ერთ დღეს, ჩემმა ლექტორმა, დაახლოებით, 10 სტუდენტს ასეთი რამ გვითხრა: ერთ-ერთ თქვენთაგანს, მივცემ ფურცელზე დაწერილ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე წინადადებისგან შედგება. ამ სტუდენტმა უნდა წაიკითხოს და ფურცლის გამოყენების გარეშე წაკითხული უამბოს შემდეგ სტუდენტს, შემდეგ უკვე ეს სტუდენტი მოუყვება გვერდით მჯდომს და ასე იქამდე, სანამ ბოლო სტუდენტამდეც არ მიაღწევს ინფორმაცია. მართლაც, დაიწყო პროცესი და როდესაც ბოლო სტუდენტმა თქვა, ის ინფორმაცია, რომელმაც მასთან მიაღწია, შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითქმის სრულიად განსხვავებული იყო თავდაპირველი ინფორმაციისგან. რა არის ამის მიზეზი?
ადამიანები ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს ცვლიან მას. აკლებენ ან უმატებენ დეტალებს, ქმნიან საკუთარ ვერსიებს და შედეგად ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები. აი, სწორედ ასე ვრცელდება ჭორებიც.
საზოგადოებას კი ნებისმიერი მოქმედების შეფასების საკუთარი ხედვა გააჩნია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, ნებისმიერ საქციელს, კარგსაც და ცუდსაც, ეყოლება მომხრეები და კრიტიკოსები. მაგალითისთვის ერთი იგავი მინდა მოგიყვეთ:
”ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.
– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ვირს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:
– როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, – შენ ვირზე წამომჯდარხარ, ეს მოხუცი, თეთრწვერიანი კაცი კი ფეხით მოდის.
ბავშვს შერცხვა და სთხოვა მოხუც პაპას, რომ ვირზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.
მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.
– საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება.
მაშინ მოხუცი ვირიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ვირს და ასე გააგრძელეს გზა. გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:
– ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან ვირს. აი, ნამდვილი სულელები.
მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
– ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და თავად მიიღო გადაწყვეტილება”
სანამ არსებობს კაცობრიობა, იქამდე იქნება განსხვავებული აზრი, იქნება ჭორებიც და კრიტიკაც. გოეთეს სიტყვებით რომ ვთქვათ: ”თუკი მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს, რომელიც გიყეფს, ქვა ესროლო, მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ”
გაურთხილდით თქვენს დროს და ენერგიას მიზნისკენ სიარულის პროცესში და თუ იცით, რომ მართალი ხართ, ნუ დახარჯავთ დროს გამკრიტიკებელთა მოგერიებაზე, რადგან თუკი მიზნამდე ვერ მიაღწევთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაგაკრიტიკებთ.