ახლა ამ დილით აივანზე ვიდექი და ვფიქრობდი,რომ ძალიან ლამაზი და უძიროა ცა ჩემს თავზე,თუმცა იქ ვერსად ვიპოვე ანგელოზები,როგორც ჩანს ისინი,მხოლოდ გულში ცხოვრობენ.მაგრამ რადგან ღრუბლებს საოცარი ფერები აქვთ ჩვენც ცაში ვეძებთ ანგელოზებს.ღრუბლები კი ფორმას იცვლიან და ბეღურების სახეს იღებენ.შემდეგ ფრთებს შლიან და მიფრინავენ ძალიან მაღლა, შორს.
რამდენჯერ ვცადე დამეწერა წიგნი და დავწერე.ვფიქრობდი,როდესაც ადამიანები წაიკითხავენ ჩემს წიგნს და ლამაზ მელოდიას მოისმენენ კითხვის დროს ეს იქნება ნამდვილი ხელოვნება.
ეს ჩვენ ვფიქრობთ,რომ ღრუბლები ფორმას იცვლიან და უსასრულოდ შორს მისცურავენ,თუმცა სინამდვილეში ისინი ერთ ადგილას დგანან.ეს ჩვენ ადამიანები ვართ რომანტიკოსები და გვიყვარს წარმოსახვა..ეს ძალიან კარგია.მახსოვს არსებობდა ერთი ქალი,რომელიც როდესაც ყავას ვსვამდით მეზობლები, გადაბრუნებული ყავის ჭიქით მკითხაობდა. არ იყო ცუდი ადამიანი,პირიქით ნამდვილი მეზღაპრე იყო.შემდეგ მე მას მხატვარი ვუწოდე,რადგან წარმოსახვით ყველაფერს ხედავდა და ყველაფერს აძლევდა – სახეს,თვალებს, გულს და ფერებს.ამბობდა რომ მოჰქროდა თეთრი რაში, რომელზეც ჩემი პრინცი იჯდა.ამბობდა რომ რაშს ულამაზესი ფაფარი ჰქონდა.ხედავდა რომ ჭიქის ფსკერზე ჩიტუნები ისხდნენ და საკენკს კენკავდნენ- საკენკი სიახლე იყო ჩემს ცხოვრებაში.ხედავდა რომ ადიდებული მდინარე მოჩქეფდა ჩემი სახლის წინ,მაგრამ მდინარეს იები და ყვავილები მოჰქონდა ჩემთვის. ხედავდა როგორ გამოვდიოდი სახლიდან ულამაზეს კაბაში ჩაცმული და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად მივუყვებოდი გზას.ამ გზაზე კი მხოლოდ პეპლებს ვხედავო ამბობდა.ლურჯი პეპლები დაფრინავენ თქვენს თავზეო.ცხოვრება მშვენიერიაო.შემდეგ მაინც აგრძელებდა ჭიქაში ყურებას და მხოლოდ სილამაზეს და სიკეთეს ხედავდა მასში.პირველად მაშინ მომინდა მეკითხა მისთვის: რატომ არ წერდა მოთხრობებს,რატომ არ იყო მწერალი.ვკითხე კიდეც,მაგრამ მან მიპასუხა,რომ ამისთვის დრო არ ჰქონდა.რომ ძალიან ბევრს შრომობდა ოჯახი, რომ ერჩინა. მწერლობა და მხატვრობა კი დიდებული ადამიანების საქმეაო – ფიქრობდა.
პირველად მაშინ დავრწმუნდი,რომ სულაც არ არის ხელოვნება დიდებული ადამიანების საქმე. უბრალო ადამიანსაც შეუძლია დაწეროს იმ სამყაროს შესახებ, რომელსაც გულით ატარებს.
ვფიქრობ როდესაც ადამიანი არ მუშაობს თავისი ნიჭის შესაფერისად,ის სადღაც ამ სამყაროში მაინც პოულობს პაწაწინა ადგილს,რომ იმ საქმეზე იფიქროს,რომელიც უყვარს.ზოგჯერ შეიძლება გაუცნობიერებლად დაიწყო საყვარელი საქმის კეთებ, რადგან ეს არის შენი გულის გამოძახილი.რადგან სამყარო არ დაგანებებს თავს,სანამ შენს მთავარ მიზანს არ იპოვი და არ გახდები ის ვინც ხარ! ამიტომ მოუსმინეთ სამყაროს და თქვენს გულს.. იმუშავეთ თქვენი ნიჭის შესაფერისად. ამას თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს, რადგან თითოეული ადამიანის გულში სამყაროს განსაკუთრებული ფერები აქვს,რომელიც აუცილებლად უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს.