მე -19 საუკუნის თურქეთში რომ მეცხოვრა , ალბათ მაშინაც ასეთივე ზღვას გადავიღებდი. ჩუმს , მონაცრისფრო-მოცისფროს , მიტოვებულსა და მდუმარეს , თუმცა მაინც იმედით სავსეს. იმ იმედით სავსეს , რომელიც გზაარეულ გემს გზას აპოვნინებს , მიტოვებულ ბერიკაცს პატრონს გამოუჩენს , შრომისგან დამჭკნარ თითებს კი უკანასკნელ წუთებში შვებას მოუტანს .
როცა ამ ფოტოებს ვუყურებ , ვფიქრობ რატომ რჩება ,ცხოვრების გარკვეული კადრები , შავ-თეთრად ჩვენს მეხსიერებაში. ალბათ იმიტომ , რომ ვიგრძნოთ ამ პერიოდის ტკივილი და გავითავისოთ. როცა ამ ფოტოებს ვუყურებ უდიდეს ტკივილთან ერთად , თავისუფლებისკენ სწრაფვას ვგრძნობ. თუმცა , რა შეიძლება ტკიოდეს ზღვას ? – მე თუ მკითხავთ , ბევრი ტკივილი აქვს ზღვას. ათასწლეულების მანძილზე , უამრავი ადამიანის შეფარებული სიცოცხლის ტკივილი … ნაადრევად გახარებული გემის კაპიტნის ტკივილი , რომელსაც ეგონა , შტორმს გადაურჩა … პატარა , სულ რამდენიმე წლის ბიჭუნას ტკივილი … სიმძიმის ტკივილი …
რამდენად მძიმეცაა უყურო ომს შენს კალთებში , იმდენად მძიმდება ტკივილები . მძიმდება და წლების მანძილზე იკრიბება , იკრიბება და ჩნდება სიშავე , სიშავე სიბნელეში , სწორედ ამ სიბნელეში გვიშავდება ზღვა , ბობოქარი და სიცოცხლის მოყვარული ზღვა .
რამდენ თავისუფლებას ჩაუვლია მის თვალწინ … რამდენი ადამიანის თავისუფალ ნებას …. ალბათ ჯინსების ბიჭების თავისუფლებასაც , ზღვის ტკივილები ითვლის . როგორ უნდა გწყუროდეს თავისუფლება ისე , რომ გაფრენით მართლა გაფრინდე და ცასაც მოუტანო ტკივილები …
ცა , ისიც მონაცრისფრო-მოცისფრო ფერია . სანამ საკუთარი თვალით ვნახავდი მეუბნებოდნენ , რომ სტამბულის ცა ყველაზე ლამაზი იყო . მწერლებიც ხშირად მოიხსენიებდენ ამ ცას , “ვარსკვლავთბიჭუნად”. ყოველთვის მაინტერესებდა რას ხედავდნენ მასში ისეთს , მთელი მსოფლიო რომ საუბრობდა . სტამბულს დილით ვეწვიე და მისი ნახვის სურვილით გაბრუებული , მოუთმენლად ველოდი შებინდებას . პატარა ძაღლივით ყელმოღერებული შევყურებდი ზეცას , პატრონისგან ულუფის გადმოგდებას რომ ელოდება . ძალიან მალე , გონებაში ამომიტივტივდა ყველა ის ფრაზა ,რაც კი წამიკითხავს და გამიგონია ამ საოცრების შესახებ. “ცა ქუდად მახურავს” – განცდით , ვიდექი ზღვის ნაპირთან და ორი უდიდესი სამყაროს აღქმასა და შედარებას ვცდილობდი . ჩემთან ძალიან ახლოს და ,ამავდროულად , საოცრად შორს იყო ორი სავანე . ზღვა – ხმელეთის გამგებელი , ცა კი – უსასრულობისა . ულამაზესი უსასრულობის , რომელიც წამიერად ამუნჯებს ადამიანებს თავისი ჯადოსნურობით. ერთმანეთს ნაზად შერეული თეთრ-ცისფერ-ნაცრისფერი ფერებით შექმნილი ჯადოსნურობა , წვრილ-წვრილად დაყრილი ყვითელი კოპლებითა და მოვერცხლილი ჭაღარა თმებით …. ასეთია ჩემი სტამბულის ცა … ჩემთვის საყვარელი მწერლების ნაქები ცა ….
ავტორი – ნია პატარაშვილი