1936 წლის იანვარში, ახალგაზრდა გოგონამ, სახელად პილისმა, წერილი მისწერა ალბერტ აინშტაინს და ასეთი კითხვა დაუსვა: “მეცნიერები ლოცულობენ?”
1936 წელი,19 იანვარი
რივერსაიდის ეკლესია,
ჩემო ძვირფასო აინშტაინ,
საკვირაო სკოლის გაკვეთილზე ასეთი კითხვა დაგვებადა: “მეცნიერები ლოცულობენ?”. შეკითხვა მაშინ გაგვიჩნდა, როცა ამ საინტერესო საკითხს განვიხილავდით: “შეიძლება თუ არა რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს?” ასე რომ გადავწყვიტეთ მიგვეწერა მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის, რათა ჩვენს კითხვაზე პასუხი გვეპოვნა.
დიდად დაგვავალებთ, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემთ: ლოცულობენ მეცნიერები? და თუ ასეა, რისთვის ლოცულობენ?
ჩვენ მეექვსე კლასის მოსწავლეები ვართ, მის ელისის კლასიდან.
პატივისცემით თქვენი,
პილისი
აინშტაინმა მალევე მისწერა გოგონას საპასუხო წერილი.
24 იანვარი, 1936 წელი
ძვირფასო პილის,
შევეცდები, რაც შეიძლება, მარტივად გიპასუხო.
ჩემი პასუხი ასეთია:
მეცნიერები ფიქრობენ რომ ყოველი მოვლენა, ადამიანთა არსებობის ჩათვლით, ბუნების კანონებით არის განპირობებული. გამომდინარე აქედან, მათ არ შეუძლიათ სჯეროდეთ რომ ლოცვა მოვლენათა განვითარებაზე რაიმე გავლენას ახდენს და რომ ფაქტები ზებუნებრივი სურვილის წყალობით ხდება.
მიუხედავად ამისა, გვიწევს იმ დათმობაზეც წავიდეთ, რომ ჩვენი ცოდნა ამ ძალების შესახებ არასრულყოფილია და საბოლოოდ ზებუნებრივი, დიადი სულის არსებობა მხოლოდ რწმენაში განისვენებს და ეს რწმენა, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა, ფართოდ არის გავრცელებული.
მაგრამ ასევე, ყველა ვინც სერიოზულად მისდევს მეცნიერების სიღრმეებს, აუცილებლად ამჩნევს, რომ სამყაროს კანონებში, გარკვეული სულის არსებობა ნათელია, ძალის რომელიც ადამიანის სულზე ბევრად აღმატებულია. მეცნიერების სიღრმეებისაკენ მიმავალ გზას გარკვეულ რელიურ გრძნობამდე მივყავართ, რომელიც მეტად მიამიტი ადამიანის რელიგიურობისგან მკვეთრად განსხვავდება.
გულითადი სალამი,
თქვენი ა.აინშტაინი
თარგმანი: თემო ბერიშვილი