ოთარ ჭილაძე კი არ უნდა წაიკითხო, უნდა იგრძნო კიდეც. ის მხოლოდ მწერალი არ არის, რომ დაწეროს და სათქმელი მკითხველამდე უბრალოდ მიუშვას. არა. მისი სიტყვები თვითონ კი არ მოდიან შენთან მწერალს მოაქვს და თან როგორი სიყვარულით და სითბოთი. ის მოაზროვნეა და მისი რჩევები სიბრძნით არის სავსე.
ოთარ ჭილაძის წიგნს, რომელიც ჩანაწერების სახით არის გამოცემული – ,,ცა მიწიდან იწყება ჰქვია’’.
სტუდენტობისას წაკითხულს მას შემდეგაც ბევრჯერ დავბრუნებივარ . კიდევ უფრო ბევრი მისწავლია და აღმომიჩენია.
წიგნში მისი ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაწერია, სადაც საუბრობს მწერლებზე და წიგნებზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე. ახალგაზრდობაზე და სიბერეზე…
მწერლის თქმით: ,,წერის პროცესი ასეთია: თითქოს ღამით უცხო ბაღში გადაპარული, ფაციფუცით – არ მომისწრონო – კი არ ჰკრეფ, ძირფესვიანად გლეჯ ყვავილებს შენი გულისსწორისთვის, მაგრამ ბაღიდან გამოსული, სინანულით ამჩნევ, რომ სიბნელესა და სიჩქარეში ბევრი გაუშლელი ან უკვე გადამწვარი ყვავილი მოგიგლეჯია და იმ უზარმაზარი თაიგულიდან, რომელიც ასე გეამაყებოდა და გიხაროდა, შეიძლება ერთი-ორი ღერიღა ვარგოდეს გამოსაჩენად, მით უფრო მისართმევად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დაღამებისთანავე ისევ არ გადაიპარები ბაღში, ისევ იმ იმედით – ამჯერად მაინც გამიმართლებსო.’’
და მართლაც.. წერა – ეს არის ჯადოსნური პროცესი. წერ და ცოცხლობ, წერ და აცოცხლებ. აცოცხლებ სიტყვებს, რომლებსაც შესაძლოა ფუნქცია დაკარგული აქვთ და შენ გელოდებიან გასაცოცხლებლად. ასწავლი და შენც სწავლობ, ურჩევ და შენც გირჩევენ, ქმნი და შენც ვითარდები – შენს თავს ქმნი.
ეს არის ჯადოსნური პროცესი. მსახიობები რასაც სცენის მტვერის შეგრძნებას ეძახიან მწერლობაში ჩემი აზრით კალმის და ფურცლის სინდრომი ჩნდება. ვინც ერთხელ კალმის, სუფთა ფურცლის და წიგნის სუნს იგრძნობს მას კიდევ ბევრჯერ გაუჩნდება სურვილი, რომ კიდევ იგრძნოს. შექმნას რამე საინტერესო და რაც მთავარია შეიგრძნოს ეს პროცესი. წერა ქრონიკულ დაავადებას ჰგავს. ეს არის უსასრულო განვითარების ზონა, სადაც ავითარებ აზრს და ვითარდები შენც. როგორც რობერტ ფროსტი ამბობს: ,, პოეზია არის, როცა ემოცია პოულობს ფიქრს და ფიქრი პოულობს სიტყვებს.’’
წიგნში წერია, რომ როცა მწერალი ,,საზიზღრობას’’ ქმნის , მშვენიერების არსებობას ახსენებს მკითხველს. ეთანხმები?
საინტერესოა ეს ფრაზაც: ,,ძველ წიგნებზე ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებებით უნდა იმსჯელო…წიგნი არ ძველდება, შთაბეჭდილება იცვლება ჩვენი ზრდისა და განვითარების შესაბამისად.’’
ჭილაძეს აზრით: ,,უფროსი და უმცროსი თაობის მწერლების ურთიერთობა ძალიან ჰგავს დედისა და ქალიშვილის ურთიერთობას. დედამ რაც იცის იმას ასწავლის ქალიშვილს, ქალიშვილი კი იმას სწავლობს, რაც მოსწონს დედისა.’’
ჩემთვის საინტერესოა მისი ფრაზა, რომ ,,ბებერ ცოლს კი არ გაურბის კაცი, არამედ საკუთარ სიბერეს, ცოლის თვალებში დანახულს.’’
როგორც მწერალი ამბობს: ,,მხოლოდ სიკვდილის დროს შეიძლება , რომ ერთი სიტყვით ვთქვათ ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე ამ სიტყვას ვეძებთ.’’
მართლაც რა იქნებოდა, რომ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე მივხვედრილიყავით ჩვენს შეცდომებს… რა მოხდებოდა, თუ გავაცნობიერებდით, რომ ჩვენი ცხოვრება კარგი მოგონებებისგან და ბედნიერად გატარებული წუთებისგან შედგება და ცოცხლობს… დანარჩენი უბრალოდ არსებობაა მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი და დაცემა ხანდახან საჭიროა გამოღვიძებისთვის.
შენ ვინც ამ სტატიას კითხულობ, თუ იფიქრებ, გაიაზრებ და რაღაცას რასაც არასწორად აკეთებ შეცვლი საკუთარ თავს ადრე თუ გვიან მადლობას ეტყვი. იქნებ გამოასწორო ყველაფერი, რასაც აქამდე ისე აკეთებდი, როგორც სხვებს უნდოდათ. შეცვალე, რაც არ მოგწონს . გამოიყენე დრო, ყველა დღე და არ დაიძინო ისე, რომ ვიღაცისთვის ერთი კეთილი საქმე არ გქონდეს გაკეთებული.
ბოლოს კი გთავაზობ ამ დიდი მწერლის რჩევებს წიგნიდან:
● ყოველდღიური შრომა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე;
● არასოდეს არ თქვა, რომ სრულყოფილად ფლობ შენს ხელობას;
● ნაკლები იფიქრე მიწიერ დიდებასა და კეთილდღეობაზე;
● არასოდეს წახვიდე დათმობაზე საკუთარი მრწამსის, შეხედულების, პოზიციის და რაც მთავარია სინდისის წინააღმდეგ.