Skip to content

მეჭირისუფლე

რძისფერი დილა თენდებოდა.დილის ნიავს ცელქი სიო ხან იქეთ გააქროლებდა  ხანაც აქეთ თითქოს სუნთქვას აჩერებს და შემდეგ ერთიანად ღრმად ამოისუნთქებსო იფიქრებდა კაცი და ისე ძლიერად დაუბერავდა ხეზე აქა იქ შერჩენილ გაყვითლებულ ფოთოლებს ხევისკენ მიაქანებდა.გახარებულ მინდვრის წრუწუნას კი როგორც საახალწლო ძღვენი,მიერთმია ვინმეს,სოროსაკენ მიაქანებდა და ორმაგად აწეპებდა საგულდაგულოდ გამოხრულ სოროს კედლებს,რადგან მოსალოდნელ ზამთრის სუსხს არ შეეღწია.

რას იზამ,ასეთია ბუნების კანონი და ნება გამჩენისა,გულში ფიქრობდა პაპა ჩაღატა და ხევს ჩაჰყურებდა.იქედან კი ცივი და უმოწყალო სივრცე შეჰყურებდა პირღია.რომელიც ცხელი ზაფხულიდან დაქანცულ მდინარეს მიეტოვებინა და ისევ მთიდან მოვარდნილ მდინარის მოლოდინში შეჰყურებდა ცას.

წელს დიდი ზამთარი გვექნება,შესძახა კერასთან მჯდომს მოხუცმა.

– შენ რა გამჩენი გესიზმრა?

-რას ამბობ დაილოცოს მისი მადლიანი სახელი.

-ჯვრის კართან ამბობდნენ.

-ან რაღად მინდა სხვისი თქმა შეხედე ცას ლამის ერთმანეთს წაეკიდოს ვინმემ ნება რომ მისცეს საჩხუბრად გამოიწვევდა ქვეყნიერებას.

-იყუჩე კაცო! რას მიედ მოედები.ვინ შეგვეკითხება ან მე,ან შენ,ქვეყნიერების ბედიღბალს ამ ისედაც დაუძლურებულ მიწიერებას განა ცოტა ჰყავს გამკითხველი ჩვენც რომ არ მივემატოთ?…

ასე ილეოდა მრავალი დღე და არც ის დღე იყო განსხვავებული სხვა დეღებისგან ცოლ-ქმრის მუსაიფში რომ ილეოდა.ამგვარ მუსაიფში წელს მოაკლდა კიდევ ერთი დღე.წელს აკლდებოდა მაგრამ პაპას კი ემატებოდა.ძილად მისული პირჯვარს გამოისახავდა,ილოცებდა,როგორც შეეძლო და ახალი დილის გათენების იმედით დახუჭავდა ნაოჭიან თვალებს.

იმ წელს მართლაც დიდი ზამთარი მოვიდა.

ის არ უჩიოდა წელთა სიმცირეს,მხოლოდ ერთი ,რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, ის სიცარიელე იყო,როცა მის ყმაწვილ-კაცობისას სოფელში ყველა სახლის საკვამურიდან  ამოსულ ლურჯ კვამლს ხედავდა და როცა ყველა ალაგს მამალი შემიმჯდარიყო.

ეხლა…მის მეხსიერებას რომ შემორჩენია თორემ აწი ვერავის დაუმტკიცებს რომ,აქ ოდესმე კაცის სულს ფეხი დაუდგავს მის გარდა.

ზოგან ჟანგიანი ბოქლომი დაგხვდებოდა მხოლოდ ლოდივით რომ აწვა გულზე  დირის კარს და ზოგან კი არც ისიც,შეღებულ კარს დაინახავდი ახლოს მისულს იქედან სიცივე,სიბნელე და მარტოობის სიჩუმეში ჩაფიქრებულს ცარიელ კედლებში მოხეტიალე ქარის მიერ შეფხიზლებულ სარკმლის შემზარავი ხმა თუ გამოიყვანდა კაცს ფიქრთა მორევში ჩაძირულს.

მაგრამ მაინც უყვარდა,მაინც ვერ ელეოდა,ან კიდევ სადღა უნდა წასულიყო.მისი მეალაგენი კარგახანია ზოგნი ჩაბარებოდნენ პატრონს,ზოგნიც კი უფალს წაეყვანა მარადისობაში. დარჩენილი ნაწილი  კი გაზარმაცებულ შვილებს წაეყვანათ ქალაქში.მას არც შვილი ჰყავდა,არც უფალი აკითხავდა,ეტყოდა თავის თავს ხუმრობით:  ალბათ დავავიწყდი უფალს ან მის გამოგზანილ მაწვიერს ჩემამდე გზა ვეღარ გამოუგნია და ხელცარიელი დაბრუნებულა უკანო.

თითქმის ყოველ დღე,როგორც სიძე საქორწინოდ ისე ემზადებოდა. რაც თვითონ ახალს და საუცხოოს ეძახდა ჩაიცმევდა და სოფლის დასაწყისში წავიდოდა. იქნებ ვინმეს გაევლო და ქვეყნიერების ახალი ამბავი ცოდნოდა. ხან კი გაუმართლებდა და ჩამოივლიდა მგზავრი და ჰკითხავდა:ზევით ვის ადღეგრძელებენ ზევითო?…თუ ეტყოდა;მეფესო,ესე იგი ყველაფერი კარგად იყო, მერე ცოტა ხნით თვალს მოავლებდა არე-მარეს და დინჯად მიუყვებოდა მის ქოხისაკენ ორღობეს ნელ-ნელა.ხანაც თვე ისე გავიდოდა არავინ გამოჩნდებოდა.

