Skip to content

როგორ ავამუშავე კოფეინის ქარხანა საკუთარ გულში

    ერთ დღეს ჩვენი ჟურნალის გვერდზე, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის  უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს ვკითხულობდი. განსაკუთრებით დამაფიქრებლად  ჟღერდა შეკითხვა: შეგიძლია თუ არა დაიწყო დღე კოფეინის გარეშე?“ ამიტომ მთელი დღის მანძილზე ვფიქრობდი,ოდესმე შევძლებდი თუ არა დამეწყო ფინჯანი ყავის გარეშე დღე?  ყოველ დილით გავახელდი თვალს თუ არა, მაშინათვე  ჩამოვისხამდი ჩემს საყვარელ ფინჯანში    ჯადოსნურ სითხეს და  ენერგიით ვივსებოდი. თითქოს გონება და გული ერთდროულად იწყებდა მწყობრში მუშაობას და ნაყოფიერად ვატარებდი მთელ დღეს. კარგი  იუმორის გრძნობა მქონდა, ყოველთვის შემეძლო გამემხიარულებინა ადამიანები ჩემს გარშემო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უკეთესად გამოდიოდა მაშინ,თუ  მასტიმულირებელი სითხე – ყავა მქონდა დალეული. ყავის ჯადოსნური მარცვლები მართლაც საოცრად მოქმედებდა ჩემზე. მოგეხსენებათ ყავა კოფეინის შემცველობის გამო მატონიზირებელი თვისებებით ხასიათდება.მცირე დოზით სტიმულურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომ მეც მთელი დღის მანძილზე  ვერ ვგრძნობდი დაღლილობას და  ნაყოფიერად ვმუშაობდი. მაგრამ  საკმარისი იყო დილიდან  ყავა არ დამელია,საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ მხოლოდ ყავის ჯადოსნურ მარცვლებშია  სიძლიერე? ნუთუ მხოლოდ კოფეინს შეუძლია შეცვალოს ჩემი გუნება-განწყობილება? მაშინ თავად ადამიანს რა შეუძლია? ნუთუ მართლაც შეუძლებელია  გამოიძინო და დილით  იმედიანად შეხვდე ახალ დღეს? იქნებ ყველაფერი შთაგონებაა,შთაგონება,რომ ჯადოსნური სითხე გვეხმარება დავიწყოთ   დღე ენერგიულად.

     ამიტომ ერთ დილით გადავწყვიტე   ძალები მომეკრიბა  და ყავის გარეშე ვყოფილიყავი პოზიტიურ განწყობაზე. ფანჯრიდან ვიყურებოდი და   ცარიელი ფინჯანი  მეკავა ხელში. ვფიქრობდი, ნუთუ ამ ფინჯანის მსგავსად არის ჩემი შინაგანი სამყარო  ცარიელი,ნუთუ მე არ ვარ ბუნებით ოპტიმისტი და  ბედნიერების ჯადოსნური მარცვლები ადამიანის გულში არ არის გაბნეული? ვიფიქრე , მე სიცოცხლე მიყვარს. მიყვარს ჩემი საქმე, რომ იუმორის  გრძნობით ბუნებისგან ვარ დაჯილოდებული. მე არ მჭირდება კოფეინი,რომ ჩემი ხასიათის საუკეთესო თვისებები გამოვავლინო. დავფიქრდი და   თავად შევქმენი კარგი განწყობა.მთელი დღე ვიყავი მხიარული და ჩემს კოლეგებსაც იდეალური განწყობა ჰქონდათ. ბევრი ვიმუშავე და დღის ბოლოს მივხვდი:  თავად ადამიანშია ენერგიის უზღვავი წყარო. ეს წყარო კი არასდროს დაშრება თუ ადამიანი ემსახურება საყვარელ საქმეს. ახლა მე ყოველთვის ენერგიული ვარ. არასდროს ჩამომტირის სახე და  იშვიათად მეწვევა ხოლმე მოწყენილობა. მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არასდროს ვარდები.მიყვარს ჩემი სამსახური. ვწერ პოზიტიურ სტატიებს სიყვარულსა და ბედნიერებაზე და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ყავა   ახლაც ძალიან მიყვარს,  მაგრამ ჩემი გული თავად გამოიმუშავებს ენდორფინებს და ბედნიერების სხვა ჰორმონებს.მე მაქვს საყვარელი საქმე.მართალია სანამ  საკუთარ თავს ვიპოვიდი და მივხვდებოდი რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში, სევდიანი გოგონა ვიყავი,მაგრამ ახლა როცა  ყოველ დილით სამსახურში ახალ სტატიას ვწერ და  ვუყურებ სამყაროს,რომელიც  16 სართულიანი ცათამბჯენიდან ხელისგულივით მოჩანს, მე მჯერა საკუთარი თავის. მჯერა, რომ სამყარო ყველაზე საუკეთესო ადგილია ოცნებების ასასრულებლად. აუცილებელია ბევრი იშრომო. დაისახო მიზნები და არასდროს დაყარო ფარ – ხმალი. ასეთი შთაგონების წყალობით კი   ყოველთვის ნამდვილი ოპტიმისტი იქნები. ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალში, მაგრამ  შეგვიძლია  მომავალი დღეები  ლამაზ ფერებში წარმოვიდგინოთ.ეს ყოველთვის ამართლებს. მე არაფერი მაქვს  ცხელი ქაფქაფა ყავის მიმართ საწინააღმდეგო, მაგრამ დიდი ხანია   კოფეინის ქარხანა საკუთარ გულში ავამუშავე.