Skip to content

მადლიერების ძალა

მადლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც გამოვხატავთ, არამედ – თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ მადლობის გადახდით ვაბიჯებთ საკუთარ ”ეგოს”, ვაცნობიერებთ სხვების მნიშვნელობას, მოტივაციას ვუქმნით მათ და რაც მთავარია, ხელს ვუწყობთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ერთხელ, მეტროს სალაროში ბარათის ანგარიშის შევსების შემდეგ, მოლარეს მადლობა გადავუხადე და გავუღიმე. არასდროს დამავიწყდება ამ ქალბატონის გაოცებული სახე, რომელმაც მადლობის გადახდის შემდეგ გაოცებულმა ამომხედა, სახე გაუნათდა და თვითონაც გამიღიმა. ეტყობოდა, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენდნენ მგზავრები. მას შემდეგ, როდესაც სალაროში ეს ქალბატონი მხვდებოდა, ყოველთვის მესალმებოდა და მიღიმოდა. რაც მთავარია, ამ ქალბატონის დამოკიდებულებამ მე თვითონ შემიქმნა მოტივაცია, გაწეული მომსახურებისთვის სხვა ადამიანებისთვისაც ხშირად გადამეხადა მადლობა.

დახმარების ვალდებულება არავის გააჩნია. დახმარება, ყურადღების გამოჩენა, ზრუნვა – ეს ყველაფერი ადამიანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ ჩვენთვის.
რაც მთავარია, თუკი თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ხართ მსოფლიოს უამრავ ადამიანზე ბედნიერი, რადგან:

• იცით კითხვა;

• გაქვთ კომპიუტერი ან ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა;

•  გაქვთ მხედველობა;

• გაქვთ განწყობა, იკითხოთ სტატიები.

ეს ყველაფერი არ არის სრული ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება გაგაჩნდეთ ბედნიერებისთვის, მაგრამ არ აფასებდეთ და ხართ კი თქვენ ცხოვრების მადლიერი ამ ყველაფრისთვის?!

იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, თუნდაც, უბრალოდ გამოჩენილი ყურადღებისთვის, გადაუხადოთ მადლობა სხვებს. დაფიქრდით, რამდენი ადამიანისთვის შეგიძლიათ მადლობის გადახდა? თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თქვენს ცხოვრებაში არსებობენ. დაინახეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა და რაც მთავარია, უთხარით მათ ეს.

შექმენით პოზიტიური ურთიერთობები თქვენს ირგვლივ, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგეხმარებათ.

და ბოლოს: გმადლობთ, ამ სტატიის წასაკითხად თქვენი დროის დათმობისთვის…