Skip to content

ნიღბების მეჯლისი – ანუ როგორ ვკარგავთ ნამდვილ სახეს

შესაძლოა, ეს თემა მეტისმეტად რთული აღსაქმელი აღმოჩნდეს  ბევრისთვის, რაც არცაა გასაკვირი, რადგან საზოგადოების 95% (ძალიან ოპტიმისტი თუ ვიქნები – 80%) უბრალოდ, ვერ გაიგებს საერთოდ რაზე იყო ამ პოსტში საუბარი, მაგრამ ამის მიუხედავად, დავწერე, რადგან გულს უნდა, სჯეროდეს, რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, შენი სახით, ვინც ამას წაიკითხავს გააზრებულად, გადახარშავს და გამოიყენებს…

წარმოიდგინე:

წვეულებაზე მოსახვედრად შესასვლელში ნერვიულად წრიალებ, გაოფლილ ხელში ლამის შემოგადნა წვალებით ნაშოვნი მოსაწვევი. ბევრი ხალხია – ყველას უნდა მოხვდეს ნიღბების მეჯლისზე და გახდეს მისი განუყოფელი ნაწილი. ოდნავ მოშორებით დგანან ისინი, ვისაც არ აქვს მოსაწვევი. მათ დანახვაზე ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს, ისინი გარიყულები არიან ამ წვეულებისგან, მაგრამ მათი ამბავი ნაკლებად გაღელვებს – ერთი სული გაქვს შედგა ფეხი სანატრელ დარბაზში.

შიგნით ყველაფერი განათებულია, განწყობა საზეიმოა, გარემო – ბრწყინვალედ მოწყობილი და გაფორმებული. მთელ დარბაზში კედლებზე, გარშემო წიგნებია თაროებზე შემოწყობილი, რაც ინტელექტუალურ აღქმას აძლიერებს.

ბუნებრივია, ყველა ნიღაბშია, ეს ხომ ნიღბების მეჯლისია. მედიდური მიხვრა–მოხვრით მიეახლებიან ერთმანეთს მოსაწვევის მფლობელები და ხან ნიღაბს უქებენ ერთიმეორეს, ხანაც – შერჩეულ სამოსს…

ყოველივე ეს, ეფექტურად გამოიყურება და შენც თავი სიზმარში გგონია, ეს ხომ საოცარია – ყველა კარგ განწყობაზე ჩანს, ბევრი მხიარულება, ყველა ლამაზად გამოიყურება, ჭკვიანურად და ლამაზად საუბრობს… ეს წიგნებიც როგორ უხდება ამ გარემოს, რა გონივრულად შეურჩევიათ დარბაზი… მიდიხარ, რომ დაათვალიერო ეს წიგნები. დარბაზი სავსეა, ამიტომ, ხელის ცეცებით და გაძრომა–გამოძრომით გიწევს კედლამდე მისვლა…

როგორც იქნა, მიაღწიე, აიწიე წიგნის ჩამოსაღებად… რა მაღლა დაუკიდიათ! იწელები, გინდა მიწვდე, თავადაც არ იცი, რატომ?! იქნებ იმიტომ, რომ წიგნით ხელში უფრო გონივრულად ჩაგთვალოს ვინმემ ან იქნებ, გულით გინდა შეიგრძნო ფურცლების სიძველე და ეს საოცარი სუნი, რაც მათ აქვთ?! მოდი, ჩავთვალოთ, რომ მეორე სურვილი გამოძრავებს – ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა…

გიჭირს მიწვდე… ისევ მონდომებით ცდილობ… უცებ, გესმის:

– რად გინდა ეს წიგნი?! ის ბუტაფორიაა, ისევე, როგორც მთელი ეს სანიღბეთი! – მოულოდნელობისგან ოფლი გასხამს და იხედები გარშემო. ხედავ ხნიერ კაცს, რომელსაც ნიღაბი ხელში უჭირავს და გიღიმის – თან გულწრფელად და თან იმის გამოც, ასე გულით რომ ცდილობდი ჩამომეღო წიგნი…

იბნევი… რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ არ იცი, კონკრეტულად რის – ერთდროულად რამდენიმე კითხვა გადგას პირზე… მაგრამ შენზე სწრაფი სხვა აღმოჩნდებს და განგაშს ტეხს:

– უნიღბოდ არის! დაიჭირეთ! გააძევეთ! ნიღაბი მოუხსნია! გაათრიეთ!

კაცს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ესხმის თავს და გასასვლელისაკენ მიათრევს, ერთი კი შენთან მორბის და გეუბნება:

– თუ რამე გითხრა, იცოდე, არ დაიჯერო!!!

რა ხდება?! ანერვიულებული, რატომღაც ინსტინქტურად, ეძებ გარეთ გამოსასვლელს. იხსნი ნიღაბს და ცივ ოფლს იწმენდ… გახსენდება იმ კაცის ნათქვამი სიტყვები და ხვდები, რომ ბუტაფორია არამხოლოდ წიგნები იყო იქ, არამედ თავად ის ნიღბები, დამოკიდებულება, თვითპრეზენტაცია და ღიმილიც კი… არადა, რა სიჩქარით შევარდი ნიღბების მაღაზიაში?! რა მონდომებით ეძებდი საუკეთესო შენაძენს?! ერთს გაიზომავდი – თითქოს მოგეწონებოდა, გადადებდი და მაინც უკეთესს ეძებდი, გინდოდა ყველასათვის მოსაწონი ყოფილიყავი და არც კი შეგიმჩნევია, რომ ამასობაში საკუთარი, ბუნებრივი სახე მოიხსენი და სადღაც დადე, ხოლო შემდეგ ვეღარც იპოვნე…

