გასულ კვირას ერთ – ერთ კორპორატიულ ვახშამზე მიმიწვიეს სტუმრად. მშვენიერი საღამო იყო. დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სუფრამ, რომელიც ვი აი პი აპარტამენტში, ტრადიცული კერძებით იყო გაწყობილი. უგემრიელესი კერძები, ცოცხალი მუსიკა და ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი, ყოველთვის კარგ გუნებაზე აყენებს ადამიანს. საღამოზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებიც საუბრობდნენ თანამედროვე არქიტექტორულ მიმდინარეობებზე. მეც გამოვხატე ჩემი შეხედულება ბიო-არქიტექტურის შესახებ და საუბრის ბოლოს ვისაუბრე ჟურნალ – „ოთხი მოტივის“ პრინციპებზე. რადგან აღმოჩნდა, იქ მყოფი ადამიანები ინტერნეტში სისტემატიურად ეცნობიან ჩვენს პოსტებს, მოსწონთ ჩვენი საქმიანობა და აინტერესებთ რა არის ჩვენი ჟურნალის წარმატების ფორმულა. მეც რა თქმა უნდა ვცადე გამეცა ამომწურავი პასუხი მათთვის. აღვნიშნე,რომ ჩვენი წარმატება პირველ რიგში იმ პოსტების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენს ჟურნალში იბეჭდება სისტემატიურად. ჟურნალის პუბლიცისტები სწორედ ისეთი ადამიანების ისტორიებს უზიარებენ მკითხველებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება გადალახეს, საკუთარი თავი აღმოაჩინეს და გახდნენ წარმატებული ადამიანები. დღევანდელ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება მოტივაცია – გრძნობდე საკუთარი თავის რწმენას – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებული ადამიანებისგან კონკრეტული რჩევების მიღება და მკითხველისთვის მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან კარგი საქმეა,რადგან ასეთი სტატიები საკუთარ თავის რწმენას მატებს ადამიანს. ჩვენ ვცდილობთ ჟურნალ „ ოთხი მოტივის“ პოსტები იყოს ღრმა, პოზიტიური და დამაფიქრებელი. ასეთი პუბლიკაციები მოსწონს ჩვენს მკითხველებს და ჩვენთვის მათი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საღამო,რომ დასრულდა ორი ჭიქა დალეული რადგან მქონდა, სტუმრებს დავემშვიდობე და გავუყევი მტკვრის სანაპიროს ფეხით. მარტო დავრჩი თუ არა, მაშინათვე ჩემს სამყაროში აღმოვჩნდი. რადგან ახალ წლამდე,მხოლოდ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ბავშვივით მომინდა მოსულიყო თოვლი. გავიფიქრე- ნეტავ ციდან ჩამოვიდნენ თეთრი ფიფქები და თოვლით დაიფაროს ყველაფერი ირგვლივ – მეთქი. შემდეგ სხვა უამრავი შეკითხვა დამებადა გონებაში. ნეტავ სულში რომ თოვს, იმის იქეთ რა არის? ხდება რამე? დგანან შორს ადამიანები თუ სიცარიელეა. არ ვიცი. ალბათ ყველაფერი გონებაზეა დამოკიდებული. თუკი წარმოიდგენ – დაინახავ ყველაფერს კიდეც. ჰოდა თვალებს ვხუჭავ: ვხედავ დაბაჯბაჯებს დათვი ბუნაგში. მე ბერივით მაცვია და თოვლში ვიკვალავ გზას. სადღაც შორს დარდობენ მგლები. ვინ იცის რამდენჯერ მომსვლია „ გენიალური „ ფიქრები თავში.მიფიქრია ჩემს აზრებს აუცილებლად დავიმახსოვრებ და შინ რომ დავბრუნდები ყველაფერს კომპიუტერში გადავიტან მეთქი. მაგრამ ულამაზეს – მშვენიერ მთებს და ხეობებს რომ მოივლი, ბუნების ყველა ფიქრს და ამბავს რომ მოისმენ, უკვე სხვანაირი ბრუნდები სახლში. ახლა სხვა ადამიანი ხარ. უფრო უკეთესი და თითქოს გადაფარეს ახალმა შთაბეჭდილებებმა ერთიანად ძველი აზრები. ნეირონები კი სისტემატურად ინახავენ ყველა პეიზაჟს, რომელსაც გზა და გზა აღმოვაჩენთ ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს ისეთი შესაძლებლობები ,რომლებიც დაბადებისთანავე არის ჩვენს გონებაში ჩამონტაჟებული. ამიტომ ჩვენს გულში ინახება ყველა ის წიგნი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ადამიანები. ადამიანის გონებაში ჩახატულია ყველა ის სურათი,რომლებსაც ხატავენ ცნობილი მხატვრები და მიუხედავად იმისა გვაქვს თუ არა მუსიკალური ნიჭი,ჩვენი გული მაინც ასრულებს სხვადასხვა მელოდიას. ძნელია წაიკითხო ყველა ის მოთხრობა,რომელიც ჩაგვიწერა უფალმა გულში. ეს უზარმაზარი ლიტერატურა ბევრ დროს მოითხოვს ჩვენგან და რადგან არასდროს გვყოფნის დრო დავსხდეთ და ვიკითხოთ ჩვენი გულის ამბები, მხოლოდ სინანულით შემოვიფარგლებით. ღმერთები ჩვენი სიზარმაცის მიუხედავად, უამრავ მშვენიერ პეიზაჟებს ხატავენ ირგვლივ. ქარში გაფანტული უამრავი ნოტებით არის ადამიანის გული სავსე.ძალიან ბევრი კეთილი ტყე ხარობს ჩვენს გულში, ძალიან ბევრი ყვავილია ამ ტყეების ბალახებში გაბნეული. მდინარეები,მთები და ზღვები ყოველთვის გვთხოვენ მეგობრობას, მაგრამ ჩვენ ასეთ საოცარ თხოვნებს იშვიათად ვპასუხობთ ხოლმე.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შესძლეს და ოცნებები აიხდინეს. ასეთმა ადამიანებმა გულის ფანჯრები გახსნეს და საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ.ისინი ძალიან ბევრს შრომობდნენ და შექმენს კიდეც მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოებები, სკულპტურის ძეგლები, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. ასეთმა ადამიანებმა უახლოეს წარსულში გამოიგონეს: კომპიუტერი, აიფონი, აიპადი და დაარსეს მაღალი მოდის კომპანია „პრადა“ და „შანელი“. ისინი არ კარგავდნენ ძვირფას წუთებს და შესძლეს ოცნებები ექციათ რეალობად.
ამიტომ ძვირფასო ადამიანებო, გავუფრთხილდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და ფიქრებს, რომლებიც პურის ყანასავით შრიალებენ შორეულ სივრცეებში. ადამიანმა გონებიდან აუცილებლად უნდა ამოკრიფოს თავისი ოცნებები და რეალობად აქციოს საკუთარი მიზნები. ჩვენ ყველას შეგვიძლია ზუსტად გამოვხატოთ საკუთარი თავი, ამიტომ ყველას გვეძლევა შანსი, დავხატოთ მშვენიერი პეიზაჟები, შევქმნათ მუსიკა, დავწეროთ ლექსები და რაც მთავარია, უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი. თითოეული ჩვენთაგანის ფიქრები სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი , ამიტომ ადამიანმა უნდა ამოიცნოს ყველა თავისი ფიქრი და ამ ფიქრებისგან შექმნას დედამიწაზე პატარა სამოთხე.