Skip to content

პროფესიონალიზმი თუ ზოგადი განათლება?

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ ადამიანების უმეტესობა დილით ადრიანად იწყებს დღეს, ხოლო ღამეს ნაწილობრივ ათენებს, დროისთვის წუთებისა და საათების მოტაცების მიზნით. დღეს, როცა ჩემს ირგვლივ ზღვა ინფორმაციაა, ამავე დროს ულევი გასართობის და დროის ფლანგვის საშუალება არსებობს, რთულია იყო ცნობისმოყვარე, ყოველთვის გწყდება გული რაღაცაზე.(,,მიეცი ადამიანს ყველაფერი, რაც უნდა და მიხვდება, რომ ყველაფერი ყველაფერი არ არის’’).

მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ჩემი პროფესიის განხრით შევუდექი სწავლა-განათლებას, დილემის წინაშე აღმოვჩნდი. შედარებით თვისუფალ დროს, რა იქნებოდა უკეთესი რომ წამეკითხა? წიგნები, რომლებიც პროფესიაში გამიღრმავებდა ცოდნას, თუ წიგნები სადაც ვიპოვიდი პასუხებს კითხვებზე რაშიც ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვადასხვა რელიგიების შესახებ მასალები დამეხმარებოდა. დრო გადიოდა, ვიმდიდრებდი ბიბლიოთეკას, ზოგადი სფეროების წიგნებით და პასუხგაუცემელ კითხავებთან ერთად ველოდებოდი დიდ მოცალეობის ჟამს.

პროფესიონალი არის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ,,პროდუქტი’’,მოთხოვნა-მიწოდების ბაზარზე, ის არის თვითრეალიზებული პიროვნება. აქედან გამომდინარე კი გამუდმებით დაჯილდოვებულია სოციალური თუ მატერიალური ჯილდოებით. ამის საპირისპიროდ, პიროვნება, რომელსაც მრავალმხრივი განათლება აქვს, მაგრამ არ შეესაბამება პროფესიონალის სტანდარტებს, აქვს დაბალი ხელფასი და ნაკლებად რეალიზებულია საზოგადოებაში. არისტოტელესთვის პროფესიონალიზმი ტრაგიკული შემთხვევაა. სწორედ იმიტომ რომ პროფესიონალიზმის დონე ანაზღაურების პირდაპირპროპორციულია, რაც ხელს უშლის ღირსებების და სიქველეების ჩამოყალიბებას, რადგან დრო უკვე ფულით განისაზღვრება.

ვფიქრობ, ეს თემა ძალიან ფართოა და ძნელია ერთი კუთხიდან შეხედო და დასკვნის გამოტანა შეძლო. ოცდამეერთე საუკუნეს მხოლოდ გამონაკლისები არ თვლიან კონკურენციის საუკუნედ, სადაც არც ისე გასაკვირად მაღალი შრომისა და უნარის მქონე ადამიანები იმარჯვებენ და პროფესიონალიზმს ზოგადი განათლება უმაგრებს საძირკველს. ნაკლებად შესაძლებელია ძლიერი კონკურენტის გასწრება, როცა მავანი ,,ერთი მიმართულებით არწივია, ხოლო სხვა დანარჩენში ისეთ ცოდნას ამჟღავნებს,  როგორც ვირი არღნის დაკვრაში’’. როგორც წარმატებაა მრავალფეროვანი, ასევე წარმატების მიღწევის საშუალებებია მრავალგვარი. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვსაზღვარავთ ჩვენს უნარებსა და მისაღწევ შედეგებს.

მარი მჭედლიძე

სასკოლო კვლევების ცენტრი