როგორი აღმზრდელები არიან თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები? მასწავლებლებსა და უფროსი თაობის ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ბევრი რამ ეშლებათ. ალბათ საინტერესო იქნება 20-წლიანი გამოცდილების მქონე ძიძის შეხედულებები დღევანდელ ახალგაზრდა მშობლებზე. რა შეცდომებს უშვებენ და რა არის დღევანდელი დედების სუსტი წერტილი?
აი, რას წერს ცნობილი და გამოცდილი ძიძა თავის დამქირავებლებსა და აღსაზრდელებზე:
“ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ყოველი უსიამოვნება ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. მოვლენების დრამატიზება არ მჩვევია. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ დღევანდელი ბავშვების აღზრდის საქმე ძალიან ცუდადაა, ესე იგი კატასტროფულ ვითარებაში ვიმყოფებით. 20 წელია ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვმუშაობ, მაგრამ რასაც ბოლო წლებში ვხედავ, სერიოზულად მაშფოთებს. გამოვყოფდი 5 ძირითად პრობლემას.
1. დედებს საკუთარი შვილების ეშინიათ
გავმხდარვარ ასეთი სცენის მომსწრე: საუზმისას დედამ ბავშვს ჭიქაში რძე დაუსხა. პატარამ კი გამოაცხადა, მე ცისფერ ჭიქაში კი არა, ვარდისფერში მინდოდა. დედა უცებ დატრიალდა და ვარდისფერ ჭიქას დაუწყო ძებნა, არადა რძე უკვე ესხა ცისფერ ჭიქაში. ვინ არის აქ უფროსი? ტირილითაც რომ გასკდეს ამ დროს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, მეორე ოთახში გადით. ნუ გეშინიათ მისი ისტერიკების, პირიქით, აიძულეთ რაღაც გაკვეთილი მიიღოს. თორემ ასე ბავშვი თქვენით მანიპულირებას აქტიურად განაგრძობს.
2. დაბალი სტანდარტი
როცა ბავშვი სხვების თვალწინ ცუდად იქცევა, მშობლები მხოლოდ მხრებს იჩეჩენ და ამბობენ: “მერე რა, ბავშვია”. დამიჯერეთ, ყველა ბავშვი არ იქცევა ასე და შეუძლიათ ბევრად უფრო გონივრულად მოქცევა, ვიდრე მისგან ელოდებით. გგონიათ თვითონ ვერ მიხვდება, როგორ მოიქცეს? უბრალოდ, ჯერ არ გიჩვენებიათ მისთვის როგორია სწორი ქცევა და მისგანაც საპირისპიროს ელოდებით. აამაღლე აღზრდის სტანდარტი და ბავშვის ქცევაც შეიცვლება.
3. კონტროლის დაკარგვა
თანამედროვე მშობლებს სურთ, რომ ბავშვი დაბადებიდანვე იდეალურად იქცეოდეს და კარგად აღზრდილის თვისებები დედის მუცლიდან დაჰყვეთ. ბავშვი რომ თავიანთი გასაზრდელია, ეს არ ახსოვთ. ამიტომ ვერ იტანენ, როცა მათ შვილს მასწავლებელი ან ვინმე გარეშე პირი შენიშვნას აძლევს. ძალიან ეშინიათ სხვისი შეფასებების.
4. მოკლე გზის არჩევა
დღევანდელი დედები გადარბენაზე ცხოვრობენ. სულ დროის და საქმის ეკონომიას ეწევიან. მაგალითად, ვერ ასწრებენ სადილის მომზადებას, ამიტომ მიკროტალღურ ღუმელში ბუტერბროდს აცხელებენ. ბავშვთან თამაშის დრო და ნერვები არა აქვთ, ამიტომ კომპიუტერს, ტელევიზორს ან პლანშეტს “მიაჩეჩებენ”. გასაგებია, რომ ამ მოწყობილობების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ როცა ბავშვისთვის ძვირად ღირებულ სმარტფონს ყიდულობ მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთოს, ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
ბავშვი თვითონ უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის გართობას, არც საკვები უნდა “გაუჩინო” წამში, რადგან ბავშვმა მოთმინება უნდა ისწავლოს. თუ წაიქცევა, მაშინვე საშველად გაქცევაც არ ღირს, ჯობია, დამოუკიდებლად წამოდგომას მიეჩვიოს. ასეთი “მოკლე გზები” შეიძლება მშობლისთვის მოცემულ მომენტში უფრო კომფორტული იყოს, სამაგიეროდ, ბავშვისთვის არის საზიანო. აცადეთ, რომ დროდადრო ბავშვმაც დახარჯოს ძალისხმევა.
5. მშობლები შვილების მოთხოვნებს თავისაზე მაღლა აყენებენ
ბევრ დედას ვიცნობ, რომლებიც შუაღამისას რამდენჯერმე დგებიან ლოგინიდან, რომ ბავშვის მორიგი ახირება შეასრულონ. მინახავს ქუჩაში მამა, რომელიც დაფეთებული ეძებს საყიდლად გაზიან წყალს, რადგან მის ქალიშვილს უცებ წყალი მოუნდა. რა თქმა უნდა, შვილების მოთხოვნები უნდა შევასრულოთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თქვათ “არა” ან “ოდნავ მოგვიანებით”. ეს ჯადოსნური სიტყვები თქვენს შვილს დისციპლინას აჩვევენ.
თუ ამ შეცდომების გამოსწორება არ დავიწყეთ, ჩვენი შვილები ეგოისტები, მოუთმენლები და უხეშები გაიზრდებიან. და ეს მათი ბრალი არ იქნება – ამაში დამნაშავენი ჩვენ ვიქნებით, რადგან ვერ ვასწავლეთ უკეთესად მოქცევა, არც ველოდებოდით მისგან უკეთეს საქციელს.
წყარო: mshoblebi.ge