Skip to content

დედამიწა – ყველაზე მშვენიერი წიგნია !

1. ადიდება მდინარე,გაზაფხული მოვა. შემდეგ თვალისდახამხამებაში გადაყვითლდება მდელო,დამწიფდება პურის ყანა.ჩაალაგებენ ადამიანები ზურგჩანთაში წიგნებს,წაიღებენ საგზალს, ჩაწვებიან სადღაც, რომელიღაც  ოქროსფერ მინდორში და დაიწყებენ კითხვას.კითხვის პროცესში კი უამრავ საოცრებას  აღმოაჩენენ გარშემო. გაიგონებენ ღმერთის ხმას  სინას მთაზე და  რამდენჯერმე გადაფურცლავენ მცნებებს, გაჰყვებიან  მოგვებს  ბეთლემში და გაახარებთ  გამოქვაბულის თავზე შობის ვარსკვლავის ხილვა. მერე მოულოდნელად ამოვარდება ქარიშხალი,ორად გაიხლიჩება ზღვა,მაგრამ დაინახავენ ადამიანები  ზღვის ტალღებზე მოსიარულე მაცხოვარს და   ერთდროულად დაიჯერებენ ყველაფერს.ამდენი რამის დაჯერება კი მხოლოდ კარგი წიგნების კითხვით არის შესაძლებელი.

2.წიგნების კითხვა ყველას გვიყვარს. ჩავწვებით მწვანე, ხასხასა მინდორში და  თუ  წიგნში ჩაწერილი აზრები მოგვეწონა, დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ  თუკი მოვინდომებდით ჩვენც შევძლებდით   დაგვეწერა ასეთი წიგნები.

3.ყველაზე მშვენიერი წიგნი დედამიწაა,რომელსაც ყოველ წელს თავიდან  ჭირდება ახალი საღებავი,რადგან ერთფეროვნებაში ჩაფლულმა ადამიანმა სამუდამოდ არ დაკარგოს სილამაზის განცდის უნარი.ამიტომ ღმერთი ყოველდღე თავიდან  ხატავს ხეებს და მთებს,  მინდვრებს და მდინარეებს. მწერლები კი  დაუფიქრებლად იწერენ  ყველაფერს  ღმერთის  გულიდან.

4.წიგნი მწერლის გულში იბადება,ყველა წიგნში ყვავიან  ყვავილები და შრიალებენ ტყეები.ასეთ მშვენიერ ბუნებაში მკითხველს არაფერი აინტერესებს კითხვის მეტი. კითხულობ და ნატრობ:ნეტავ შენს ცხოვრებასაც  ასე მხატვრულად დაწერდეს ღმერთი,ნეტავ შენც გექნებოდეს  ასეთი საინტერესო ცხოვრება,საოცარი  თავგადასავალით  სავსე.

5.საინტერესოა, როგორ ქმნიან მწერლები ნაწარმოებს,მათ  არასოდეს უნახავთ ის სიუჟეტები,რომლის შესახებ უამბობენ მკითხველს. მაგრამ შეხედეთ როგორ ლამაზად არის აღწერილი სხვადასხვა ამბავი.როგორი გულშიჩამწვდომია სიყვარულის შესახებ დიალოგები. ისე მკაფიოდ აღწერენ ბუნების საოცარ მოვლენებს მწერლები,თითქოს ტელევიზორის ეკრანზე  ხედავდნენ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო.როგორ მკაფიოდ  ციმციმებს ცისკრის ვარსკვლავი რომელიღაც გალაკტიკაში და წყალდიდობის შემდეგ,როგორ უბრუნდება  მდინარე თავის კალაპოტს.  ვფიქრობ მწერლები  ღმერთის მიერ უხსოვარ დროში ჩვენს   სულში  ჩაწერილ აზრებს ხედავენ. აი რა არის  მთელი ცხოვრება –   შენში ჩაწერილი აზრების ამოცნობა.

6.მაინც ვერ მივხვდი,რომელია უფრო დიდი სიამოვნება:წიგნების წერა,თუ  სხვა ავტორების  მიერ  დაწერილი წიგნების კითხვა. იქნებ ორივე ერთად.რადგან  როდესაც წიგნს წერ საკუთარ სამყაროს ეცნობი, ხოლო  როდესაც სხვის დაწერილ წიგნებს კითხულობ კვლავ საკუთარ სამყაროში იძირები.

7.ლიტერატურული თვალსაზრისით, რაიმე ღირებული რომ შექმნა , აუცილებლად უნდა გრძნობდე საკუთარ უპირატესობას. ერთხელ მაინც უნდა დადგე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და ანგელოზად იქცე.

8. წერა ეს არის ჩამოსვლა თეთრი ხომალდიდან,რომელიც ცისკენ მიფრინავს. სიტყვების საშუალებით მწერალი უცნობი ადამიანების ნამდვილი მეგობარი ხდება.

9.ყველა მწერალს აქვს თავისი ოქროსფერი ყანა,რომლის თავთავები  –    წიგნებისგან  განსწავლული  მკითხველები არიან.

10. ამიტომ მეც მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ მეშინოდა ჩემს გულში დაგროვილ ამბებს ვერ გადმოვცემდი ისე როგორც საჭიროა, როგორც განვიცდი და მიყვარს.ამ შიშით ვცხოვრობდი.  მაგრამ  მაინც ყველგან ვწერდი:ფურცლებზე,ხეებზე,ფოთლებზე. შემდეგ მივხვდი,საერთოდ არაფრის არ უნდა გეშინოდეს.ამიტომ  ჩემი გვირილებით სავსე ჩანთა, მაღალ კლდის ქიმზე ავიტანე და იქ დავტოვე.ახლა ვიცი, ყველაფერს დედა-ბუნება გასცემს პასუხს.