შინ მისულს ცოლი ეკაპასებოდა:არ დაიღალე ბერკაცო?.ფრთხილად იყავი რამე არ უწიო თავს ან ნადირის ლუკმად არ იქცე.მაგრამ ის მაინც დადიოდა.იქნებ რა მოხდა,იქნებ რა და რას გვიქადის ბედიღბალიო.

კვირაობით თუგინდ ცუდი ამინდი ყოფილიყო დაუზარებლად საყდარში მიდიოდა.კარს რომ შეაღებდა და თუ იქედან კარის ხმაზე დამფრთხალი  მტრედები გამოფრინდებოდნენ უხაროდა სულიწმიდა ისევ ჩვენთან არის არ გამწყრალაო.

იგი, სოფლის განაპირა ქოხში ცხოვრობდა და როცა წყაროდან შინ ბრუნდებოდა გზად მიმავალი,ყველა სახლის ალაგზედ შეჩერდებოდა და შესძახებდა:

გამარჯობა ხარმისავ!…

შემდეგ მეორესთან,გამარჯობა კორინთავ!…ბალღები როგორ არიან,ქალაქიდან რას იწერებიან და ასე,სანამ მის მიწურს არ მიუახლოვდებოდა მოიკითხავდა ყველას.

ცოლი ისევ ეკაპასებოდა.

-კაცო,ვინმემ რომ გაგიგონოს, სრული ჭკუის არ ეგონები.

-აბა როგორ გამოვიარო ისე სალამი რომ არ უთხრა?ისინი ჩემთვის ისეთივე ცოცხლები არიან როგორც ადრე იყვნენ და ჩემში ისევ ესეთებად დარჩებიანო.

-სირცხვილია,ჰოო…სირცხვილი,ვინმემ არ გნახოს ეგრე.

მაგრამ შემდეგ თავადაც ხვდებოდა ან ვის უნდა ენახა ან ვის უნდა გაეგონა და ისიც შემდეგ ჩუმდებოდა.

ან როგორი უცნაური სანახავი იქნებოდა ცარიელ ორღობეში მიმავალი მეზობლებს რომ ესაუბრებოდა.

ასე გავიდა მრავალი წელი,ერთადერთი მოსაუბრე და ხმის გამცემი რომელიც ჰყავდა შინ დაბრუნებულს ადამის მოდგმიდან ისიც დრომ გაუცვითა და ერთ სუსხიან ზამთარში,ორ გაღმელ თანასოფლელის დახმარებით მიაბარა მიწას.

სულ მარტო დარჩა პაპა ჩაღატა.ხმის გამცემიც აღარავინ ჰყავდა და თითქოს უკიდეგანო სოვრცეში   ჩაკარგულს  მხოლოდ მისი ექო აგულიანებდა.

მთის კიდიდან გადამდგარი გაიძახოდა:

-ეჰე….!

-ეჰეეეეეეე…….-იმეორებდნენ მის ხმას მთები.

ვის ან რას ეძახდა მოხუცი?! განა ნადირს აფრთხობდა, ექოს ამოწმებდა თუ მთები იგივე ხმაზე დაუბრუნებდნენ იტყოდა:ჯერ ხმაში ბზარი არ გამჩენია, ჯერ კიდევ კარგად ვარ და მხნეობა ემატებოდა.

წელიწადის ორი დღე უყვარდა განსაკუთრებით, აღდგომისა და ახალი წლის დადგომა.ყოველ ახალ წელს ისევ სიცარიელის მეკვლე იყო მაგრამ მაინც ჩამოივლიდა ყველა სახლის კარს,ტკბილეულის ნაცვლად ისევ ჩვეული ტკბილი სიტყვით.

აღდგომის დილით როგორც მენელსაცხებე დედანი გათენებამდე დაადგებოდა სასაფლაოს გზას.წითელი კვერცხებით ხელში,მივიდოდა ყველა საფლავთან,გადაწმენდდა აკანკალებული ხელებით დათოვლილ ქვებს. თვალს ვერ მოსწყვეტდა შორიდან მხილველი კაცის თვალი სისხლის წვეთებივით რომ ამჩდა თეთრ თოვლზე წითელი ფერი.

ისევ სახლისკენ მოუყვებოდა მოხუცი ამ ,,უსწორმასწორო წუთისოფლის”შარაგზას უკვალავ თოვლში ტოვებდა ნაკვალევს,, მაგრამ ჩაივლიდა თუ არა ისევ უკვალავი ხდებოდა.

მოდიოდა და ფიქრობდა:ალბათ იმიტომაც აღარ ვახსოვარ უფალს რომ რამდენი მიცვალებულის მეკვლე და მეჭირისუფლე ვარ.

მაგრამ რამდენ ხანს, გაუძლებ ბერო ჩაღატა ?!….

გოგიტა გიორგაძე