ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა უცნაური ფორმისა და ფერის ქმნილებები, ნივთები, შეგრძნებები. ალბათ გიკვირთ როგორ შეიძლება შეგრძნება იყოს ფერადი და ჰქონდეს ფორმა, თუმცა ყველაფერი რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას შეუძლია რეალურია. გამოღვიძებისას საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. სიცარიელეს, რომელსაც მუქი ლურჯი ფერი ჰქონდა და მრგვალი ფორმისა იყო. რეალობისა და წარმოსახვის გამიჯვნა ჩვენს ტვინს უმძიმს თუმცა მაინც ახერხებს ამას და შედეგად საშინელ ტკივილს ვგრძნობთ. წარმოსახვა ისეთი ფერადი, ნათელი, თბილი და მსუბუქია, რომ ხშირად გვსურს ყოველთვის წარმოსახვაში ვიცხოვროთ. ხანდახან ჩვენი წარმოსახვა ფრთებს ისხამს და რეალობაში ისე შემოფრინდება ხოლმე, რომ თვალებს არ ვუჯერებთ. შედეგად უიშვიათესი ეიფორია გვეუფლება.
ჩემი წარმოსახვების ოკენიდან ხშირად გამოფრენილა ლურჯი თოლია. იცით როგორი? ძალიან ნაზი, მსუბუქი და ტკბილი, რომელსაც დილაობით ცივი ზღვის, საღამოობით კი ბაბუაწვერებით სავსე მინდვრის სუნი ჰქონდა. არვიცი რა დავარქვა იმ შეგერძნებას რომელიც ოკეანედან თოლიების გაქცევას მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ზუსტად შემიძლია აგიღწეროთ გრძნობა რომელიც თანსდევს ამას: მას გაზაფხულის სითბოს სუნი აქვს, ფერით ძალიან ჰგავს მზესუმზირებს, ხოლო სიდიადით ვარსკვლავებით მოჭედილ ზაფხულის ცას.
ახლა ვეღარც სუნს ვგრძნობ, ვეღარც ვარსკვლავებს ვხედავ და ვეღარც მზესუმზირების ხასხასა სიყვითლეს ვამჩნევ, ბაბუაწვერებს თითქოს უკანასკნელი ბუმბული გასცვენიათო, აღარც მინდორი ხასხასებს. ახლა ზამთარია. სული საშინლად ცარიელია. ლურჯ სიცარიელეს ჭაობისფერი დაედო, დამყაყდა და ბაყაყებით გაივსო. ხავერდოვანი ხალიჩა ყინულმა დაფარა… გული ჩაქრა. მზეც ვეღარ ანათებს…ის წავიდა და უსასრულო ოკეანის ლურჯ ზვირთებს შეუერთდა. მისი სუნი ქარბორბალამ გაფანტა.
ჩვენს ცხოვრებაში ხშირად მოდიან ლურჯი თოლიების მსგავსი ადამიანები, გვიმახინჯებენ სულს და შემდეგ გარბიან. სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ჩვენთვითონვე აღმოვჩნდებით ხოლმე სხვისი ლურჯი თოლია,ძალაუნებურად… ნებისმიერი ადამიანი ქცეულა ოკეანიდან გაქცეულ თოლიად. ცხოვრებაში ერთხელ მაინც!