები ნამდვილი მეოცნებენი არიან. ისინი სამყაროს ხედავენ ისეთს, როგორიც ღმერთმა შექმნა და რისი შემჩნევაც ხშირად არ შეუძლიათ ადამიანებს. შეყვარებული ადამიანისათვის სამყარო მშვენიერი და ჯადოსნური წუთებით არის სავსე. არასდროს გვავიწყდება საყვარელ ადამიანთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული როგორ მივუყვებოდით ქუჩას. ცა იყო განსაკუთრებულად ლამაზი, მზეც უჩვეულოდ ანათებდა და საოცრად მოსიყვარულე ჩანდა სიო , რომელიც თმებზე გვეფერებოდა.
ცხოვრების ეს პერიოდი ყველაზე საინტერესო პერიოდია ადამიანისათვის. მას შეიძლება ეწოდოს თავგადასავალი. ვფიქრობ, თუ ასეთ ადგილებში მოგიწევს მოგზაურობა, აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო ყველა შთაბეჭდილება, რომელიც მოგზაურობისას შეგხვდება ცხოვრების გზაზე.
მაგრამ დრო მალე გადის. ჩვენ ვიცვლებით. ადამიანის ცხოვრების შემდგომი ეტაპი უამრავი ყოფითი პრობლემით არის სავსე – უმუშევრობა, სამსახური, ოჯახი, გადაღლილობა და ა.შ სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ივიწყებენ ზღაპრულ პეიზაჟებს, რომელიც „მოგზაურობის“ დროს აღმოაჩინეს. ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანებს აღარ რჩებათ დრო საკუთარი გრძნობებისთვის, გულში ნელ-ნელა ქრება ჯადოსნური წუთების სიმძაფრე და ადამიანებს ყოველდღიური რუტინა სტანჯავთ. მაგრამ გასაოცარი სამყარო, რომელიც ერთ დროს შეყვარებულმა ადამიანმა აღმოაჩინა, ყოველთვის არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ მშვენიერება, რომელიც აღმოვაჩინეთ ჩვენს ირგვლივ. არ შეიძლება დღეს საოცარი იყოს სამყარო და ხვალ უბრალო ფერებით შეიმოსოს, არ შეიძლება დღეს მრავალფეროვანი იყოს და ხვალ – პირიქით. სამყარო არასდროს არის ბოროტი, ის ყოველთვის კეთილია, არის უცვლელი და ყოველთვის ერთნაირ შესაძლებლობებს გვთავაზობს – მთავარია როგორ აღმოვაჩენთ და გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. ამიტომ, როგორი პრობლემებიც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, გული არასდროს არ უნდა დაგვრჩეს ცარიელი. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ყვავილები, რომლებიც ზამთრის სიცივეში კლდეებზე არიან შეფენილი, ცა, რომელიც ვარსკვლავებით არის მოჭედილი და “მზე, რომელიც ყველას თანაბრად გვათბობს”. სამყარო – ეს არის ადამიანის სახლი, სადაც, მადლობა ღმერთს, არც თუ ისე ცოტა ხანს გვიხდება ყოფნა.