Skip to content

რატომ არის აგრესია, განკითხვა და შური ცოდვა? (ფსიქოლოგიური ასპექტები)

რატომ არის განკითხვა, აგრესია და შური ცოდვა?

მოდით უპირველესაც ასეთი ქცევის ადამიანის შინაგან სამყაროს ჩავწვდეთ და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები.

აგრესორი – შინაგანი განცდა (მეშინია, რომ წარუმატებლად მიმიჩნევენ, მეშინია, რომ არ დამემორჩილებიან)

ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორებიცაა უხეშობა და სისასტიკე. ისინი მტრულად არიან განწყობილნი სამყაროს მიმართ და მათ არ შეუძლიათ ადამიანებთან თანამშრომლობა. მათი საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობამ შესაძლოა ძალიან მაღალ ხარისხს მიაღწიოს.

მათ შეუძლიათ სიამაყისგან, ქედმაღლობისგან და თვითკმაყოფილებისგან გაიბერონ. ისინი ისე აჩვენებენ თავს სამყაროს, თითქოს გამარჯვებულნი არიან, თუმცა ამას თავის თავსაც აჯერებენ. ცხოვრება მათთვის უწვეტ ომად გადაიქცევა. მათ არ შეუძლიათ წარუმატებლობის მიღება, თუმცა ხშირად სწორედ ასეთები არიან. პატივმოყვარეობა კი არ აძლევს მათ ამის აღიარების საშუალებას.

აგრესიული ადამიანები მშიშრები არიან და რეალურად მათ წარმატების გზაზე სვლის ეშინიათ, თუმცა თავიანთი აგრესიით ისე აჩვენებენ ირგვლივ თავს, თითქოს წარმატებულნი არიან და ძალაუფლება მათ ხელშია.

კრიტიკოსი – იგივე “თავდამცველი”. შინაგანი განცდა ( მეშინია, რომ ვერ მივაღწევ წარმატებას).

კრიტიკოსი ადამიანები მუდმივად ფხიზლად არიან. ისინი საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას აკომპენსირებენ არა აგრესიით, არამედ მღელვარებით, სიფრთხილით და მშიშარობით.

ისინი ცდილობენ რეალობისგან გაქცევას, რომელიც მათ ემუქრებათ. მათ გარდა იმისა, რომ საკუთარ ძალებში ეპარებათ ეჭვი, ზოგადად ადამიანების მიმართაც რწმენას კარგავენ. ამ ინდივიდუუმების ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელეული თვისებაა უცვლელად კრიტიკული სოციალური განწყობა, რომელიც ზოგჯერ იმდენად ჰიპერტროფირებული ხდება, რომ ისინი სხვებში მაშინვე აღმოაჩენენ უმნიშვნელო ნაკლოვანებებსაც კი. მათი ერთადერთი საქმიანობაა – სხვების გაკრიტიკება.

ასეთი სოციალური განწყობის ნიადაგზე გარდაუვლად წარმოიშვება შური და სიხარბე. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ სხვების ბედნიერება გაიზიარონ, რადგან თავად არ არიან ბედნიერნი. უფრო მეტიც, სხვების ბედნიერება მათ ლამის ტკივილსაც აყენებს.

“თავდამცველებს” სურთ შეინარჩუნონ უპირატესობა ნებისმიერ ფასად. ზოგჯერ ისეთ ქცევის წესებს იმუშავებენ, მათი ცალსახად გამოცნობა შეუძლებელიც კი ხდება.

ზემოთ დახასიათებული ადამიანის ტიპები ერთი პრობლემით ხასიათდებიან. ისინი არ არიან წარმატებულები. წარმატებაში კი ძირითადად იგულისხმება თვითრეალიზაცია. ისინი დგანან არაჯანსაღ და არაჭეშმარიტ გზაზე. გზაზე, რომლისთვისაც წინსვლა და განვითარება უცხოა.

რატომ არის ცოდვა განკითხვა და კრიტიკა. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს შენ არ ხარ თვითრეალიზებული. ქრისტიანობა კი ქადაგებს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.

რატომ არის აგრესია ცოდვა? – იგივე მიზეზით. როდესაც უფალი გვეუბნება, რომ მას უნდა ვემსგავსოთ, ე.ი. ჩვენ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და განვითარდეთ ყველანაირი მიმართულებით (ფიზიკური, გონებრივი, სულიერი). რას აკეთებს აგრესიული ადამიანი? გაურბის წინსვლას და სამყაროს და თავის თავს აჯერებს და ატყუებს, რომ მას ამ ყველაფრისთვის უკვე მიღწეული აქვს.

რატომ არის ცოდვა შური? – იმიტომ, რომ ადამიანს არ შეშურდება, თუ ის დგას განვითარების გზაზე და მიმართულია თვითრეალიზაციისკენ. ადამიანს, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის განვითარებისკენ, უბრალოდ აღარ რჩება ამისი დრო და ენერგია თავი შეადაროს სხვებს და დაწეროს შედარებითი ქულები.

ასე რომ დაფიქრდით, რამდენად ეწევით თვითგანვითარებას. ეს ცოდვები არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ შეიძლება არასწორ გზაზე იდგეთ და ერთ ადგილს ტკეპნიდეთ. ეს უბედურებაა.

ბედნიერებას კი სხვა სახის ბრძოლები სჭირდება.

გისურვებთ წარმატებას!

                                                                                                                                                                                                                    ადოლფ ადლერის მიხედვით