Skip to content

ზოგი იმისთვის იბადება,რომ მდინარის პირას იჯდეს

„ ზოგი იმისთვის იბადება, რომ მდინარის პირას იჯდეს,ზოგს მუსიკალური სმენა აქვს,ზოგი მხატვარია,ზოგიც ცურავს,ზოგს ღილების საქმე ესმის,ზოგმა შექსპირი იცის,ზოგი უბრალოდ დედაა,ზოგი კი ცეკვავს „  –  ( ფილმიდან „ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე.“) 

–   ეს სიტყვები  პირველად რომ მოვისმინე, ხელი  ქაფიანი წყლით მქონდა დასვრილი და იატაკს ვხეხავდი. ჩემი მეუღლე უყურებდა ფილმს, რომელიც ძალიან საინტერესო ჩანდა, მაგრამ რადგან უამრავი საოჯახო საქმე უნდა მომეწესრიგებინა,  დრო არ მქონდა  გვერდით ჩამოვჯდომოდი და მასთან ერთად  ტელევიზორისთვის მეყურებინა. თუმცა იმ წუთებში ამ  საოცარმა სიტყვებმა მაგიური ზეგავლენა მოახდინეს ჩემზე. დავიმახსოვრე ფილმის სახელი, დავდე იატაკის ტილო ძირს, მოვიწმინე შუბლიდან ოფლი და დავფიქრდი. მივხვდი, ეს იყო  ფრაზა, რომელიც   ყოველთვის  მინდოდა აღმომეჩინა: წიგნებში, პოეზიაში, სევდიან მელოდიებში და ადამიანებშიც კი. ამიტომ  ამ  სიტყვების საშუალებით, მე ზუსტად გავიაზრე ჩემი ცხოვრების  მთავარი მიზანი. მე  ხომ  ყოველთვის ნამდვილი მეოცნებე ვიყავი. ბავშობიდან  მიყვარდა მდინარის პირას ყოფნა და მთელ დღეებს  ოცნებებში ვატარებდი. მდინარის ანარეკლში, როდესაც საკუთარ თავს ვუყურებდი, ვხედავდი გოგონას, რომელსაც შეეძლო  ყველაფრისთვის მიეღწია ცხოვრებაში, მაგრამ  თმებში  მხოლოდ გვირილები  მქონდა  ჩაბნეული. ეს არ მომწონდა, რადგან მინდოდა უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, ამიტომ “შიმშილის თამაშების” მთავარ პერსონაჟს –   ქეთნისს  ვბაძავდი და როგორც მას ჰქონდა, ისეთ ვარცხნილობას ვატარებდი.  საოჯახო საქმეებს მოვრჩებოდი  თუ არა, ნაწნავს გვერდზე ვიკეთებდი და უშიშრად დავეხეტებოდი  ჩემი სოფლის ორღობეებში.

  სახლისგან მოშორებით, ორ მთას შუა, მოედინებოდა მდინარე   რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ  სევდიანი ქალების  მდინარე უწოდეს. სოფელში ქალები უფრო ხშირად დარდობდნენ ვიდრე მამაკაცები და მოხუცები, ამიტომ   მდინარის პირას ხშირად ისხდნენ   ქალები, რომლებიც დედა – ბუნებას  უყვებოდნენ თავიანთ ამბებს.  ზოგჯერ ისინი  მდინარის  სიღრმეებში  ეშვებოდნენ, კალაპოტამდე  მისცურავდნენ და თევზებსა და  წყალმცენარეებს  უამბობდენ  თავიანთ   გულისტკივილს. ბუნებას ყველაზე კარგად ესმოდა მათი ტკივილი  და  შეეძლო ლოდებად ექცია სამუდამოდ  მათი დარდი. ამიტომ მეც ხშირად  ვიჯექი მდინარის პირას.  ბუნება ჩვენს ფიქრებს   ყოველთვის ინახავს   ფოთლებში, ხეებში და გამოქვაბულებშიც კი. ფიქრები კი  ზოგჯერ ყოფით პრობლემებს დასტრიალებენ თავს, ზოგჯერ საყვარელი ადამიანის წერილებს ვკითხულობთ, ზოგჯერ კი  პირიქით –  სიყვარულისგან ორად გვაქვს  გაპობილი გული.   და     რამდენი ფოთოლიც სცვივა შემოდგომაზე ხეებს, რამდენი ვარსკვლავია ცაზე და რამდენი ქვიშაა ზღვის ნაპირზე მიმოფანტული, სწორედ იმდენივე     დარდს  დაატარებენ ყოველდღე ქალები გულით.

