Skip to content

მოტივაცია მათთვის ვისაც საყვარელი საქმის კეთება სურს ! !

     ეს არის ისტორია ქალბატონზე, რომელსაც მეუღლე  ნაადრევად გარდაეცვალა და სამი შვილი დარჩა გასაზრდელი. მას კი სამსახურიც არ ჰქონდა. გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ეცადა, რომ სასურველი სამსახური ეპოვა, მაგრამ  ნორმალური სამუშაოს პოვნა ვერსად შესძლო.როგორც თავად იხსენებს,ყოველ დღე ფეხით მიუყვებოდა გზას და ყველა კარზე აკაკუნებდა. ნებისმიერი სამუშაო შეეძლო შეესრულებინა, მაგრამ თითქოს ბედი არ სწყალობდა.

     იმ დღითაც ადრიანად გამოვიდა სახლიდან. თავისუფლების მოედანზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ. შენიშნა, რომ ქალბატონებს და გოგონებს,ულამაზესი გვირგვინები ეკეთათ თავზე. გვირილებისა და ფურისულებისგან დაწნული გვირგვინი,მართლაც რომ ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ძალიან მოუნდა მის გოგონებსაც ჰქონოდათ ასეთი გვირგვინები. ისიც შენიშნა,რომ იმ ადგილას სადაც უამრავი ხალხი ირეოდა,სწორედ ასეთ გვირგვინებს წნავდნენ.გაახსენდა ბავშობაში მინდვრის ფერად ყვავილებს რომ ჩაიწყობდა კაბის ჯიბეებში და შინ მისული დედისათვის ულამაზეს გვირგვინებს აკეთებდა. გაიტაცა ლამაზმა მოგონებებმა, ოცნებებმა, წარმოიდგინა,რომ ახლა ისევ აკეთებს ასეთ გვირგვინებს  და რუსთაველზე მშვენიერ ქალბატონებს ჩუქნის. სწორედ ოცნებებში დაიბადა იდეა,რომელმაც ეს ქალბატონი გაჭირვებისგან იხსნა. გადაწყვიტა მასაც დაემზადებინა გვირგვინები და  იმ ადგილებში გაეყიდა, სადაც უამრავი ტურისტი ირეოდა.ასეთი ადგილები კი თბილისში გახლავთ-  შარდენი,აბანოთუბანი,ნარიყალა,ფუნიკულიორი და სხვა.შეიძინა ულამაზესი ყვავილები და შეუდგა საქმიანობას.მისთვის ეს საქმე უკანასკნელი იმედი იყო. ძალიან ლამაზ გვირგვინებს აკეთებდა და უცხოელ ტურისტებზე ჰყიდდა. ზოგჯერ ქართველებიც ყიდულობენ მისგან ამ ლამაზ ნამუშევრებს.

   ” ჩვენს სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ყვავილები და რადგან  ფული არ აქვთ მათ შესაძენად,მინდა გავახარო ისინი და ზოგჯერ რამდენიმე მათგანს ვჩუქნი გვირგვინებს.ისინიც ძალიან ბედნიერები არიან.იღიმიან,უამრავ სურათს  და სელფს იღებენ, თავზე კი  ჩემი გაკეთებული გვირგვინები უკეთიათ.  მე კი ეს ძალიან მაბედნიერებს.ვფიქრობ,გვირგვინების კეთებით მატერიალურად უკეთესად ვცხოვრობ და ჩემს ოცნებასაც არ ვივიწყებ.როდესაც  შევატყობ,რომ ქალბატონს ძალიან მოსწონს ყვავილების გვირგვინი, ფული კი არა აქვს, რომ ეს უბრალო ოცნება აისრულოს, გვირგვინი შეიძინოს და ფერიასავით იგრძნოს თავი, თუნდაც ერთი დღე,მას გულს არ ვწყვეთ და გვირგვინით ვასაჩუქრებ.

   ჩემს საყვარელ რესპოდენტს ინგლისური ლექსიკონი თან აქვს და როგორც კი თავისუფალ დროს  გამონახავს უცხო სიტყვებს სწავლობს,რომ უცხოელ კლიენტების მომსახურეობა ადვილად შესძლოს. ეს კი არის სწრაფვა წინსვლისკენ და მოტივაცია იმ ადამიანებისთვის,რომლებმაც არ იციან რა აკეთონ  ცხოვრებაში და ამის გამო უიმედოდ გრძნობენ თავს.უკვე იცის ისეთი სიტყვები, როგორიცაა –  flowers crown –  bay colored crown –  looks good on you და სხვა.

 გაიგო  თუ არა რომ მასზე სტატიის დაწერას ვაპირებდი,სპეციალურად ჩემთვის დაამზადა ცისფერი ქრიზანთემებისგან  ულამაზესი გვირგვინი და მეტი ინსპირაციისთვის შემოდგომის ფოთლებიც შეურია.უამრავი მადლობა გადავუხადე და ფეხით გავუყევი რუსთაველის გამზირს.გამვლელები ჩემს დანახვისას იღიმოდნენ და უდიდეს პოზიტივს ვგრძნობდი.

    ამ ქალბატონის  შემთხვევა კი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც სასურველ სამსახურს ვეძებთ, მონდომებით და დაუღალავი შრომით, აუცილებლად აღმოვაჩენთ სამყაროში საქმეს, რომლის კეთებაც მოგვიტანს ბედნიერებას და თავს უკეთესად ვიგრნობთ.

გისურვებთ წარმატებებს !