80 წელს გადაცილებული იქნებოდა ბებო, როცა პირველად ვნახე, ხალხმრავალ ადგილას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მოხუცები ხომ რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, ხოდა ისიც ჩემს მონატრებულ ბებიას მაგონებდა, რომელსაც იშვიათად ვნახულობდი შორეულ სოფელში.
საოცრად კეთილი ჩანდა. მის პატარა, შავ თვალებში, მუდამ თბილი ცეცხლი ენთო და როცა ვინმე ეხმარებოდა “ღმერთმა გამრავლოთ შვილო, გაბედნიეროთ, გაგახაროთო” დიდხანს და უშურველად იმეორებდა. მისი სიტყვები მეც მათბობდა, მჯეროდა თუკი დავეხმარებოდი, სამყარო უფრო კარგი გახდებოდა. ხდებოდა კიდეც, ყოველშემთხვევაში მე თავს უკეთესად ვგრძნობდი.
ადამიანებს ხშირად გვჩვევია ცხოვრებისეული სურათების აკვიატება. ჩემთვის ბებო მიტოვებული სოფლის სალოცავს ჰგავდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში რომ აკითხავენ ადამიანები და მიაქვთ შესაწირი.
მეც ბევრჯერ მივსულვარ, შორიდანაც დავკვირვებივარ. ხშირად გზიდან შემოვბრუნებულვარ და ხელმეორედ დავხმარებივარ. ვერასდროს მცნობდა, ყოველთვის ზუსტად ერთ ადგილას იჯდა ჩაფიქრებული და მხოლოდ მაშინ მოეგებოდა გონს, როცა კალთაში მონეტას ჩავუდებდი. ბებო გამვლელებს არასდროს ესაუბრებოდა, სიტყვიერადაც არასდროს უთხოვნია დახმარება.
“რა ვქნა, სახლში არავინ მუშაობს და სხვა რა შემიძლია, მე არაფრის მაქნისს, უვარგის მოხუცსო”- მოულოდნელად მითხრა ერთხელ, როცა მის ლოცვას თავდახრილი ვუსმენდი. არის წამები, როცა ბევრი რამ გინდა თქვა და არაფერი გამოგდის. იმ დღეს ასე მოხდა “დიდხანს იცოცხლეთთქო” ვუთხარი და გონებაამღვრეული დავშორდი. ეს ერთადერთი დღე იყო, როცა მასთან შეხვედრის შემდეგ სიცივე ვიგრძენი.
მას შემდეგ აღარაფერი უთქვამს, აღარც მე მითქვამს რამე. ხშირად კი ვნახე წვიმაში, მზესა თუ ქარში ზუსტად იმ ადგილას მჯდომი, თავდახრილი და ჩაფიქრებული. როცა ვხედავდი ყოველთვის ერთი და იგივე სურვილი მიჩნდებოდა. მინდოდა მაგრად ჩავხუტებოდი და ამეხსნა, რომ არ იყო “უვარგისი” და მისი მსგავსი ადამიანების გამო იყო სამყარო უკეთესი.
ვერასდროს მოვახერხე. შეიძლება ბავშვური მიამიტობის გამო, როცა გგონია, რომ შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს ან ისევ მსგავს იდეალურ შემთხვევას ველოდებოდი, ანდა მეშინოდა, რომ ჩემი სიტყვები ნუგეშის ნაცვლად გულს ატკენდა. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ შევძელი. უხმოდ ვისმენდი მის ლოცვას, ვთბებოდი.
მას შემდეგ წლები გავიდა, იმ გზაზეც იშვიათად მიწევს გავლა, მაგრამ როცა იქ მოვხვდები ყოველთვის იმ ადგილისკენ გამირბის თვალი, სადაც ის იჯდა.
სხვისთვის ის ადგილი ცარიელია, ჩემთვის კი სავსე – მოგონებებით “უვარგის” მოხუცზე, რომელმაც სამყარო მისი თვალით დამანახა და თვალსაწიერს იქით გამახედა. მე ხშირად წარმოვიდგენ დაბნეულ სტუდენტ ბიჭს, რომელიც თავდახრილი უსმენს კეთილი მოხუცის ლოცვას, შემდეგ კი გულში იკრავს და ეუბნება, რომ ესმის მისი დარდის და მის გამოა სამყარო ასე თბილი და უკეთესი..