„ ფრაზა „გემოვნებაზე არ დაობენ“ ძველ რომში გაჩნდა და ეხებოდა გემოვნებას, საჭმელთან დაკავშირებით. მოგვიანებით ტერმინი გემოვნება ჩნდება გაცილებით ფართო კონტექსტში და გულისხმობს ესთეტიკურ კატეგორიას,მაგრამ დღეისათვის გემოვნება გაიგივებულია პიროვნების არჩევანთან“.( ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ )ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ აქვს მაღალი გემოვნება და თითოეული მათგანი ცდილობს თავიანთი შეხედულებები თავს მოახვიონ სხვებს,შესაბამისად ექცევიან ჩიხში და იწყებენ კამათს. კამათის დროს, როგორც ნებისმიერი დისკუსიისას, ადამიანი შეიძლება წყობილებიდან გამოვიდეს და მოკამათეებს შორის ნამდვილი დავა წარიმართოს.ამიტომ მარკ ტვენის ცნობილ გამონათქვამს თუ მოვიშველიებთ – „ადამიანები გემოვნებაზე კი არ დაობენ მის გამო ერთმანეთს ცემენ,ლანძღავენ და ომობენ. “დღევანდელი პოსტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ ადამიანი გემოვნების, გარეგნობის და ჩაცმულობის მიხედვით.
– მოდით დავიწყოთ იქედან, თუ რას ნიშნავს გემოვნება ?
„ გემოვნებას ჩამოყალიბებულ შეხედულებათა ერთობლიობა განაპირობებს, რომელიც კონკრეტულ ადამიანში დროთა განვალობაში იქმნება გარკვეული ღირებულებების შესაბამისად. ღირებულებების დიდ ნაწილს აყალიბებს საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი განიცდის სოციალიზაციას. შესაბამისად, გემოვნება, მნიშვნელოვანწილად, ყალიბდება იმ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს“.( წყარო – REVAZ’S BLOGI ) მაშასადამე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც იზრდება მოზარდი. თუ ბავშვი შეძლებულ ოჯახში ცხოვრობს, მშობლები ზრუნავენ მატერიალურთან ერთად მის სულიერ განვითარებაზე, ასწავლიან პრესტიჟულ სასწავლებელში,დაჰყავდათ კინო-თეატრში, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე და აჩვევენ, როგორ გამოიყურებოდნენ მოხდენილად, შესაბამისად ასეთ პირობებში აღზრდილ ადამიანს დროთა განვალობაში უყალიბდება კარგი გემოვნება. რა თქმა უნდა აღზრდის ასეთი მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს, რადგან თუ პიროვნება არასოდეს ინტერესდებოდა: მხატვრობით, ლიტერატურით, მუსიკით და ხელოვნების არც ერთი დარგი არ იყო მისთვის საინტერესო, შესაბამისად მას არ ექნება კარგი განათლება. ცოდნა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბების საკითხში. გემოვნება – ეს არის სამყაროს შესახებ ადამიანის შეხედულებების ერთობლიობა, ამიტომ თავისთავად გულისხმობს პიროვნების ჩაღრმავებას საკუთარ თავთან, როდესაც ადამიანს სურს სიღრმეებში წვდომა,ის სწავლობს ძალიან ბევრს და მიყვება სამყაროსკენ მიმავალ გზას შემართებით.რაც შეეხება დაბალი წრიდან გამოსულ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ატარებდნენ სამოსს, რომელსაც წლიდან-წლამდე ძლივძლივობით ყიდულობდნენ მათთვის მშობლები, არ ჰქონდათ წიგნების კითხვის ფუფუნება და არ სწავლობდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ასეთი ადამიანები ყოველთვის მოკრძალებულნი არიან. არასდროს აცვიათ ბრენდული სამოსი და ყოველთვის ატარებენ უბრალო ტანსაცმელს. რა თქმა უნდა მოსწონთ ძვირფასი სამოსი, მაგრამ არა აქვთ ასეთი ტანსაცმლის შეძენის საშუალება. ისინი ფიქრობენ რომ ცხოვრობენ სამყაროს ყველაზე სევდიან მიწაზე და სარჩო რომ მოიპოვონ შრომობენ ძალიან ბევრს, ამიტომ ამ გზით ეხებიან ისინი სამყაროს გულს. ასეთი ყოფით სწავლობენ ერთმანეთის გვერდში დგომას, არიან კეთილი და უბრალო ადამიანები და ჩაცმულობის მიხედვით არასდროს არ უნდა შევაფასოთ მათი გემოვნება.
რაც შეეხება ადამიანის გარეგნობას – ამ მხრივ ადამიანები განსაკუთრებით დაუნდობლები ვართ. ბევრჯერ შევსწრებივარ როგორ განიკითხავენ ერთმანეთს სიმსუქნის, სიმაღლის ან უბრალოდ კეხიანი ცხვირის გამო. ჩვენ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით, თუ ვისაუბრებთ ადამიანებზე, არასდროს დაგვრჩება დრო ერთმანეთის შესაყვარებლად. ადამიანში მხოლოდ ნაკლოვანებებს თუ დავუწყებთ ძებნას, ვერასდროს შევძლებთ დავინახოთ მასში დადებითი თვისებები.
განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო მუსიკალურ გემოვნებაზე,რადგან ამ თემასთან დაკავშირებულმა ინციდენტიმა გადამაწყვეტინა დამეწერა ჩემი მორიგი პოსტი.პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ გემოვნებიან მუსიკად ითვლება: კლასიკა, ჯაზი, როკი, სიმფონიური მუსიკა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება, რომელიც ჩვენს გემოვნებას არ ემთხვევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავცინოთ მას. ჩვენ არ ვიცით ესა თუ ის მუსიკა,რატომ მოსწონს ადამიანს,რადგან არ გვესმის ერთმანეთის გრძნობების ენა. მუსიკოსი,შეიძლება არ ქმნიდეს კლასიკას,მაგრამ გულიდან ამოქონდეს ყველა შესაძლებლობა და იხარჯებოდეს ბოლომდე. ამიტომ ხშირად აღწევს ასეთი მუსიკა ადამიანის გულამდე.შეიძლება მოუსმინო მუსიკას და დაინახო როგორ ეცემიან ფოთლები მიწას. ან მუსიკაში იპოვო შენი თავი ისეთი, როგორიც სამყაროს შემოქმედს უნდოდა რომ ყოფილიყავი. ამიტომ ყველას აქვს თავისი მუსიკა, ჩვენ ხშირად დავატარებთ საყვარელ ნოტებს გულით და იშვიათად ვთავისუფლდებით მათგან.
ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში (სადაც უცხო ენას შევისწავლი) მასწავლებლის შეკითხვას – როგორ მუსიკას ანიჭებდა უპირატესობას – მარიამ გულწრფელი პასუხი გასცა. მან დაასახელა თავისი საყვარელი ჯგუფი, რამაც გარშემომყოფების სიცილი გამოიწვია. მას დასცინეს ჯგუფელებმა მხოლოდ იმის გამო, რომ მის ფლეი ლისტში შესული სიმღერები, სხვების მუსიკალურ გემოვნებას არ დაემთხვა. ვფიქრობ, გოგონამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ჯგუფი არ არის საუკეთესო, მაგრამ გულწრფელად დაასახელა ის. იგი დარწმუნებული იყო, რომ მის მეგობრებს არ ექნებოდათ ასეთ რეაქცია. მეცადინეობა რომ დასრულდა, მოწყენილი დაეშვა კიბეებზე და გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას ფეხით. ჩვენ არ გვიკითხავს მისთვის, რატომ მოსწონს ეს ჯგუფი. შეიძლება ოდესღაც საყვარელ ადამიანთან ერთად უსმენდა მათ შესრულებულ კომპოზიციას, შემდეგ დაკარგა ძვირფასი ადამიანი და ახლა ეს სიმღერები ახსენებს მასთან გატარებულ მშვენიერ წუთებს. შეიძლება უბრალოდ მოსწონს მარტო ყოფნა და ასეთ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. „მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია.“(მოცარტი) უსმენ მუსიკას და პოულობ შენს გულში დაფარულ ფიქრებს. არასდროს იცოდი, რომ შეგეძლო მთები და ზღვები დაგეხატა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისეთ მელოდია მოისმინო, რომ გამოიგონო ახალი ოცნება – მომავალში გახდე მხატვარი და გადმოხატო სამყაროდან ყველა მშვენიერი პეიზაჟი.
ერთ- ერთ ინტერვიუში მაიკლ ჯექსონს კითხეს როგორ ქმნიდა მუსიკას, მან კი უპასუხა : „ უბრალოდ ვაბიჯებ მასში, როგორც მდინარეში შეაბიჯებ და ნაკადს გაყვები. ყოველ წუთს მდინარეში აქვს თავისი სიმღერა.“ მე მოკრძალებით დავამატებდი, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ასეთი მდინარე და ყოველი აქ შესრულებული მელოდია სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი კურსელი მოწყენილი რომ მიუყვებოდა გზას, გავიქეცი მისკენ და დავეწიე. ქროდა ქარი და აქეთ -იქით არწევდა ადამიანებს. უზარმაზარი ფერადი ფოთლებით იყო მოფენილი ქუჩა. დაატრიალა ქარმა ჰაერში ყვითელი ფოთლები და გაეხვივნენ ამ ფოთლების კორიანტელში ადამიანები. მარია შემოდგომის განსაკუთრებულ ფოთოლს გავდა, რომელსაც არ სურდა მიწაზე დაშვება, რადგან „ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა“. მე ვიფიქრე, ვინმე დაინახავს ასეთ პეიზაჟს და შექმნის ახალ მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც აუცილებლად იქნება მშვენიერი. მერე მე მივედი მარიასთან და მოვეხვიე. ისიც მომეხვია და ჩვენ ერთად გავუყევით შინისკენ მიმავალ გზას ფეხით. ცა იყო ღრუბლებით დაფარული. რამდენჯერმე მაღლა ავიხედე, ისიც უყურებდა ღრუბლებს. მერე გავიფიქრე, რომ მალე დაიწყებოდა წვიმა და წაშლიდა წვიმის წვეთები სევდის ნაკვალევს.