 ამიტომ   პაულო კოელიოს რომანი „რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი“ ‘რომ წავიკითხე  –  მოვიწყინე. წარმოვიდგინე – ავტორმა იმოგზაურა ჩვენს სოფელში, ამოიკითხა ჩვენი გულის ამბები და წიგნად გამოსცა ყველაფერი, რასაც  ასე ვუფრთხილდებოდი-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, მწერლების და ჩვეულებრივი ადამიანების ნააზრევი  ხშირად ემთხვევა  ერთმანეთს და ამაში  გულდასაწყვეტი არაფერია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია    გულწრფელად  გაუზიაროს სხვებს თავის  გულისნადები. და თუ   ყურადღებიანი და მგრძნობიარე ადამიანი ხარ, ყოველდღე ადევნებ  ტყეებისა და მთების ცხოვრებას თვალს, ადვილად შესძლებ გაცილებით მეტი დაინახო სამყაროში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით არის შესამჩნევი. მე კი ყველაფერი  მდინარის პირას აღმოვაჩინე. ვიწექი და ადამიანების ფიქრებს ვისმენდი. შემდეგ ლეპტოპში ვწერდი პოსტებს და ვცდილობდი სხვების ამბები,   როგორმე მიმეტანა ერთმანეთის გულებამდე. ტყე  კი ყოველთვის  სავსე  იყო მშვენიერი განცდებით. ეს მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში: ქალაქში, კორპუსებში და ოფისებში სხედან ადამიანები მოწყენილი სახით  და იშვიათად გამოსდით  აღმოაჩინონ  ათასი საოცრება გარშემო, რადგან   ყოველდღიურ საზრუნავში არიან   ჩაფლულნი.  სინამდვილეში  ადამიანი თავად არის  ერთი დიდი საოცრება: თავისი სარკმლებით, თავისი ცითა და ქუდით. ის ყველაზე დიდი საიდუმლოა დედამიწაზე  და მას შეუძლია თავისი გულისთქმა გამოხატოს ყველაფერში. შეუძლია წავიდეს მდინარის პირას, უამბოს წყალს  თავისი ფიქრი. შეუძლია დაწეროს მუსიკა, ამოხსნას სამყაროს ყველა საიდუმლო და არასოდეს დაივიწყოს, რომ  მხრებზე  აქვს ფრთები, რომლის საშუალებით შეუძლია გადაიფრინოს ყველა მწვერვალი. მერე კი  ისე უბრალოდ სხედან ასეთი ადამიანები ერთმანეთის გვერდით  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე უბრალოდ მიყვებიან ქუჩაში ერთმანეთს მხარდამხარ, თითქოს  მხოლოდ  ყოფითი პრობლემებით ჰქონდეთ გული სავსე. ჩვენ რატომღაც  ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან,მეგობრებთან,  ისე ვიქცევით  თითქოს   უბრალო, ცარიელი   ადამიანები ვიყოთ და ვცდილობთ დავმალოთ სამყარო, რომელიც დიდი ხნის წინათ აღმოვაჩინეთ საკუთარ გულში. თითქოს გვეშინია წაიკითხავენ სხვები ჩვენს ფიქრებს და დაგვცინებენ, შეშურდეთ ან უბრალოდ  ვერ გაიგებენ ჩვენს ამბავს.

 ჰოდა წარმოიდგინე  მკითხველო, ვწევარ ბალახებში და მიხარია სიცოცხლე. ცხოვრებაზე ვფიქრობ,ნელ-ნელა ვაცნობიერებ ჩემს მიზანს და გეგმებს ვაწყობ.  ამ დროს კი გადმომძახებენ მთებიდან ჩემები, ისევ მანდა ხააარ ? დაბრუნდი! მე კი არ მინდა წასვლა. დავკრიფავ ყვავილებს, დავიყრი ხელის გულზე, დავხუჭავ თვალებს და ჩემს სამყაროში ვიძირები. ამბობენ, ადამიანი აუცილებლად მხიარული უნდა იყოსო, ეს ძალიან კარგია , მაგრამ იმდენ რამეს ჩახატავენ ღმერთები ჩვენში, იმდენ მდინარეს, მთებს და ზღვებს დავიმეგობრებთ, რომ შემდეგ მათზე დარდით გვიღამდება თვალები.

ადამიანი: კაცი იქნება ის თუ  ქალი, უფრო დიადი მიზნისთვის იბადება ვიდრე   ყოველდღიურ ცხოვრებაში   ეს ერთი შეხედვით ჩანს. ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია , დაწეროს, დახატოს  ან შექმნას ის, რასაც  უკავია განსაკუთრებული ადგილი  მის გონებაში. შეიძლება ადამიანმა იმდენი სიკეთე გააკეთოს, რომ სამყაროში  ბედნიერების ახალი  ეპოქა შექმნას.  თითოეული ჩვენთაგანი ძალიან საინტერესო სამყაროს დაატარებს გულით, მაგრამ  ჩვენ ყოველთვის  არ ვიცით რა  უნდა ვაკეთოთ ჩვენს საყვარელ დედამიწაზე და ხშირად უმისამართოდ დავეხეტებით. ადამიანმა უნდა ეძებოს თავისი ცხოვრების მიზანი, უნდა აღმოაჩინოს ის   ნიჭი და უნარი საკუთარ თავში, რომლის დახმარებითაც   სამყაროს შეცნობას შესძლებს. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იცხოვროს იმისათვის რომ იპოვნოს და შემდეგ ემსახუროს იმ საქმეს, რომელიც არის მისი სულის გამოძახილი. ჩვენ აუცილებად უნდა ვაკეთოთ  საქმე,რ ომელიც ღმერთებმა დაგვავალეს. ამ დავალებებს ადვილად ცნობენ ადამიანები.  რადგან საყვარელი საქმეები ყველას  ჩაწერილი  გვაქვს გულში და ადამიანები გიჟდებიან ისე ახარებთ ამ საქმეების სიმრავლე. ამაყობენ რომ აქვთ: მუსიკის ნიჭი, რომ შეუძლიათ დახატონ სიურრეალისტური ნახატები, ან  უბრალოდ შეუძლიათ  რამდენიმე ენაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ  იშვიათად ვიყენებთ ჩვენს   რეალურ  შესაძლებლობებს. მთავარია მივხვდეთ რომ  წარმატებისთვის აუცილებელია არა მარტო ნიჭიერება, არამედ შრომისმოყვარეობა. ჩვენ აუცილებლად  უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიკითხოთ წიგნები და  ვისწრაფოთ განვითარებისკენ. თუ  ადამიანი იპოვის  თავის   საყვარელ საქმეს,  ყოველთვის  იქნება ოპტიმისტურად  განწყობილი  ყველაფრის მიმართ.

ვიცი, ცხოვრება არ არის ყვავილებით მოფენილი და დასაწყისში საყვარელი საქმე, ყოველთვის არ არის “სარფიანი,” ადამიანს კი    სჭირდება საარსებო მინიმუმი, რომ  თვიდან -თვემდე როგორმე  გაიტანოს თავი,  მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველდღე მეტი იმუშავე, ყოველდღე თითო აგური დადე ერთმანეთზე, არ შეუშინდე მარცხს და იმედგაცურებას. ყოველთვის უნდა შეგეძლოს  შექმნა პატარ-პატარა დეტალები, რომელსაც შემდეგ  ჭანჭიკებივით   მიამაგრებ  შენს  საყვარელ –  გემს, ხომალდს თუ ოკეანეს. ეცადე   დანიშნულების ადგილამდე  მიიტანო  სამშენებლო მასალები და ერთ  დღეს, წლებისა და თუნდაც “საუკუნეების” შემდეგ   –  შუა მინდორში, მდინარეში ან ყველაზე მაღალ მთაზე, დაინახავ სასახლეს, რომელიც  საკუთარი ხელით  ააშენე. დამეთანხმები, ასეთ ბაღნარში ცხოვრებას   არაფერი არ უნდა სჯობდეს!