ხვდები, ეს მეჯლისი არის კიდეც ჩვენი ყოველდღიურობა, სადაც ადამიანები ირგებენ სხვადასხვა იმიჯს, როლს, საზოგადოებრივ ნიღაბს და არტისტულად ცდილობენ წარმატებით გაერიონ “ამაოების ბაზარში”. ისინი ისე ეჩვევიან ამ ნიღაბს, რომ სახლში, ღამითაც ვეღარ იხსნიან. მათ დიდი ხანია დაივიწყეს (ზოგს არც სცოდნია ოდესმე) საკუთარი ნამდვილი სახე, ნამდვილი ხასიათი, მაგრამ ის არც სჭირდებათ, რადგან ნიღბების მეჯლისზე მთავარია, როგორ წარადგენ თავს, როგორ ეფექტურად შეფუთავ შენს მოსაზრებებს, ამჟამინდელ საქმიანობას, რამდენად ჭკვიანურად და მერყევი “ლ”–ს გარეშე გაართმევ თავს სათქმელს… მათ არ სჭირდებათ შენი ბუნებრივი ხითხითი, კისკისი ან თვალების ციმციმი, იქ სხვანაირი წესებია, რომელთა არაფერი გაგეგება, მაგრამ ამ დრომდე ემორჩილები… ვერც ამჩნევ, როგორ დაექვემდებარა შენი სურვილები, შეხედულებები და მისწრაფებები “მეჯლისის წესებს”… მანამ რაიმეს გაიფიქრებ ან გააჟღერებ, ჯერ იმაზე ფიქრობ, აკმაყოფილებს თუ არა ეს შესაბამის სტანდარტებს და თუკი დაეჭვდები ამაში, უმალ უარყოფ ამ აზრს, ვიდრე იბრძოლებ იმ ცეცხლის გასავრცელებლად, რომელიც შიგნიდან გიბრახუნებს, შენ კი საიმედოდ გყავს გამოკეტილი…

შინაგანი სიყალბე ნატურალურ ურთიერთობებს გამორიცხავს… ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნიღაბსამოფარებულები ერთმანეთს მხოლოდ ღიმილისთვის უღიმიან… მათ შეუძლიათ პირისპირ ხოტბა შეასხან ან ყველა სურათი “დაულაიქონ”, ბევრი “გულები” დაუწერონ, მისწერონ ღიმილით ის, რასაც არ ფიქრობენ გულით, ხოლო შემდეგ ზურგსუკან განიხილონ მისი ცხოვრება და განა ბოროტებით მოსდით ეს?! ისე, უბრალოდ, ეს ხომ “მიღებული წესია”…

ის ხალხი ვინღა იყო, მოსაწვევი ვისაც არ შეხვდაო?! – თუ გაგახსენდა, აუცილებლად მკითხავ შენ… ის ხალხი რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  • ვისაც ძალიან უნდოდა “მეჯლისზე” მოხვედრა. წინასწარ ივარჯიშა კიდეც სახლში სარკესთან, თუ ვისთან როგორ მოიქცეოდა ან ისაუბრებდა, მაგრამ მოსაწვევი ვერ იშოვნა. საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, “ფეხი არ ჩაუვიდა”… ნიღბიანმა საზოგადოებამ, უბრალოდ, მათთან ურთიერთობა არ მოისურვა – იქ მოხვედრა ლიმიტირებულია, რათა უფრო მეტად სასურველი იყოს (დეფიციტი ზრდის მოთხოვნილებას)…
  • ვინც ამბობდა, რომ არ უნდოდა მეჯლისზე მოხვედრა, მაგრამ ამით უბრალოდ იხტიბარს არ იტეხდა, თორემ როგორ არ უნდოდა?!
  • ვინც იქ არ მდგარა გარეთ და არც კი დაინტერესებულა, რა ხდებოდა მეჯლისზე, რადგან ისინი უკვე კარგა ხანია მიხვდნენ იმას, რაზეც შენ, შესაძლოა პირველად, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ დაფიქრდი… მათ არ უნდათ და არ სჭირდებათ ნიღაბი, რადგან უნდათ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან, სურთ, რომ საზოგადოებას დაენახონ ნამდვილებად და არასოდეს მოატყუონ საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას მოაჩვენონ თავი უფრო ლამაზად, უფრო ჭკვიანად, უფრო სასურველად, უფრო ძლიერად – მათ არ სჭირდებათ ყალბი ტაში, არც ბევრი “ლაიქი”, არც “ერთი გული დავუწეროთ”.

მათ, უბრალოდ, უზომოდ ენანებათ თავიანთი დრო და ენერგია ამაზე. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან რეალურ ფასეულობას, გვასწავლიან ნამდვილ ურთიერთობებს, ჯანსაღ ღირებულებებს, სიკეთით მოციმციმე ღიმილს. ეს არიან ადამიანები, ვისაც “მეჯლისის” საზოგადოება “არ იმჩნევს”, რადგან ეშინია ნიღბის მოხსნის – მას ხომ დიდი ხანია დაავიწყდა საკუთარი ნამდვილი სახე, მან ხომ მთელი მონდომებით “მიიკერა” გულმოდგინედ შერჩეული ნიღაბი… პარადოქსი ისაა, რომ ისტორიას ეს კატეგორია ამახსოვრდება ყველაზე განსაკუთრებულად, ხოლო “მეჯლისის” სტუმრები მხოლოდ დროებით აღმოჩნდებიან ხოლმე ტალღის ქიმზე…

P.S. დააკომენტარე, თუ ცოტათი მაინც გაიგე, რაზე იყო საუბარი… თუ ვერ გაიგე, ეგეც დაწერე… თუ არ მოგეწონა, გამლანძღე, რა ვქნა აბა :))) …

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი