Skip to content

დისლექსია ბავშვებში

დისლექსია ბერძნული სიტყვაა: dis ნიშნავს მცირეს, lexis ნიშნავს სიტყვებს.დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს და დასწავლის განსხვავებულ კანონზომიერებას. ეს არ არის დაბალი ინტელექტის შედეგი. იგი არც ქცევით, მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დისლექსიის მქონე ბავშვებს სმენაც და მხედველობაც წესრიგში აქვთ.

„დისლექსიის საერთაშორისო ასოციაცია“ (IDA) დისლექსიას ასე განმარტავს: „დისლექსია არის სწავლების (დასწავლის) სპეციფიკური დარღვევის სახეობა, რომელსაც გააჩნია ნევროლოგიური ბუნება. ის ხასიათდება სიტყვების სწრაფი და უტყუარი ამოცნობის უუნარობით, დეკოდირების განხორციელებისა და სპელინგის უნარ-ჩვევების ათვისების უუნარობით“.

დისლექსია ვლინდება კითხვის პროცესის დაუფლების შენელებაში, აგრეთვე წაკითხვის ნელ ტემპში არა საკმარის და დაბალ სისწრაფეში. დისლექსიის უფრო მნიშვნელოვან გამოვლენად ითვლება კითხვის დროს სპეციფიკური შეცდომების  მუდმივი გამეორება.

დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები: სიტყვის ბგერით და დამარცვლით სტრუქტურის დამახინჯება, კითხვის დროს მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა, ზედმეტი ბგერების წარმოთქმა. სიტყვის მხოლოდ დაცალკევებული ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებული ბგერებად წარმოთქმა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება. დისლექსია დგინდება ბავშვის მიერ მისთვის ახალი უნარ-ჩვევის  დაუფლების პროცესის ანალიზის შედეგად. კითხვის დაუფლების საწყის ეტაპებზე შეცდომებს უშვებს ყველა ბავშვი, მაგრამ თუ სხვა მოსწავლეები შედარებით სწრაფად თავისუფლდებიან ყველა, მათ შორის სპეციფიკური, ხასიათის შეცდომებისგან, დისლექსიის მქონე ბავშვები ხანგრძლივად, ზოგჯერ თვეებისა და წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ამ შეცდომებს.

კითხვის გარდა ბავშვებს პრობლემები ექმნებათ სივრცეში ორიენტაციისას (უჭირთ ჰორიზონტის მხარეების, საათის ცნობა); სირთულეები იჩენს თავს თანმიმდევრული მოქმედებების შესრულებისას, არ აქვთ განვითარებული მექანიკური დამახსოვრება. ასევე პრობლემებია წერის სწავლისასაც. კერძოდ:

  • მათ მიერ დაწერილი წინადადებები ძალზედ მოკლეა;
  • მათ ბევრი დრო სჭირდებათ წერისას;
  • ისინი არ იყენებენ სასვენ ნიშნებს არ ტოვებენ მანძილებს სიტყვებს შორის, სცილდებიან ხაზებს;
  • ტექსტში ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვაგვარად წერენ.
  • დისლექსია შეიძლება  დამახსიათებელი იყოს ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა.

სწავლის უნარის დარღვევის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები და მიზეზები მოცემულია ქვემოთ:

ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტი: ვლინდება იმაში, რომ თავის ტვინში ვერ ხერხდება სხვადასხვა არხებიდან, გარემოდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირება და კონკრეტულ სიტუაციაში მისი შესაბამისი გამოყენება.

გარემოს მავნე ზემოქმედებები: სწავლის უნარის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ჰაერისა და წყლის ეკოლოგიურმა დაბინძურებამ, მავნე ნივთიერებების დედაზე და ნაყოფზე ზემოქმედებამ, ინფექციებმა. ეკოლოგიურმა დაბინძურებამ შეიძლება იმოქმედოს ბავშის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე.

გენეტიკური ფაქტორი: გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სწავლის უნარის დაღვევის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებსაც მსგავსი დარღვევები ჰქონდათ.

ცაციობა და ალერგიული დაავადებები ხშირადაა დაკავშირებული სწავლის პრობლემებთან.

თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი: მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დარღვევა. (მაგალითად, ჩვეულებრივ კითხვის სწავლის საწყის ეტაპზე, როდესაც ხდება ასოების აღქმა და გარჩევა, დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ხდება ასოებისა და სიტყვების ბგერითი გარჩევა, დომინირებს მარცხენა ჰემისფერო. კითხვის დარღვევის დროს  კი დარღვეულია მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს მუშაობის  სტრატეგიები.

მიიჩნევა, რომ დისლესიისას ადგილი აქვს ტვინის მცირე დისფუნქციას. მცირე დარღვევა ლოკალიზებულია ტვინის უბანში Planum temporal, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ქერქის სმენის ზონაში. ჩვეულებრივ, Planum temporal უფრო ფართეა ტვინის მარცხენა ჰემოსფეროში. დისლექსიის შემთხვევაში კი აღნიშნული უბნები თანაბარი ზომისაა. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ კითხვა, ხშირად აქვთ სწრაფი მეტყველების გაგების, კერძოდ კი ფონემების გარჩევის პრობლემა (Hynd, Marshal &Gonzalez, 1991).

რაც შეეხება ფერის, ფორმისა და მოძრაობის აღქმას, ამ დროს აქტიურდება ტვინის ქერქის მხედველობის ზონა. მეცნიერებმა დაადგინეს (Eden et al, 1996), რომ კითხვის პრობლემების მქონე ადამიანებთან არ აქტიურდება აღნიშნული ზონა.

სამაგიეროდ ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში მარჯვენა ჰემისფეროს დომინირების გამო კითხვის პრობლემის მქონე ბავშვები გამოირჩევიან შემოქმედებითი აზროვნებით, წარმოსახვის კარგი უნარით, ხატვის ან მუსიკალური ნიჭით.

როცა პრობლემა უპირატესობაა…

აინშტაინი, ლეონარდო და ვინჩი, ნიუტონი და ფარადეი ძალიან ცუდად კითხულობდნენ და არითმეტიკასთანაც მწყრალად იყვნენ.

აინშტაინი ცუდად სწავლის გამო სკოლიდანაც გააგდეს. ამის მერე ბიჭუნას აღზრდას ბიძამ მოკიდა ხელი, რომელიც ხედავდა, რომ ბავშვი ლამის ჩვილობიდან ავლენდა ფიზიკისადმი ინტერესს. სწავლა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ გენიოსობა ხომ ისაა, რომ მსოფლიო აიძულო გადახედოს დადგენილ წესებს, და განავითარო.

ეს გენიოსები ძლიერი წარმოსახვითი და სივრცითი აზროვნების უნარით იყვნენ დაჯილდოვებულნი. ეს უნარები დაეხმარათ მათ დიდი აღმოჩენების გაკეთებაში.

ცნობილმა დისლექსიკმა და დისგრაფიკმა (კითხვისა და წერის უუნარობა) ედისონმა ფონოგრაფი გამოიგონა, რათა ინფორმაციის გადმოცემის ეს მტანჯველი ხერხები თავიდან აეცილებინა.

დისლექსია მხოლოდ მეცნიერთა პრობლემა არ არის. ჰოლივუდის ბევრმა ვარსკვლავმა ნორმალურად კითხვა და ანგარიში არ იცის. ამიტომ როლებს ხმით სწავლობენ. ვინ არიან ეს ცნობილი მსახიობები? სალმა ჰაიეკი, კინუ რივზი, ვუპი გოლდბერგი, მერილინ მონრო, ტომ კრუზი, გაი რიჩი, შერი, დასტინ ჰოფმანი…

სამსახიობო ხელოვნება ის სფეროა, რომელიც დისლექსიკებს, დისგრაფებსა და დისკალკულიტებს (ანგარიშის უუნარობა) თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. როგორ წესი, ასეთი ხალხი შემოქმედებითად კარგად არის განვითარებული. მათ წარმატებაში კი მშობლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით – მათ შეძლეს და თავიანთ პრობლემიან შვილებში ძლიერი მხარეები დაინახეს, შემდეგ კი განავითარეს ეს ძლიერი მხარეები.